ფეხბურთი

0:59 | 24.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რომა" სკუდეტოს უმიზნებს, "ინტერი" - სერია B-ს (+VIDEO)

სერია A-ს მეცხრე ტურის შემდგომ სკუდეტოსთვის ბრძოლა დაიძაბა. „იუვენტუსის“ წაგებით „რომამ“ მშვენივრად ისარგებლა და ქულათა სხვაობა ორამდე შეამცირა. „ჯალორისიმ“ ტურის დასკვნით მატჩში სიცილიურ „პალერმოს“ ადვილად აჯობა - 4:1. ისე როგორ იქნებოდა, მორიგი გოლი არ გაეტანა ბოსნიელ ედინ ჯეკოს, რომელსაც მიმდინარე სეზონში უკვე რვა გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავას ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ჯეკოს შარშან ამდენი გოლი მთელ სეზონში არ გაუტანია. მის გარდა, „მგელთაგან“ თავი ლეონარდო პარედესმა, მოჰამედ სალაჰმა და სტეფან ელ შაარავიმ გაიტანეს. სხვათა შორის, „ფარაონიც“ იბრუნებს კარგ ფორმას და ბოლო ორ მატჩში მესამედ შესძლო თავის გამოჩენა. ახლა, „რომა“ „მილანთან“ ერთად იყოფს მეორე-მესამე ადგილს და „იუვეც“ ორივეს მიზანში ჰყავთ ამოღებული.

როგორც იქნა, ზედიზედ სამმატჩიანი წარუმატებელი სერია დაასრულა ამბიციურმა „ნაპოლიმ“ - ეს მოსალოდნელიც გახლდათ, რადგან ნეაპოლელთა მეტოქე ღრმა აუტსაიდერი „კროტონე“ იყო. მაურიციო სარის შეგირდებმა პირველივე ტაიმში მოაგვარეს ყველაფერი ხოსე კალეხონისა და მაკსიმოვიჩის გოლებით. თუმცა, ვთქვათ, რომ მანოლო გაბიადინის გაძევების გამო, სტუმრებს საათი მოუწიათ რიცხობრივ უმცირესობაში თამაში. და მაინც, კალაბრიელებმა ვერაფერი გააწყევს და მხოლოდ ის შესძლეს, ბოლო წუთზე ალეანდრო როზის გოლით ანგარიში დაესველებინათ.

თუ „ნაპოლიმ“ ასე თუ ისე მოიგო, მილანის „ინტერი“ კატასტროფის ზღვარზეა და უკვე მე-14 ადგილამდე დაქვეითდა. ფრანკ დე ბურის მომავალი კი ბურუსით უნდა იყოს წესით მოცული. „ნერაძურიმ“ ზედიზედ მესამე თამაში ბერგამოში წააგო - „ატალანტამ“ მშვენივრად იბურთავა და „ატლეტი აძურიზე“ შეკრებილი ტიფოზერია გაახარა. სხვათა შორის, „ინტერნაციონალეს“ კაპიტანმა მაურო იკარდიმ მორიგი უსახური შეხვედრა ჩაატარა და კარშიც ვერ დაარტყა. ასეთი რამ კი, იკარდის ამ სეზონში უკვე მეოთხედ დაემართა.

საინტერესო, უხვგოლიანი და დრამატული თამაში იხილა „გრანდე ტორინოზე“ შეკრებილმა მაყურებელმა - „ტორინომ“ რომის „ლაციოს“ პირველი ტაიმი მოუგო და ანგარიშს კარგა ხანს ინარჩუნებდა, მაგრამ 71-ე წუთზე ჩირო იმმობილემ ულამაზესი გოლი გაუტანა ყოფილ გუნდს (გოლი არ აღნიშნა) და ანგარიში გაათანაბრა. მალე რომაელთა დებიუტანტმა ალესანდრო მურჯიამ წინაც გაიყვანა თავისიანები, მაგრამ „ტორო“ არ დანებდა და მატჩის ბოლო წუთზე ადემ ლიაიჩის ზუსტი პენალტით ქულა გადაარჩინა.

სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია ფლორენციის „ფიორენტინას“ გამარჯვება სარდინიაზე „კალიარისთან“ – 5:3. არადა, მასპინძლებმა გოლი 01:05 წუთზე გაიტანეს და დაწინაურდნენ. სხვათა შორის, დავიდე დი ჯენარომ მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი შეაგდო, მაგრამ „იები“ არ დაბნეულან და ანტრაქტზე 4:1 იგებდნენ. საბოლოოდ, პაულო სოუზას შეგირდთაგან ჰეთ-თრიქით ნიკოლა კალინიჩი გამოირჩა, ხოლო დუბლით ფედერიკო ბერნარდესკი.

ლევან მჭედლიძეს 90 წუთი სკამზე მოუწია ჯდომა „ემპოლისა“ და „კიევოს“ მატჩში. მისმა თანაგუნდელებმა კი გოლი კვლავაც ვერ გაიტანეს და ალბათ, შორს არაა ის დღე, როდესაც ჯოვანი მარტუსკიელოს პოსტს დაატოვებინებენ. აღსანიშნავია, რომ „ემპოლის“ არცერთ თავდამსხმელს ამ სეზონში გოლი გატანილი არ აქვს...

„უდინეზე“ – „პესკარა“ 3:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 ტერო (9, პენ), 2:0 ტერო (71), 2:1 აკვილანი (74), 3:1 ძაპატა (90)

„ატალანტა“ – „ინტერი“ 2:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 მაზიელო (10), 1:1 ედერი (50), 2:1 პინილია (88, პენ)

„კალიარი“ – „ფიორენტინა“ 3:5 (1:4) VIDEO

გოლები: 1:0 დი ჯენარო (2), 1:1 კალინიჩი (20), 1:2 ბერნარდესკი (26), 1:3 ბერნარდესკი (32), 1:4 კალინიჩი (40), 1:5 კალინიჩი (53), 2:5 კაპუანო (62), 3:5 ბორიელო (77)

„კროტონე“ – „ნაპოლი“ 1:2 (0:2) VIDEO

გოლები: 0:1 კალეხონი (17), 0:2 მაკსიმოვიჩი (33), 1:2 როზი (89)

„ემპოლი“ – „კიევო“ 0:0 (0:0)

„ტორინო“ – „ლაციო“ 2:2 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 იაგო ფალკე (20), 1:1 იმმობილე (71), 1:2 მურჯა (84), 2:2 ლიაიჩი (90, პენ)

„ბოლონია“ – „სასუოლო“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ვერდი (10), 1:1 მატრი (87)

„რომა“ – „პალერმო“ 4:1 (1:0) VIDEO

გოლები: 1:0 სალაჰი (31), 2:0 პარედესი (51), 3:0 ჯეკო (68), 3:1 ქუაისონი (80), 4:1 ელ შაარავი (82)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114411