ფეხბურთი

22:48 | 6.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

არამეგობრული მარცხი ფრანგებთან სპარინგში

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ჰავრში, საფრანგეთის შესაბამის ასაკობრივ გუნდთან ისპარინგა, თუმცა არამეგობრული სხვაობით დამარცხდა – 1:5. მასპინძელთა უპირატესობა მთელი თამაში თვალში საცემი იყო და თუ არ ჩავთვლით, ქარველთა რამდენიმე გამონათებას, 90 წუთმა ჩვენს ნახევარზე ჩაიარა.

პირველი ტაიმი მთლიანად ფრანგთა უპირატესობით წარიმართა. კლასში სხვაობა საგრძნობი იყო, რაც ბუნებრივია, რადგან ფრანგთა რიგებში ისეთი მაღალი დონის მოთამაშეები ირჯებოდნენ, როგორებიც ადრიენ რაბიო, უსმან დემბელე, კერენტინი ტოლისო და სხვები არიან. გოლებიც მარტივად გავიტანეს: ჯერ გაგი მარგველაშვილის უხეიროდ მოგერიებული ბურთი საჯარიმოსთან მყოფ ჟან-კევინ ოგუსტინის მიუვიდა და პსჟ-ს ფორვარდიც სიტუაციაში ადვილად გაერკვა და ანგარიში გახსნა. ხუთ წუთში ლაზარე კუპატაძეს მეორედ მოუწია ბურთის ბადიდან გამოტანა. შორი დისტანციიდან “მამლების” კაპიტანმა და ლიონის “ოლიმპიკის” ერთ-ერთნა ლიდერმა ტოლისომ ცხრიანში ჩააჭედა ბურთი. გარდა ამისა, რამდენჯერმე კიდევ შეეძლო საფრანგეთს ჩვენს კარში გატანა, თუმცა ვერ მოახერხეს. გია გეგუჩაძის გუნდმა კი, I ნახევარში ერთადერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი მე-10 წუთზე შექმნა. გრიგოლ ჩაბრძამ მარჯვენა ფლანგზე ჩინებულად ითამაშა და იქვე მდგომ ლუკა ზარანდიას დაუგორა – “ლოკომოტივის” შემტევმა კარგად დაარტყა, თუმცა იღბალმა ზურგი გვაქცია: ბურთი ძელს მოხვდა და ლამის კარის ხაზზე გაგორდა, მაგრამ გოლი არ გავიდა.

მეორე 45 წუთში სურათი არ შეცვლილა – ერთი ეგაა, გოლის გატანა მოავხერხეთ. 70-ე წუთზე გაბრიელ საღრიშვილის ჩაწოდება გიორგი ხარაშივლი გამოეხმაურა და თავით შეაგდო – ლამაზი გოლი გამოვიდა, განსაკუთრებით კომბინაცია. თუმცა, პიერ მანკოვსკის შეგირდებმა სამჯერ დალაშქრეს ჩვენი კარი.

ასეა თუ ისე, ფაქტი უნდა ვაღიაროთ: ევროპული ფეხბურთისგან შორს ვართ. ეგეც არ იყოს, საფრანგეთს ამ ასაკში ერთ-ერთი საუკეთესო თაობა ჰყავს, ხოლო საქართველოს ნაკრებში გია გეგუჩაძემ ახალი გუნდის ჩამოყალიბება დაიწყო და იმედია, მომავალში ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ბევრად გამართულ ფეხბურთს აჩვენებს...

საფარნგეთი (U21) – საქართველო (U21) 5:1 (2:0)

ჰავრი, “სტად ოუშენი”

საფრანგეთი (4-3-3): მაინა; პავარი (დუბუა 87), დიოპი, ლენგლე (დიარო 71), ამავი (ერნანდესი 46); რაბიო, ბაკაიოკო, ტოლისო (მ. დემბელე 46); ლემარი (ბლინი 79), ოგუსტინი (ჰალე 46), უ. დემბელე (კოზიელო 46)

მწვრთნელი: პიერ მანკოვსკი

საქართველო (4-3-3): კუპატაძე; ჩაბრაძე (ჩაჩუა 84), მარგველაშვილი, ჭიჭინაძე, თევზაძე (მოხევიშვილი 71); ხარაიშვილი (ზარია 71), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 71), კიტეიშვილი (ჯობავა 84); ზარანდია, ჭანტურია (საღრიშვილი 46), ბერიძე

მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გოლები: 1:0 ოგუსტინი (19), 2:0 ტოლისო (24), 3:0 ჰალე (60, პენ), 3:1 ხარაიშვილი (70), 4:1 მ. დემბელე (75), 5:1 კოზიელო (86)

მსაჯი: ფედაი სანი (შვეიცარია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102414