ავტოსპორტი

23:20 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკ ვებერი კარიერას ასრულებს

ფორმულა 1-ის ყოფილი პილოტი, ავსტრალიელი მარკ ვებერი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე, თავის სარბოლო კარიერას დაასრულებს. „რედ ბულის“ 40 წლის ყოფილი ყოფილი პილოტი, ამჟამად გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე, LMP1 კლასში, „პორშეს“ გუნდში მას შემდეგ ასპარეზობს, რაც გერმანული კომპანია ლე მანს დაუბრუნდა.

გასულ სეზონში, ვებერი თავის თანაგუნდელებთან, გერმანელ ტიმო ბერნჰარდთან და ახალზელანდიელ ბრენდან ჰარტლისთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სამივე ერთი ეკიპაჟის წევრია, რომელმაც 2014 წლიდან მოყოლებული, მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი რბოლა მოიგო. მათ ლე მანის შარშანდელი რბოლა მეორე ადგილზე დაასრულეს.

„ახლა იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. „პორშე“ ის ბრენდია, რომელიც ყოველთვის ყველაზე მეტად მომწონდა და მე ყველაზე მეტად შემეფერება. სიჩქარე, შეჯიბრი და გადატვირთვები ყოველთვის მომენატრება, მაგრამ მინდა მაშინ წავიდე, როცა კარგ ფორმაში ვარ. და მოუთმენლად ველი ჩემს ახალ საქმეს“, - ამბობს ვებერი.

ავსტრალიელმ მრბოლმა ფორმულა 1-ში 11 სეზონი გაატარა. ის იყო „მინარდის“, „იაგუარის“, „უილიამსის“ და „რედ ბულის“ წევრი. ყველაზე მეტს ავსტრიულ გუნდთან ერთად მიაღწია. სულ 215 რბოლაში მიიღო მონაწილეობა და სამი სეზონი (2010, 2011 და 2013 წლების) მესამე ადგილზე დაასრულა. სამივე სეზონში ჩემპიონი მისი თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი გახდა. 2013 წლის სეზონის ბოლოს, ფ1-ში გამოსვლა დაასრულა და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში (WEC) გადაინაცვლა.

„ფ1-დან LMP1 კლასში გადასვლა დიდი ცვლილება იყო. აქ სულ სხვა გამოცდილება მივიღე. მაგრამ ეს ცვლილება ჩემთვის დროულად მოხდა. აღმოვაჩინე, რომ კარგია, როცა რბოლის დროს ადგილს თანაგუნდელს უთმობ. ტიმოსთან და ბრენდანთან გატარებული სეზონები ყოველთვის მემახსოვრება. ჩემთვის უცნაური იქნება, როცა ბაჰრეინში ბოლოჯერ მივუჯდები სარბოლო ავტომობილის საჭეს. სამაგიეროდ, აქედან მოყოლებული, რბოლებში გატარებულ ყოველი წამით ვისიამოვნებ“, - დასძენს ვებერი.

ვებერმა, ბერნჰარდმა და ჰარტლიმ, მიმდინარე სეზონის ბოლო სამი რბოლა (ნურბურგრინგზე, მექსიკასხა და აშშ-ში) მოიგეს, თუმცა მათს ეკიპაჟს ჩემპიონატში მაინც მეოთხე ადგილი უკავია. პირველ ადგილზე მათი თანაგუნდელი ეკიპაჟია, რომელშიც შვეიცარიელი ნილ იანი, გერმანელი მარკ ლიბი და ფრანგი რომენ დუმასი ასპარეზობენ. მეორე ადგილზე „აუდის“ ეკიპაჟია (ბრაზილიელი ლუკას დი გრასი, ბრიტანელი ოლივერ ჯარვისი და ფრანგი ლოიკ დუვალი), რომელიც ლიდერს 38.5 ქულით ჩამორჩება.

0.150478