ჭიდაობა

11:10 | 11.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართული სამბოს ნათელი მომავალი (+VIDEO)
წარმატებულ ვაჟებს მხარი გოგონებმაც აუბეს

7-9 ოქტომბერს რუმინეთის ქალაქ პლოიეშტიმ ჭაბუკებს და ახალგაზრდებს შორის სამბოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. საკმაოდ მასშტაბურ ტურნირზე ოქროს მედლებისთვის 30-ზე მეტი ქვეყნის 450-მდე სპორტსმენი იბრძოდა. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრებიც.

ჩვენმა სამბისტებმა დამკვიდრებულ ტრადიციას არც ამჯერად უღალატეს და პლოიეშტის ხალიჩაზე ბრწყინვალედ იასპარეზეს:

ჭაბუკმა ვაჟებმა 4 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს, რაც საკმარისი აღმოჩნდა გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილის დასაკავებლად. ახალგაზრდა ვაჟების მონაგარი 3 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია, რამაც გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი მოგვიტანა. ჭაბუკმა გოგონებმა კი სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთეს გულშემატკივრებს და 2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით გუნდურ ჩათვლაში საპატიო მეოთხე ადგილით დაასრულეს ასპარეზობა.

ჭაბუკი ვაჟები (1998-1999-2000)

I ადგილი: ჯაბა პაპინაშვილი ( -52კგ ), ლუკა მაისურაძე ( -81კგ ), ნიკა სიდამონიძე ( -87კგ ), გელა ზაალიშვილი ( +87კგ )

II ადგილი: საბა გრიგალაშვილი ( -57კგ ), გაგი ლიჩელი ( -70კგ ), ლაშა მატიაშვილი ( -75კგ )

III ადგილი: თორნიკე მარგველაშვილი ( -48კგ ), ირაკლი ხერგიანი ( -60კგ )

ახალგაზრდა ვაჟები ( 1996-1997)

I ადგილი: ირაკლი კუპატაძე ( -57კგ ), ზვიად თევდორაშვილი ( -74კგ ), დავით ოზბეთელაშვილი ( -100კგ )

II ადგილი: გიორგი მირუაშვილი ( -52კგ )

III ადგილი: აკაკი გიგატაძე ( -48კგ ), დავით რაზმაძე ( +100კგ )

ჭაბუკი გოგონები: (1998-1999-2000)

II ადგილი: ნატალია ყიფშიძე ( -48კგ ), მარიამ ცერცვაძე ( +75კგ )

III ადგილი: თინათინ რევაზიშვილი ( -56კგ )

თბილისიდან ნაკრები მრავალრიცხოვან გულშემატკივართან ერთად საქართველოს პირველი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მსოფლიოს 3 გზის ჩემპიონმა ჯონდო მუზაშვილმა გააცილა და ბიჭებს თხოვა -აბა თქვენ იცით, ორივე ასაკში გუნდური პირველი ადგილი ჩამოგვიტანეთო. ვინც შეჯიბრის ინტერნეტ ტრანსლაციებს მიადევნა თვალი დაგვერწმუნება, სპორტსმენებმა ყველაფერი გააკეთეს ამ თხოვნის შესასრულებლად.

ჭაბუკებმა მიაღწიეს მიზანს, ახალგაზრდებს კი ამჯერად სულ ცოტა დააკლდათ უძლიერესი რუსეთის ნაკრების გადასასწრებად. სამაგიეროდ, საკუთარ თავს გადაახტნენ ჭაბუკი გოგონები, ვისგანაც ასეთ წარმატებულ გამოსვლას ძნელად თუ ელოდა ვინმე. პლოიეშტიში 6 ძიუდოისტი გოგონა იყო წასული და სამი მათგანი მედლით დაგვიბრუნდა.

ტურნირზე დამსწრე ექსპერტებიც აღფრთოვანებული იყვნენ ქართველი გოგონების ასპარეზობით. ძიუდოში გოგონებში ხომ ასეთი პროგრესი გაქვთ და ახლა სამბოსაც გადმოსწვდით, ასეთი ტემპებით თუ გააგრძელებთ მალე რუსეთის ნაკრების პირველობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებთო - გამოგვიტყდა რუსთა ერთ-ერთი დამრიგებელი.

თუ გამოცდილი ნატალია ყიფშიძის კარგი გამოსვლა უფრო მოსალოდნელი იყო, სასიამოვნოდ გაგვაკვირვეს მძიმეწონოსანმა მარიამ ცერცვაძემ და 2000 წელს დაბადებულმა თიკო რევაზიშვილმა. ამ უკანასკნელმა ტურნირის აღმოჩენის ტიტულიც დაიმსახურა.

ჭაბუკ ვაჟებში შეუდარებელი იყო ჩვენი მომავლის იმედი, მძიმეწონოსანი გელა ზაალიშვილი, ვინც ნამდვილი ქარიშხალივით გადაუარა მეტოქეებს და ყველას აჩვენა, რომ ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს მსოფლიოში.დასანანი იყო ევროპის მოქმედი ჩემპიონების საბა გრიგალაშვილის და ირაკლი ხერგიანის ოქროს გარეშე დარჩენა. საერთოდ კი უნდა აღინიშნოს რომ 10 ჭაბუკი ვაჟიდან ცხრამ შეძლო მედლის მოპოვება.

თავი არც ახალგაზრდა ვაჟებს შეურცხვენიათ. ბრწყინვალე იყო შეჯიბრის დასკვნითი დღე, როცა დარჩენილი სამი წონიდან სამივე ქართველი სამბისტის გამარჯვებით დაგვირგვინდა და სამჯერ აჟღერდა ჩვენი ქვეყნის ჰიმნი.

ევროპის ჩემპიონობას მსოფლიოს ოქრო მიუმატეს ირაკლი კუპატაძემ და დავით ოზბეთელაშვილმა, ხოლო ქართველ ახალგაზრდათაგან მესამე ოქროს მფლობელი, ზვიად თევდორაშვილი ტურნირის ნამდვილი ტრიუმფატორი გახდა. "ქართული ტანკის" გამოსვლამ არაერთხელ მოსწყვიტა ტაში ტრიბუნებზე შეკრებილ მაყურებელს და ადგილობრივი სპეციალისტებიც აღფრთოვანებაში მოიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112868