ფეხბურთი

18:44 | 29.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ვიტ ჯორჯია" წინ მიიწევს, ხონელებმა ლიდერს ექვსჯერ გაუტანეს

გაიმართა პირველი ლიგის მორიგი ტური, 8 მატჩში 22 გოლი გავიდა და აქედან უმეტესობა შეხვედრაში მთავარი მოვლენები მეორე ტაიმებში განვითარდა. "თეთრ ჯგუფში" ერთი უცნაური ანგარიში გამოერია: ხონის "იმერეთმა" 6:0 გაანადგურა ლიდერი წყალტუბოს "სამგურალი".

ხონელებს გამოცდილი ფეხბურთელების კრებული ჰყავთ, გიორგი ქუცურუამ და ალექსანდრე კოშკაძემ უგოლოდ არ დატოვეს მინდორი. ქუცურუამ სულაც დუბლი მიითვალა.

"სამგურალს" ქულებით გაუთანაბრდა კახი გოგიჩაიშვილის გაწვრთნილი "მეშახტე", რომელმაც აუტსაიდერ "მარკ სტარს" სტუმრად 3:1 აჯობა. ტყიბულელებმა გადამწყვეტი გოლები ბოლო 18 წუთში გაიტანეს.

საინტერესო იყო ფეხბურთის ფედერაციისგან დასჯილი გუნდების დაპირისპირება: მარტვილის "მერანმა" "რუსთავს" სტუმრად ლაშა ჩალაძის გოლით მოუგო. რუსთაველები მესამე ადგილზე დარჩნენ, მარტვილელები კი - მეექვსეზე. "ჩხერიმელასა" და "ლიახვის" დაპირისპირება 1:1 დასრულდა, ორივე გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილშია და სავარაუდოდ, მეშვიდე-მერვე პოზიციებს ვეღარ ასცდებიან.

"წითელ ჯგუფში" შეუჩერებელია "ვიტ ჯორჯია" და დიდი ალბათობით, პირველ ადგილს ვერავინ წაართმევს. თენგიზ კობიაშვილის გუნდმა "ჭიათურას" 3:0 მოუგო, არადა, პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

"გაგრა"-"სულორი" უგოლოდ სრულდებოდა, მაგრამ ბოლო წუთებზე ნიკოლოზ ჯიშკარიანის გატანილმა გაგრელებს მოაგებინა და გუნდი მეორე პოზიციაზე დამკვიდრდა. "ბორჯომს" შინ გაუჭირდა წალენჯიხის "სქურთან", აგებდა კიდეც, მაგრამ ორი გოლი გაიტანა, აქედან, ილია პავლიაშვილმა გადამწყვეტი ბოლო წუთზე მიითვალა - 2:1. ბორჯომელები მესამეზე არიან.

აი, "საპოვნელას" კი მწვრთნელის შეცვლამ ვერ უშველა. თემურ მახარაძის გუნდმა შინ 0:2 წააგო "ოდიში1919"_თან და ბოლოსწინა ადგილზე დარჩა.

თეთრი ჯგუფი (ხობის კოლხეთი ისვენებდა)

ჩხერიმელა (ხარაგაული) - ლიახვი (ცხინვალი) 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 ოკრიბელაშვილი (33, ავტ), 1:1 გაბუნია (50 პენ)

მარკ სტარსი (თბილისი) - მეშახტე (ტყიბული) 1:3 (1:1)

გოლები: 0:1 ბაჯელიძე (30), 1:1 ბეროშვილი (41), 1:2 ხინთიბიძე (72 პენ), 1:3 ჯობინაშვილი (77)

რუსთავი - მერანი (მარტვილი) 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ჩალაძე (33)

იმერეთი (ხონი) - სამგურალი (წყალტუბო) 6:0 (3:0)

გოლები: 1:0 როსტიაშვილი (12), 2:0 ჭკუასელი (31), 3:0 მარონგი (37), 4:0 ქუცურუა (71), 5:0 კოშკაძე (73), 6:0 ქუცურუა (80)

წითელი ჯგუფი (გარდაბანი ისვენებდა)

საპოვნელა (თერჯოლა) - ოდიში 1919 (ზუგდიდი) 0:2 (0:0)

გოლები: 0:1 ქირია (63), 0:2 ცოტნე სამუშია (73)

ბორჯომი - სქური (წალენჯიხა) 2:1 (1:1)

გოლები: 0:1 შელია (27), 1:1 ბურძენაძე (35 პენ), 2:1 პავლიაშვილი (90)

გაგრა - სულორი (ვანი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ნიკოლოზ ჯიშკარიანი (87)

ჭიათურა - ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:3 (0:0)

გოლები: 0:1 გურამ გურეშიძე (59), 0:2 ლებანიძე (66), 0:3 ღირდალაძე (79)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118787