ფეხბურთი

1:04 | 16.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" გაგრძელებული და "ნაპოლის" შეწყვეტილი სერია (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს VIII ტურის პირველ სათამაშო დღეს სამი შეხვედრა გაიმართა და მათ შორის ერთი, ტურის ცენტრალური თამაში იყო.

ნეაპოლში, “ნაპოლიმ” “რომა” მიიღო და უქულოდ დარჩა – დედაქალაქელებმა შესანიშნავად ჩაატარეს მთელი თამაში და დამსახურებულადაც მოიგეს. მატჩის გმირი “ჯალოროსის” ბოსნიელი ფორვარდი ედინ ჯეკო გახდა, ვინც დუბლი გაიფორმა. საერთოდ, ჯეკო დიდებულ ფორმაშია და საუკეთესო პერიოდი უდგას. შაწყის 8 ტურში მის ანგარიშზე უკვე 7 გოლია, ასეთი შედეგი კი, მას არც ბუნდესლიგაში და არც პრემიერლიგაში თამაშის დროს არ ჰქონია. ედინის გოლების მერე, მასპინძლებმა გაიბრძოლეს და კალიდუ კულიბალიმ ერთი ბურთი გაქვითა კიდეც, მაგრამ “ნაპოლის” საკონტროლო გასროლა მოჰამედ სალაჰის გოლი გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ მას მერე, რაც ნეაპოლიტანურ გუნდს სათავეში მაურიციო სარი ჩაუდგა, საკუთარ მოედანზე წაგებული არ ჰქონდა – შესაბამისად, “აძურიმ” შინ 22 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა. “რომამ” კი, ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილში გადაასწრო “ნაპოლის” და ახლა “იუვენტუსის” მდევარი თვითონაა.

იმ “იუვენტუსის”, რომელმაც აუტსაიდერ “უდინეზეს” შინ გაჭირვებით მოუგო – გაჭირვებით რა, პაულო დიბალას წყალობით. მასიმილიანო ალეგრიმ მოედანზე გადახალისებული შემადგენლობა გაიყვანა, რამაც სტუმრებს ხელ-ფეხი გაუხსნა და “უდინეზემ” 30-ე წუთზე ანგარიშიც გახსნა - იაკუბ იანტკომ შორი დისტანციიდან დაარტყა, თითქოს არცთუ ისე კარგად, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონი შეცდა. საერთოდ, ჯიჯი ბოლო დროს ჯიჯის არ გავს და უკვე გაისმის ხმები მისი დაბერების შესახებ... ისე კი, მატჩის მიწურულს სწორედ ბუფონმა ისხნა ჩინებული სეივით “იუვე” ქულების დაკარგვისგან და იქნებ ადრეა მისი კრიტიკა...

“ბებერმა სინიორამ” პირველივე ტაიმში გაათანაბრა: პაულო დიბალამ დიდებულად დაარტყა საჯარიმო და ვეჭვობ, პუბლიკას ალესანდრო დელ პიერო და ანდრეა პირლო გაახსენა. მეორე ტაიმი კი, ახალი განახლებული იყო, როდესაც არგენტინელმა ალექს სანდროს წაქცევისთვის დანიშნული პენალტი აქცია გოლად. სხვათა შორის დიბალას “უდინეზესთვის” 2016 წელს ოთხი გოლი აქვს გატანილი და აქედან ორი საჯარიმო დარტყმით. აქვე, საგულისხმოა, რომ “იუვენტუსმა” საკუთარ მოედანზე მიჯრით მეოცე თამაში მოიგო (სერია ა-ში). აღნიშნულ მატჩებში საშუალოდ 2.3 გოლი გაიტანა და მხოლოდ 0.3 გაუშვა. ტურინულმა გრანდი “რომას” ხუთქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს.

