ფეხბურთი

1:06 | 26.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" გალიდერების შანსი ქარს გაატანა (+VIDEO)

სამი დღის წინ ტურინის “იუვენტუსით” დამარცხებით “მილანმა” დიდი მუხტი მიიღო და ყველამ იმაზე დაიწყო მსჯელობა, რომ “როსონერის” შავი დღეები წარსულს ჩაბარდა. რა თქმა უნდა, ერთი მატჩით დასკვნების გამოტანა ყოველთვის ნაადრევია, მაგრამ ვინჩენცო მონტელას გუნდს ბოლო პერიოდში პროგრესი მართლაც ჰქონდა.

მეათე ტური გენუაში სწორედ “მილანის” მატჩით გაიხსნა, რომელიც “ჯენოას” ესტუმრა – ლომბარდიულ გრანდს რომ მოეგო, მართალია ერთი დღით, მაგრამ მაინც ერთპიროვნული ლიდერი გახდებოდა და ასეთი რამ 5 წლის შემდგომ პირველად მოხდებოდა, თუმცა...

“როსონერიმ” “ლუიჯი ფერარისზე” სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა და განადგურდა – 0:3. არავინ იცის, რა მოხდა შავ-წითელთა თავს, მაგრამ რეალურია, რომ ვიფიქროთ, წნეხს ვერ გაუძლეს ფეხბურთელებმა. ასეთ მტკივნეულ მარცხში სწრაფმა გოლმაც ითამაშა დიდი როლი – სერბმა ნიკოლა ნინკოვიჩმა მე-11 წუთზე შეგადო მისთვის სადებიუტო გოლი იტალიის ჩემპიონატში. მიუხედავად იმისა, სტუმრები ცდილობდნენ ღირებული შეექმნათ მოედანზე, არაფერი გამოუვიდათ. მეორე ტაიმის დასაწყისში კი, გაბრიელ პალეტას გაძევებამ ყველაფერი ცხადჰყო. სხვათა შორის, პალეტა ერთადერთი ფეხბურთელია მიმდინარე სერია ა-ში, რომელმაც უკვე ორჯერ მიიღო წითელი ბარათი.

მატჩის ბოლოს მასპინძლებმა კიდევ ორჯერ იხეირეს: ჯერ ექსჯენოელმა იურაი კუცკამ მიითვალა ავტოგოლი, ხოლო წერტილი ლეონარდო პავოლეტიმ დასვა, რომელიც “ჯენოას” საუკეთესო ბომბარდირია, მაგრამ ტრავმის გამო სეზონის დასაწყისი მთლიანად გაუცდა და მოედანზე დაბრუნება ჩინებული გოლით აღნიშნა.

მოკლედ, “მილანი” ვერ გალიდერდა და კვლავინდებურად მესამე ადგილზე დარჩა. ოთხშაბათს ტურის დანარჩენი მატჩებიც გაიმართება.

“ჯენოა” – “მილანი” 3:0 (1:0) VIDEO

გენუა, “ლუიჯი ფერარისი”

მაყურებელი: 21 000

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; იცო, ბურდისო, მუნიოსი; ედენილსონი (ფიამოცი 78), რინკონი, ველოზუ, ლაქსალტი; რიგონი, სიმეონე (პავოლეტი 67), ნინკოვიჩი (ლაზოვიჩი 54)

მწვრთნელი: ივან იურიჩი

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; პოლი, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი, ბონავენტურა; ჰონდა (ლუის ადრიანო 62), ბაკა (გომესი 58), ნიანგი (სუსო 70)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

გოლები: 1:0 ნინკოვიჩი (11), 2:0 კუცკა (80, ა.გ), 3:0 პავოლეტი (86)

გაფრთხილება: იცო (40), პავოლეტი (74), ველოზუ (85)

გაძევება: პალეტა (56)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 5 (3) – 10 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: ლუკა ბანტი

0.233316