ავტოსპორტი

2:34 | 14.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფორმულა 5000 ბრუნდება

ავსტრალიაში ახალი ღიაბორბლიანი სარბოლო სერია ყალიბდება. უფრო სწორედ, ძველი და საკმაოდ პოპულარული სერია ბრუნდება, რომელიც ერთ დროს ფორმულა 1-ზე არანაკლებ პოპულარული იყო და რომელშიც ფ1-ის იმ დროის მოქმედი პილოტებიც ასპარეზობდნენ. ლაპარაკია ფორმულა 5000-ზე, რომლის სრული სახელიც იქნება ფორმულა თანდერ 5000.

ამ სახელით სარბოლო სერიები პირველად 1960-იან წლებში შეიქმნა და განსაკუთრებული პოპულარობა 1970-იანების დასაწყისში მოიპოვა. მაშინ სერიაში ფ1-ის ძველი ბილოდების ბაზაზე შექმნილი ავტომობილებით ასპარეზობდნენ, რომლებიც 5.0-ლიტრიანი V8 ძრავებით იყო აღჭურვილი. სერიას სახელიც სწორედ ძრავების ლიტრაჟის შესაბამისად დაერქვა. ამ სერიის რბოლები, პოპულარობით სარგებლობდა როგორც ავსტრალიაში და ჩრდილოეთ ამერიკაში, ასევე ევროპაშიც.

ახალი სერია პირველ ეტაპზე, მხოლოდ ავსტრალიაში და ახალ ზელანდიაში დამკვიდრდება. მასში მონაწილეობას სპეციალურად შემუშავებული შასის ბაზაზე აწყობილი ბოლიდები მიიღებენ. სერიის ორგანიზატორმა კრის ლემბდენმა ამისათვის შეისყიდა იმ შასის გამოყენების უფლება, რომელსაც ამერიკული კომპანია „სვიფტი“, იაპონურ სარბოლო სერია სუპერ ფორმულასთვის ამზადებდა. სრულად დაკომპლექტებული ბოლიდის წონა 680 კილოგრამი იქნება.

რაც შეეხება ძრავს, რომლითაც ბოლიდები აღიჭურვება, ესაა „ფორდის“ წარმოების „კოიოტ V8“ მოდულური აგრეგატი. ეს ძრავი ცილინდრების იმავე ბლოკზეა აწყობილი, რომელიც „მუსტანგზე“ და პიკაპ F-150-ზე გამოიყენება. მას სარბოლოდ ავსტრალიური კომპანია „ინო V8 რეისინგ ენჯაინსი“ ამზადებს. ძრავის სიმძლავრე 570 ცხენის ძალას აღწევს.

პირველ ბოლიდს უკვე ჩაუტარდა ტრეკზე ტესტირება. მას ავსტრალიის ფორმულა 3-ის ჩემპიონი ტიმ მეკროუ მართავდა. საზოგადოების წინაშე ბოლიდს პირველად მალე გამოიყვანენ სიდნეის მოტორსპორტ პარკზე, სადაც მასქლ ქარ მასტერსი ჩატარდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.16614