ფეხბურთი

1:38 | 23.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

თინეიჯერებით ძლეული “ბებერი ქალბატონი” – “მილანმა” სკუდეტოსკენ გაიხედა

იტალიის სერია A-ს IX ტურის ცენტრალურმა შეხვედრამ მოლოდინი გაამართლა. მართალია, “სან სიროზე” ფეერიული და ლამაზი თამაში არ ყოფილა, მაგრამ იყო უშეღავათო ბრძოლა, დაძაბულობა და დრამატიზმი. “მილანმა” “იუვენტუსს” 2012 წლის 25 ნოემბრის შემდეგ პირველად მოუგო და სკუდეტოსთვის ბრძოლაშიც ჩაერთო – ახლა, “იუვესა” და “როსონერის” შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულაა.

უშუალოდ თამაშს რაც შეეხება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სანახაობრივი მატჩი არ გამოდგა, მაგრამ სხვა ყველაფერი ჰქონდა. ულამაზესი გატანილი გოლიც და არჩათვლილი გოლიც. ჯერ გადამწყვეტ მომენტზე ვთქვათ: მანულ ლოკატელიმ 65-ე წუთზე ისეთი გაისროლა, თვით გენიალურ ჯიჯი ბუფონსაც კი, შანსი არ ჰქონია. ლოკატელი 18 წლისაა, მაგრამ ალბათ მთელი ცხოვრება გაჰყვება ის ემოცია, რაც ამ ეპიზოდისგან მიიღო – როგორია უტანდე ბევრისთვის ყველა დროის საუკეთესო კიპერს სუპერგოლს, “მილანი” – “იუვეს” მატჩში და თან გადამწყვეტს?! – ისე, აღვნიშნოთ, რომ ვინჩენცო მონტელას გუნდმა კარისკენ სულ სამჯერ დაარტყა და შესაბამისად საგოლე მომენტები თითქმის არ ჰქონია. ისევე როგორც “იუვენტუსს” – “ბებერ ქალბატონს” ყველაზე რეალური საგოლე შანსი მსაჯის მეხუთე დამატებულ წუთზე მიეცა, როდესაც სამი ხედირამ შორიდან ცხრიანში გაუშვა ტყავის სფერო, მაგრამ “მილანის” კიდევ ერთმა თინეიჯერმა და უნიჭიერესმა მოთამაშემ, ჯანლუჯი დონარუმამ საოცარი სეივი შეასრულა და 80 ათასი ტიფოზი აღაფრთოვანა. დონარუმას ისე ულოცავდნენ თანაგუნდელები, თითქოს გამარჯვების გოლი გაეტანა და პრინციპიში უდრიდა კიდეც.

ისე როგორ ჩაივლიდა იტალიური “კლასიკო” დავა რომ არ ყოფილიყო: 36-ე წუთზე მირალემ პიანიჩმა ჯარიმიდან გაიტანა, ნიკოლა რიცოლიმ თავდაპირველად გოლი დააფიქსირა, მაგრამ ერთ წუთში ლაინსმენთან თათბირის მერე გააუქმა. მიზეზად ლეონარდო ბონუჩის პასიური თამაშგარე დასახელდა. არადა, გამოჩნდა, რომ “იუვეს” 19 ნომერი თამაშგარეში არ იმყოფებოდა და იმ მომენტში მცველებს ზურგს უკან მისი თანაგუნდელი მეჰდი ბენატია იყო, რომელიც ეპიზოდს გამოთიშული იყო. შესაბამისად, რიცოლი შეცდა. თუმცა, ამაზე საუბარი ახლა არაფის მომცემია და “იუვეს” სამწვრთნელი შტაბს თავისი გუნდის ის თამაში უნდა აფიქრებდეს, რომელიც ბოლო დროს კრიტიკას ვერ უძლებს – “ბებერ ქალბატონს” ძალიან უჭირს გააზრებული შეტევის განხორციელება და სახიფათო მომენტების შექმნა, “ბუფონი” კი ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს.

“მილანს” რაც შეეხება, აფერუმ მონტელას - ახალგაზრდა სპეციალისტმა ჩინებული, მებრძოლი, ერთმუშტად შეკრული და მიზანსწრაფული კოლექტივი ჩამოაყალიბა. ამ შემადგენლობით შავ-წითელთა ასეთი ასპარეზობა ცოტა არ იყოს, მოულოდნელია. რაშიც, “აეროპლანინოს” წვლილი დიდი უნდა იყოს.

