ფეხბურთი

11:35 | 13.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

“რასაც გასცემ, უკან ის დაგიბრუნდება” – ანუ, როგორ გაჩნდა იმედი

სამი თამაში, ერთი ქულა და 2 გატანილი გოლი რაღა თქმა უნდა, კარგი შედეგი არაა და არც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს უნდა იძლეოდეს, მაგრამ საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო მატჩებმა ქართველ გულშემატკივარში თითქოს მკვდარი იმედი გააცოცხლა – “ჯვაროსნების” სტატისტიკური მონაცემები მართლაც დიდებულია, ბარე-ორ გუნდს რომ შეშურდებოდა. ალბათ, ამ ეტაპზე მთავარი სწორედ თამაშის ხარისხია და ფეხბურთელებში თვითრწმენის მომატება, თორემ წაგებებით გუნდს კარგი მენტალიტეტი ნამდვილად არ უყალიბდებოდა.

ალბათ, არ იქნება რეალური თუ ჩვენს ნაკრებს ამ ჯგუფიდან გასვლას მოვთხოვთ, თუმცა, ამჟამად ამის შანსიც არსებობს. ისე კი, ალბათ იდეალური შედეგი იქნება მესამე ადგილზე გასვლა, რაც უკეთეს რეიტინგს და შესაბამისად, ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში უკეთეს წილისყრას მოგვცემს. თანაც, ამჟამად მუნდიალზე ევროპისთვის 13 ადგილია გამოყოფილი და ცოტა არ იყოს ძნელია საწადელის მიღწევა, მაშინ როდესაც ევროფორუმზე 24 ევროპული ნაკრები გავა. თანაც, ნიშანდობლივია, რომ დღევანდელი ნაკრების ძირითადი ბირთვი ახალგაზრდულია და როგორც უელსთან მატჩის მერე ვლადიმირ ვაისმა თქვა, მისი გუნდი 23-24 წლის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თამაშებმა ქომაგში ცალსახად დადებითი შეფასება ჰპოვა, არიან ისეთებიც, ვისაც კარგი თამაში, ძელები, ხარიხები თუ პასები არად მიაჩნიათ და შედეგზე მიუთითებენ – სალაპარაკოც აქვთ: აზერბაიჯანის ნაკრებს სამ ტურში 7 ქულა აქვს და გოლიც არ გაუშვია. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ აზრს აქვს არსებობის რეალური მიზეზი – თანამედროვე ფეხბურთში მთავარი შედეგია და წლების მერე, მეხსიერებაში დარჩება ანგარიში და არა თამაშის ხარისხი. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შედეგი თამაშის ხარისხს მოაქვს და ვფიქრობ, ამ მხრივ წინსვლა გვექნება.

მომდევნო თამაში 12 ნოემბერს თბილისში მოლდოვას ნაკრებთან გვაქვს – ერთი შეხედვით სამი ქულა თითქოს გარანტირებულია, მაგრამ ასე მარტივადაც არაა საქმე. რამდენად გაუძლებს ნაკრები წნეხს? – ახლო წარსულიდან ერთ მაგალითს მოვიყვან: ზუსტად ერთი წლის წინ, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან სტუმრად მართალია წავაგეთ, მაგრამ კახა ცხადაძის ფორმაციის გუნდმა ჩინებული ფეხბურთი აჩვენა და აუგი არავის დასცდენია. იმ მატჩიდან ზუსტად ერთი თვის თავზე კი, იგივე გუნდი ტალინში ესტონეთთან შერცხვა... ვიმედოვნებთ, ასეთი ლაფსუსები მხოლოდ წარსულში დარჩა და ვაისი მოლდოვასთან შეხვედრისთვის გუნდს სწორად განაწყობს, ზუსტად გამოძებნის იმ სიტყვებს, რაც საჭიროა.

საერთოდ, საკვალიფკაციო ეტაპზე მომდევნო ხუთი მატჩიდან ორჯერ მოლდოვას ვეთამაშებით, შინ დავუხვდებით სერბეთსა და ირლანდიას, ხოლო ავსტრიას გასვლაზე დავუპირისპირდებით – წესით, ამ მატჩებიდან, თუ მართლაც მაღალი პოზიციის დაკავებაზე გვაქვს პრეტენზია, რაც შეიძლება მეტი ქულა უნდა გამოვადნოთ და ეგებ, მომდევნო შესარჩევი აღარ დავიწყოთ მაჩანჩალას რანგში.