დღევანდელი დღის კიდევ ერთი მატჩი ფრედ დასრულდა – “პესკარამ” და “სამპდორიამ” ერთმანეთს თითო გოლი გაუტანეს. უფროს სწორად, მასპინძელთა არგენტინელმა მცველმა უგო კამპანიარომ გაიტანა. მან ჯერ საკუთარი კარი დალაშქრა მერე მეტოქის. ისიც ვთქვათ, რომ კამპანიაროს ადრე გენუელთა რიგებშიც უთამაშია... ისე, “პესკარას” მეორე ტაიმში მოგება შეეძლო, მაგრამ ემილიანო ვივიანომ ჯანლუკა კაპრარის პენალტი აუღო. ეს იტალიელი კიპერისთვის 2015 წლის აგვისტოდან მოყოლებული მეხუთე აღებული პენალტია თერთმეტიდან...

“ნაპოლი” – “რომა” 1:3 (0:1) VIDEO

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 38 000

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰიუსაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, გულამი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი (ზიელინსკი 81); კალეხონი (ელ კადური 76), გაბიადინი (მერტენსი 57), ინსინიე

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი, მანოლასი, ფაზიო, ჟუან ჟესუსი (ემერსონი 71); პარედესი, დე როსი; სალაჰი, ნაინგოლანი (ელ შაარავი 79), პეროტი (გერსონი 90); ჯეკო

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 0:1 ჯეკო (43), 0:2 ჯეკო (54), 1:2 კულიბალი (58), 1:3 სალაჰი (85)

გაფრთხილება: მერტენსი (53), ალანი (85) – პარედესი (45), ჟუან ჟესუსი (50), ჯეკო (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 14 (6) – 12 (7) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 9:1 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: დანიელე ორსატო

“პესკარა” – “სამპდორია” 1:1 (1:1)

პესკარა, “სტადიო ადრიატიკო”

მაყურებელი: 16 000

“პესკარა” (4-3-2-1): ბიძარი; ვიტურინი (ძუპარიჩი 54), კამპანიარო, კოდა, ბირაგი; კრისტანტე, ბრუგმანი, აკვილანი; ბენალი (ფორნასიერი 46), კაპრარი; ბეჰაბეკი (პეპე 67)

მწვრთნელი: მასიმო ოდო

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; სალა, სილვესტრე, სკრინიარი, რეჯინი; ლინეტი, ტორეირა, ბარეტო (პრაეტი 84); ალვარესი (ფერნანდესი 54); ბუდიმირი, კვალიარელა (მურიელი 69)

მწვრთნელი: მარკო ჯამპაოლო

გოლები: 0:1 კამპანიარო (12, ა.გ), 1:1 კამპანიარო (23)

გაფრთხილება: კოდა (30, 45), აკვილანი (39) – ვივიანო (76)

გაძევება: კოდა (45)

გამოუყენებელი პენალტი: კაპრარი (50, მეკარე)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 20 (12) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 8:8 თამაშგარე: 1:1

მსაჯი: დომენიკო ჩელი

“იუვენტუსი” – “უდინეზე” 2:1 (1:1) VIDEO

ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”

მაყურებელი: 39 000

“იუვენტუსი” (4-4-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბარძალი, ბენატია (ბონუჩი 70), ევრა; კუადრადო, ერნანესი, ლემინა, ალექს სანდრო; დიბალა (სტურარო 81), მანჯუკიჩი (იგუაინი 66)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

“უდინეზე” (4-3-1-2): კარნეზისი; ვაგუე, დანილო, ფელიპე, სამირი (ალი ადნანი 46); ფოფანა, კუმსი, იანკტო (ჰერტო 75); დე პაული (პერიცა 55); ტერო, ძაპატა

მწვრთნელი: ლუიჯი დელ ნერი

გოლები: 0:1 იანტკო (30), 1:1 დიბალა (43), 2:1 დიბალა (51, პენ)

გაფრთხილება: ერნანესი (66) - ვაგუე (45), პერიცა (59)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 6 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:7 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: კლაუდიო გავილუჩი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112465