სხვათა შორის, გოლის ავტორმა მანუელ ლოკატელიმ წლეულს სერია ა-ში კარის ჩარჩოში ზუსტად ორჯერ დაარტყა და ორჯერვე გოლი გაიტანა – ორჯერვე გადამწყვეტი და ულამაზესი. საგულისხმოა, რომ როდესაც ის დაიბადა, ბუფონი უკვე იტალიის ნაკრების მეკარე გახლდათ და ევროპაში სახელიც ჰქონდა მოხვეჭილი, არათუ სამშობლოში... გამოსარჩევია, რომ “იუვენტუსმა” მიმდინარე სეზონში “სან სიროზე” “ინტერთანაც” და “მილანთანაც” წააგო. ასეთი რამ კი, ბოლოს “ბიანკონერის” 2009-2010 წლების სეზონში დაემართა.

მეცხრე ტურის სასტარტო შეხვედრა “მილანი” – “იუვენტუსის” ფონზე დაიჩრდილა, თუმცა გენუური დერბიც ჩინებული სანახავი იყო, არაერთი დასამახსოვრებელი მომენტით. “სამპდორიამ” ნავსი გატეხა და მოსისხლე მტერს აჯობა – შესანიშნავი მატჩი ჩაატარა ლუის მურიელმა ვინც ანგარიში მეთორმეტე წუთზე გახსნა. სხვათა შორის, 1994 წლის მერე “სამპამ” “ჯენოასთან” მატჩში გოლის გატანა საწყის თხუთმეტ წუთში პირველად მოახერხა. მერე ნომინალურმა სტუმრებმა გაათანაბრეს, მაგრამ არმანდო იცოს ავტოგლით მაინც მარკო ჯამპაოლოს გუნდმა მოიგო და სატუნრირო ცხრილში წინ წაიწია. ისე, იცო ანტიგმირი სულაც არ იქნებოდა, ფაბიო კვალიარელას მანამდე პენალტი რომ გაეტანა – “ჯენოას” კაპიტანმა მატია პერინმა ბოლო 24 თერთმეტმეტრიანიდან მე-6 მოიგერია.

ასეა თუ ისე, კალჩოს მეცხრე ტურის პირველმა სათამაშო დღემ მოლოდინი სრულად გაამართლა. კვირას, დარჩენილი რვა თამაში ჩატარდება.

“სამპდორია” – “ჯენოა” 2:1 (1:1)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 35 000

“სამპდორია” (4-3-1-2): პუჯიონი; სალა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ლინეტი, ტორეირა (პალომბო 76), ბარეტო; ფერნანდესი (ალვარესი 67); მურიელი (დჯურიჩიჩი 87), კვალიარელა

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

“ჯენოა” (3-4-1-2): პერინი; იცო, ბურდისო, ორბანი (მუნიოსი 60); ედენილსონი, რინკონი (პავოლეტი 74), ველოზუ, ლაქსალტი; რიგონი; პანდევი (ნინკოვიჩი 82), სიმეონე

მწვრთნელი: ივან იურიჩი

გოლები: 1:0 მურიელი (12), 1:1 რიგონი (24), 2:1 იცო (47, ა.გ)

გაფრთხილება: ლინეტი (47), სალა (68), პუჯიონი (79) - პერინი (45), ორბანი (56), ლაქსალტი (68)

გამოუყენებელი პენალტი: კვალიარელა (45, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (10) – 11 (7) ბურთის ფლობა: 42%-58% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 3:4

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“მილანი” – “იუვენტუსი” 1:0 (0:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 80 000

“მილანი” (4-3-3): დონარუმა; აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო; კუცკა, ლოკატელი (გომესი 81), ბონავენტურა; სუსო, ბაკა (ლაპადულა 90), ნიანგი (პოლი 69)

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, ბენატია (მანჯუკიჩი 75); დანი ალვეში, ხედირა, ერნანესი (სტურარო 87), პიანიჩი, ალექს სანდრო; დიბალა (კუადრადო 34), იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 1:0 ლოკატელი (65)

გაფრთხილება: კუცკა (44), დონარუმა (50), ლოკატელი (79), პოლი (83) – ბონუჩი (30), პიანიჩი (38), დანი ალვეში (76)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 3 (2) – 17 (3) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 5:9 თამაშგარე: 2:6

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.346706