ფეხბურთი

13:05 | 3.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩატეხილი ხიდი, ანუ რა ხდება ასაკობრივ ჩემპიონატებში

ჭაბუკთა ასაკობრივ ჩემპიონატებზე და მის პრობლემებზე ადრეც არაერთხელ დაგვიწერია და პერიოდულად ვეცდებით, რომ გავაშუქოთ. როგორც იცით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით სამ ასაკში მიმდინარეობს ჩემპიონატი (19, 17 და 15-წლამდელები) და ბუნებრივია, აქაც მოკლე გათამაშებაა, დეკემბერში დასრულდება. გაგაცნობთ, თუ როგორია ზოგადი სურათი, რომელ კლუბს როგორი მდგომარეობა აქვს და პრობლემები ყველაზე მეტად რაში გამოიხატება.

პარადოქსულ სიტუაციებსაც შეხვდებით. ვეება განსხვავებაა თბილისისა და რაიონის გუნდებს შორის. რეგიონებს შველა უნდათ, იქ წლების განმავლობაში საფეხბურთო ცხოვრებაYჩამკვდარი იყო.

გვახსოვს, 2012 წელს როცა ვასილ მაისურაძე 17-წლამდელთა ნაკრებს წვრთნიდა და გუნდი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, ინტერვიუში გვითხრა, ძალიანაც მინდოდა იმერეთიდან ერთი ფეხბურთელი მაინც მყოლოდა, მაგრამ ნიკა ახვლედიანის გარდა, სანაკრებო დონისა ვერავინ ვნახეო. ახვლედიანიც ზუგდიდის აკადემიაში იზრდებოდა.

U 19 (1998 წელს დაბადებულები და უმცროსები)

გაისად უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე სწორედ ამ ასაკობრივში გამარჯვებული გავა (თუ საკლუბო რეიტინგი გვეყო), ოღონდ იქ 1999 წელს დაბადებულებს შეეძლებათ თამაში და მხოლოდ სამი ფეხბურთელი შეიძლება იყოს 1998-იანი. იმ ახალგაზრდულ ლიგაზე ვწერთ, რომლის პირველ რაუნდში თბილისის "დინამომ" ალმათის "ქაირათთან" შინ 0:3 რომ წააგო.

აღმოსავლეთ ჯგუფში "დინამო" (მწვრთნელი ლევან გვანცელაძე) ლიდერობს, მას კი მოჰყვებიან გიორგი ჭელიძის გაწვრთნილი "საბურთალო" და გიორგი დევდარიანის "ლოკომოტივი". არც "ცხინვალია" სუსტი, მეოთხეზეა და თამაშები რომ გვინახავს, იქიდან გამომდინარე ვიტყვით, რომ ორ საუკეთესოს შორის მოხვედრა შეუძლია.

აი, "დილა", "რუსთავი", "სიონი" და "ჩიხურა" კი სუსტად თამაშობენ. საჩხერის "ჩიხურაზე" რა ვთქვათ, გუნდს შვიდიდან შვიდივე წაგებული აქვს, 41 გოლი გაუშვა და მხოლოდ 2 გაიტანა.

უცნაურია ამ ჯგუფში დაფიქსირებული ანგარიშები. უცნაური, მაგრამ მოსალოდნელი. "დინამო"-"რუსთავი" 14:0, "ჩიხურა"-"ლოკომოტივი" 0:9, "საბურთალო"-"ჩიხურა" 10:0.

დასავლეთის ჯგუფში ასეთი ხიდჩატეხილობა არაა, მაგრამ არა იმიტომ, რომ იქ აუტსაიდერები არ არიან, არამედ იმიტომ, რომ "დინამოს", საბურთალოსა" და "ლოკომოტივის" დონის გუნდები დასავლეთს არ ჰყავს. შესაბამისად, სუსტს ოდნავ მასზე ძლიერი უგებს.

სხვებზე ძლიერები ჩანან "სამტრედია" და "ზუგდიდი", აუტსაიდერი კი "გურიაა". დანარჩენ 5 გუნდს შორის ქულათა სხვაობა დიდი არაა: ბათუმის 'დინამო", "ტორპედო", "საპოვნელა", "შუქურა" და "კოლხეთი" მესამე-მეშვიდე ადგილებს იკავებენ.

ახლა საკითხავია, რამდენად ზრდის ჭაბუკს ორნიშნა ანგარიშებით მოგება? უნდა გაიზარდოს კონკურენციაში, სადაც მეტად იქნება ტონუსში, ექნება მოწინააღმდეგის რიდი, თამაშის წინ მცირე ნერვიულობა.

U 17 (1999 წელს დაბადებულები და უმცროსები)

სამი ზონაა, თითოეულიდან ორ-ორი საუკეთესო და პლუს ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი (ანუ სულ 8) გავა მეოთხედფინალში, სადაც უკვე ფლეი-ოფები იქნება. აღმოსავლეთში სამეული თითქოს გამოკვეთილია, თუ მათ სათამაშო დონეს გავითვალისწინებთ. "დინამო", (მწვრთნელი ვლადიმერ გოჩაშვილი), "საბურთალო" (სულიკო დავითაშვილი) და ასევე, ამ ზაფხულს გაძლიერებული "ცხინვალი" (მალხაზ ლაცაბიძე).

