ფეხბურთი

22:09 | 23.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ეშმაკების” უჩვეულო როლი ჯოჯოხეთში

პრემიერლიგას მე-9 ტურის შემდეგ სამი ლიდერი ჰყავს. “მანჩესტერ სიტიმ” დღეს “საუთჰემპტონთან” გამართულ საშინაო მატჩში ფრედ ითამაშა და სამმა გუნდმა: “სიტიმ”, “არსენალმა” და “ლივერპულმა” 20-20 ქულა დააგროვეს.

მასპინძლებმა პირველ ტაიმში ძალიან ინერტულად ითამაშეს, თუმცა არც სტუმრები ბრწყინავდნენ და გოლის გატანა რომ შეძლეს, მხოლოდ ჯონ სტოუნზის საშინელი თამაშის დამსახურებაა, რომელსაც ბრავოსთვის ბურთის დაბრუნება სურდა, მაგრამ გადაცემა ძალიან ნელი გამოუვიდა, რითაც რედმონდმა ისარგებლა, ბურთს დაეწია, ბრავო მოატყუა და ცარიელ კარში გაუტანა.

შესვენებაზე გვარდიოლმა თამაშში გარკვეული ცვლილებები შეიტანა და მოედანზე კევინ დე ბრუინის ნაცვლად, იჰეანაჩოს უხმო, რომელმაც იმედები მალევე გაუმართლა და 55-ე წუთზე ლეროი სანეს გადაცემის შემდეგ ახლო მანძილიდან გაათანაბრა.

დარჩენილ დროში ორივე გუნდმა თითო რეალური მომენტი შექმნა. ილქაი გიუნდოგანს 69-ე წუთზე ფორსტერმა აჯობა, ხოლო ჩარლი ოსტინს კლაუდიო ბრავომ არ გაატანინა – 1:1 და “სიტიმ” ერთპიროვნულად გალიდერების შანსი გაუშვა ხელიდან.

“ქალაქელებმა” ზედიზედ მეორე საშინაო ფრე ითამაშეს და მთლიანობაში, პრემიერლიგაში სამი მატჩი არ მოუგიათ.

ტურის ცენტრალური შეხვედრა კი, “სტემფორდ ბრიჯზე” შედგა, სადაც ადგილობრივმა “ჩელსიმ” ჟოზე მოურინიოს გაწვრთნილი “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო და შავი დღე აყარა. პირველი წუთიდან მოყოლებული ერთი გუნდი თამაშობდა და ეს რომელი გუნდი იყო, იოლი მისახვედრია.

ანტონიო კონტემ ვიზავი აბსოლუტურად ყველაფერში დაჩაგრა და შედეგიც სრულად ასახავს დღევანდელი თამაშის სურათს. ჟოზე მოურინიო კი, ალბათ ჯობს, რომ გაუგებარ გადაწყვეტილებებს მოეშვას და ექსპერიმენტების ნაცვლად, გამოცდილ და კვალიფიციურ მოთამაშეებს ენდოს. ხუან მატას მიმართ მისი შეხედულება ძველი ამბავია. მოსვლისთანავე, პორტუგალიელის შავ სიაში მოხვდა ბასტიან შვაინშტაიგერი, ხოლო როგორც ჩანს, მათ ჰენრიხ მხიტარიანი და უეინ რუნი დაემატნენ. რასაკვირველია, ჟოზემ თავის საქმე ყველაზე კარგად იცის, თუმცა შედეგი არასახარბიელოა და ურიგო არ იქნება, თუ ზემოთ ნახსენებ მოთამაშეებს შანსი მიეცემათ.

ანგარიში 30-ე წამზე პედრო როდრიგესმა გახსნა, რომელმაც მცველების შეცდომით ისარგებლა, დავიდ დე ხეა იოლად მოატყუა და ცარიელ კარში გაიტანა.

გატანილი გოლის შემდეგ მასპინძლები არ მოდუნებულან და 21-ე წუთისთვის სხვაობა ორამდე გაზარდეს: ედენ აზარმა კუთხური მოაწოდა, რომელიც გარი კეჰილის გატანილი გოლით დასრულდა.

შესვენებაზე მოურინიო თამაშში გარდატეხის შეტანას შეეცადა და მარუან ფელაინის ნაცვლად, ხუან მატა ჩართო, მაგრამ ესპანელი ჯადოქარი არაა და ასეთი თამაშის გამოსწორება შეუძლებელი აღმოჩნდა. პირიქით, “არისტოკრატებმა” საკუთარი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და ეს ლოგიკური იყო.

62-ე წუთზე აზარი-კანტე-მატიჩის კარგი კომბინაცია, ბელგიელი ვინგერის გოლით დასრულდა, რომელმაც დე ხეას შორეულ კუთხეში შეუგდო, ხოლო 70-ე წუთზე ნ’გოლო კანტეს ჯერიც დადგა. ფრანგმა ნახევარმცველმა კრის სმოლინგი ბავშვივით გააბითურა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში ააციმციმა – 4:0.

“ჩელსი” 19 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერთა ტრიოს ქულით ჩამორჩება, ხოლო “იუნაიტედი” 14 ქულით მე-7 პოზიციაზე დარჩა.

მანჩესტერ სიტი – საუთჰემპტონი 1:1 (0:1)

მანჩესტერი, “ეტიჰად სთედიუმი”

მანჩესტერ სიტი (3-5-1-1): ბრავო, კომპანი (ნავასი 78), სტოუნზი, კოლაროვი, ფერნანდინიო, სილვა, გიუნდოგანი, სანე (ნოლიტო 90), სტერლინგი, დე ბრუინი (იჰეანაჩო 46), აგუერო.
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა

საუთჰემპტონი (4-3-1-2): ფორსტერი, ფონტე, ვან დეიკი, მარტინა, მაკქუინი, კლასი (ჰოიბერგი 67), ს.დევისი, რომეუ, ტადიჩი (ბუფალი 70), ოსტინი (უარდ-პროუსი 83), რედმონდი.
მწვრთნელი: კლოდ პუელი

გოლები: 0:1 რედმონდი (27), 1:1 იჰეანაჩო (55)
გაფრთხილებები: კოლაროვი, კომპანი, აგუერო – კლასი, რომეუ, ფორსტერი
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

ჩელსი – მანჩესტერ იუნაიტედი 4:0 (2:0)

ლონდონი, “სტემფორდ ბრიჯი”

ჩელსი (3-4-3): კურტუა, კეჰილი, ლუისი, აზპილიკუეტა, მატიჩი, კანტე, მოზესი, ალონსო, პედრო (ჩალობა 71), აზარი (ვილიანი 78), კოშტა (ბაჩუაი 78).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა, ბაილი (როხო 52), სმოლინგი, ბლინდი, ა.ვალენსია, ფელაინი (მატა 46), ერერა, პოგბა, რეშფორდი, ლინგარდი (მარტიალი 65), იბრაჰიმოვიჩი.
მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

გოლები: 1:0 პედრო (1), 2:0 კეჰილი (21), 3:0 აზარი (62), 4:0 კანტე (70)
გაფრთხილებები: პედრო, ლუისი, ალონსო – ბაილი, პოგბა
მსაჯი: მარტინ ატკინსონი

0.226374