ახლა ცოტა რამ საკადრო მდგომარეობაზეც ვთქვათ – ირლანდიასთან და უელსთან მატჩებში ვინც ითამაშა, ყველაზე ყველაფერი ვიცით და შთაბეჭდილებაც ასე თუ ისე შექმნილია. განსაკუთრებით, სასიამოვნო სიურპრიზი იყო ოთარ კაკბაძისა და ვაკო გვილიას დამაჯერებელი გამოსვლები – ორივე ფეხბურთელი ახალგაზრდაა და მთელი კარიერა წინ აქვთ. სხვათა შორის, ორივე კარგ გუნდშია და ორივე ფეხს დღითიდღე იკიდებს. სათამაშო პრაქტიკა კი, ფეხბურთელისთვის ისევეა, როგორც თევზისთვის წყალი. გამოჩნდა, რომ ამ ეტაპზე გურამ კაშიასა და სოლომონ კვირკველიას დუეტი საუკეთესო ვარიანტია დაცვის ცენტრში. კაშიამ საერთოდ დიდებულად უკაპიტნა გუნდს, საბამ კი უელსთან ბრწყინვალედ ითამაშა. მართლაც პარადოქსია, რომ მას “რუბინში” არ ათამაშებენ, არადა, ჩემი პირადი აზრით, ევროპის ტოპ ჩემპიონატში თავისუფლად იქნებოდა ძირითადი შემადგენლობის წევრი. კაკაბაძეს კი, ესპანური მომზადება უკვე დასტყობია – ბევრის აზრით, მარჯვენა მცველის პოზიციაზე პრობლემა ნაკრებში გადაიჭრა. ეს, მართლაც ასეა თუ არა, ახლა რთულია საუბარი, მაგრამ ფაქტია, რომ ოთარმა მართლაც ჩინებულად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. საერთოდ, ბევრი თანხმდება, რომ დაცვის ხაზში (თავის მეკარეებიანად) საქართველოს ნაკრებს პრობლემები ნაკლებად აქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ვაისის განკარგულებაში ორი ნიჭიერი მცველია, დავით ხოჭოლავა და ლაშა დვალი – ორივე საკმაოდ კარგ ჩემპიონატში (პოლონეთი და უკრაინა) გამოდის და ორივეს, მუდმივ სათამაშო პრაქტიკასთან ერთად, კარგი პრესაც აქვს. მოკლედ, მათი ნდობაც შეიძლება. და კიდევ ერთი: პერმის “ამკარში” 22 წლის გიორგი ჯიქია თამაშობს – კარგი იქნება თუ ის ადამიანები, ვისაც ეს ევალებათ, იზრუნებენ იმაზე, რომ მან საქართველოს ნაკრებში ითამაშოს. რატომ? რუსულ პრემიერლიგაში მუდმივად თამაშობს და უნივერსალია: შეუძლია როგორც ცენტრალურ ისე მარცხენა მცველად თამაში.

დღეს, ბევრი საუბრობს ვაკო გვილიაზე – ბორისოვის “ბატეს” ნახევარმცველი, რომელმაც დაგვანახა, რომ შეუძლია შეტევის ჩაშლაც, წამოწყებაც, კარგი პასის გაკეთებაც, კაცის მოტყუებაც და კარში დარტყმაც. გვილია წესით, ამ ფორმაციის ნაკრებისთვის ნელ-ნელა მთავარ საყრდენად უნდა იქცეს. ბოლო სამი თამაშია თავის მოვალეობას ჩინებულად ართმევს თავს ბუბა დაუშვილიც. მას ბევრი კრიტიკა შეხვდა ადრე, მაგრამ ფაქტია, რომ მისნაირი ჩამშლელიც საჭიროა გუნდში. სხვათა შორის, ირლანდიასთან და უელსთან მათ გარდა საყრდენი გუნდში არც ყოფილა. ტრავმების გამო ნაკრებს გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი და კაპიტანი ჯაბა კანკავა აკლდა. ისინიც რომ დაბრუნდებიან, ვაისს ამ პოზიციაზე საქმე მართლაც ასარჩევად ექნება. ვფიქრობ, ამ ეტაპზე ყველაზე დაბალანსებული პოზიცია სწორედ საყრდენი ნახევარმცველია. სლოვაკი სპეციალისტის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო ორ თამაშში საკმაოდ ჭკვიანურად გამოიყენა მოედანზე ერთად ვაკო ყაზაიშვილი, ჯანო ანანიძე და თორნიკე ოქრიაშვილი. სამივეს რომ უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ, არახალი ამბავია. შესაბამისად, მათზე დიდი იმედი ისევ მყარდება ქომაგთა მხრიდან. სხვების გამოყენებაც შესაძლებელია ამ ადგილზე – სანდრო კობახიძე (საერთოდ უნივერსალია), თუნდაც გიორგი ჭანტურია, რომელიც ამ ჯერზე ვაისმა საერთოდ არ მიიწვია გუნდში, თანაც ბოლო დროს იგი ფორმაში შევიდა და იქნებ, ვაისიც ენდოს. ყოველ შემთხვევაში კონკურენცია ნამდვილად არ გვაწყენდა... ნაკრებში რომ კარგად ჩაეწერა ჯაბა ჯიღაური ყველამ ვიცით. საერთოდ, მიმაჩნია, რაც მალე წავა ჩვენი ჩემპიონატიდან მით უფრო მოუმატებს, ვნახოთ. ჯერჯერობით, “ჯვაროსნების” თავკაცის რადარში ვერ ხვდებიან ჯაბა ლიპარტია და გიორგი მერებაშვილი – პირველისთვის რატომღაც ნაკრების კარი არა და არ იხსნება, მეორეს შანსი ადრე მისცემია, თუმცა თავი ვერ დაგვამახსოვრა. მაგრამ, მიმდინარე სეზონს პოლონეთის ექსტრაკლასაში საკმაოდ კარგად ატარებს და ვინ იცის, იქნებ ღირდეს დაკვირვება და საქმეში ნახვა. ამ დროს კი, გიორგი არაბიძის ნაკრებში გამოძახებას ლამის მთელი საფეხბურთო საქართველოს ითხოვს. შესაძლოა, ვაისი ფიქრობდეს, რომ ადრეა, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომ მას უკრაინის ნაკრებში წაყვანას უპირებს იქაური ფედერაცია და ამ მხრივ ძალზე მნიშვნელოვანია ერთხელ მაინც ვათამაშოთ ნაკრებში. თან არმგონია, რომ არაბიძემ ნაკრებში ყოფნით რამე გააფუჭოს ანდაც პრეტენზიები გაუჩნდეს, გინდა თუ არა, ძირითადში მათამაშეთო... ალბათ, ღირს გიორგის გამოძახებაც უახლოეს პერიოდში. გიორგი პაპუნაშვილი უკვე რამდენჯერმე იყო ვაისის განკარგულებაში, ერთი ეგაა, თამაში არ უწევს. გასაკვირი არცაა, “დინამოში” დაბრუნების მერე, ძველი პერიოდი მას არ უდგას, მაგრამ პოტენციალი მასაც გააჩნია და ვინ იცის, როგორ წავა მისი კარიერა. ისე, უნდა აღვნიშნოთ, რომ 21-წლამდე ნაკრებიდან ამჯერზე საკმაო შევსება მიიღო ეროვნულმა: ოთარ კაკაბაძე, გიორგი პაპუნაშვილი, ვაკო გვილია, ლაშა დვალი, დავით ხოჭოლავა, ნიკა კაჭარავა.

დღევანდელი ნაკრების მთავარი პრობლემა ბევრის აზრით, გოლეადორი ფორვარდის არყოლაა. ამის შესახებ ირლანდიელთა თავკაცმა მარტინ ონილმაც ისაუბრა. ფაქტია, რომ ვაისს ცენტრფორვარდის პოზიციაზე ლევან მჭედლიძე, ვლადიმერ დვალიშვილი, გიორგი ქვილითაია, ნიკა კაჭარავა, დავით სხირტლაძე ჰყავდა მიწვეული. დვალიშვილის გარდა, ყველას შეუძლია ალბათ, რომ სამომავლოდ მოუმატოს, ყოველ შემთხვევაში, გვინდა, რომ ასე იყოს. ნუ დავივიწყებთ, მათე ვაწაძეს, რომელიც საქართველოში დაბრუნდა და იქნებ აღიდგინოს ძველი სათამაშო ფორმა. ალბათ, მავანი მართალია და ეს პოზიცია ამ ეტაპზე აქილევსის ქუსლია...

რა დავინახეთ? – ირლანდიასთან და უელსთან მატჩებმა გამოაჩინა, რომ თურმე ევროპული ფეხბურთის თამაში ჩვენც შეგვიძლია. არ იყო ის პრიმიტიული მოქმედებები, რასაც ადრე ხშირად ვუყურებდით ჩვენი ნაკრების შესრულებით. ალბათ, ერთი სიამოვნება იყო იმის ყურება, რომ ჩვენი გუნდის შეტევა იწყება მცველების მიერ პასებით და არა უაზრო, წინ გადაგდებული ბურთებით, იმის იმედად, რომ იქ ან მეტოქის მცველი შეცდება, ან ჩვენი ფორვარდები მოიგებენ საჰაერო დუელებს... თვალში სასიამოვნოდ მომხვდა ისიც, რომ კარისკენ დარტყმის აღარ გვეშინია – მნიშვნელობა არ აქვს დისტანციას, ვინ დგას კარში და ვინ უდგას შემტევს წინ. ეს უკვე კარგია, გოლის გატანა თუ გინდა, კარში უნდა დაარტყა, როცა დასარტყმელია – სხვათა შორის, პირველი სამი ტურის მერე კარისკენ 45 დარტყმა აქვს საქართველოს და ჩინებული მაჩვენებელია, ხუთი ძელი, რაც მთლიანად შესარჩევში მაღალი შედეგია, ოღონდ საკითხავია - ეს კარგია თუ არა...

მოლდოვასთან შეხვედრაში კი, გულშემატკვრები ფეხბურთელებს გავსებულ “დინამო არენას” ჰპირდებიან. სოციალურ ქსელში ბევრ კომენტარს გადავავლე თვალი და ყველაზე მეტად ერთი მენიშნა: “მარტივი ლოგიკაა, რასაც გასცემ, უკან ის დაგიბრუნდება” – ფაქტია, საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩებმა გულშემატკივარს გული შემოუბრუნა სტადიონსკენ და მოდლოვასთან სავსე სტადიონს ველით, ისევე როგორც გამარჯვებას...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132343