არიან კლუბები, რომლებსაც ერთ კონკრეტულ ასაკში ძლიერი გუნდები ჰყავთ, მეორეში კი სუსტები. "ცხინვალის" საუკეთესო გუნდი სწორედ 1999 წელს დაბადებულებია, ასევეა "ვიტ ჯორჯიაც", რომელმაც სამეულში გასასვლელად შეიძლება იბრძოლოს. აუტსაიდერი კახური "ჰერეთი" ჩანს, "სიონი" და 35-ე სკოლაც ჯერ სუსტად არიან.

დასავლეთში მარტვილის "მერანი" მიჰქრის, ხუთი მატჩიდან ხუთივე მოგებით. მეორე-მესამეზე "კოლხეთი" და "ზუგდიდი" არიან. ჯერ არ მოუგიათ ზუგდიდის სფფ აკადემიასა და ბათუმის "დინამოს", თუმცა ქულებით დიდად არ ჩამორჩებიან სხვებს.

ცენტრალურ ზონაში ექვსი თამაშიდან ექვსივე მოიგო "ლოკომოტივმა" (მწვრთნელი ვლადიმერ ვაშაძე) და ბურთების შეფარდება ასეთი აქვს: 26:1. თანაც, "ლოკოს" ამ ასაკის გუნდი ერთი წლით პატარებით, 2000 წელს დაბადებულებითაა დაკომპლექტებული.

ამავე ზონაშია სფფ აკადემიის 2001 წელს დაბადებულთა გუნდი (მწვრთნელი გიორგი ნემსაძე) და აი, სწორედ ახლა დავწერთ საინტერესო ამბავს. სფფ მეორე ადგილზეა და დასავლეთის 2 წლით უფროსთა გუნდებს უგებს, ამასწინათ "ტორპედო" ქუთაისში 3:1 დაამარცხა. ამ წლოვანებაში ორი კი არა, ერთი წელიც კი საკმაო სხვაობაა, ამ დროს…

მესამეზეც თბილისის გუნდია, კერძოდ, "ავაზა" და აქაც 2000 წელს დაბადებულები არიან. აი, 'ზესტაფონმა", რომელმაც პირველ ტურში "ლოკომოტივთან" 0:11 წააგო, შემდეგ აკრიფა ქულები, სამი მოგება და სამი მარცხი აქვს. ასეთივე შედეგი აქვს "სამტრედიასაც", "ტორპედო" და "დილა" სუსტად თამაშობენ, ხოლო აუტსაიდერი "ჩიხურაა".

რა ქნან რაიონის გუნდებმა? იქ თუ ნიჭიერები გამოჩნდებიან, თბილისის გუნდებში მიდიან, არადა საჭიროა, რომ რაიონებშიც იყოს კარგი გუნდები. მარტო თბილისში წასვლაზეც არაა, ან კი რამდენნი უნდა წავიდნენ, რომ ბათუმსა და ქუთაისში შევსება ვერ მიიღონ? არაა იქ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და სწორედ ამ საქმეს ემსახურება სტადიონების აშენება სახელმწყიფო პროგრამით.

U 15 (2001 წელს დაბადებულები და უმცროსები)

გათამაშების სისტემა U17-ის იდენტურია. აღმოსავლეთში ლიდერი "დინამოა", რომელსაც ხუთიდან ხუთი მოგება აქვს (ბურთები 37:2), მას კი "საბურთალო" მისდევს. ეს ორი გუნდი გამოირჩევა, აუტსაიდერი კი "ჰერეთია", რომელსაც სულ წაგებები აქვს, 2 ბურთი გაუტანია და 47 გაუშვია. დინამოელებთან სულაც 0:14 წააგეს. აქაც გვხვდება არასაფეხბურთო ანგარიშები...

დასავლეთში N 1 გუნდი "მერანია". ხუთიდან ხუთი მოგება, ბურთები 12:0. მარტვილელები უნდა შევაქოთ, 17-წლამდელებშიც ლიდერობენ და ორი წლით უმცროსებშიც. დანარჩენი გუნდებიდან ყველას თანაბარი შანსი აქვს, რათა მეორე, ან მესამე ადგილზე გავიდეს და ფლეი-ოფში გააღწიოს.

ცენტრალურ ზონაში "ტორპედო" (მწვრთნელი მიხეილ მახვილაძე) პირველობს, კარგი გუნდი ჰყავს ფედერაციის აკადემიის 2002 წელს დაბადებულებსაც. ჯერჯერობით, საშუალო შედეგი აქვთ "ლოკომოტივს", "ჩიხურას", "დილასა" და "ავაზას", ხოლო ბოლოზე "სამტრედიაა".

P.S. ხშირად არის საუბარი, რომ ასაკობრივ ნაკრებებში ვერ ხვდებიან რაიონის გუნდების ჭაბუკები, ან თუ ხვდებიან კანტი-კუნტად. ახლა დავსვათ კითხვა: როგორ უნდა მოხვდნენ ნაკრებში ფეხბურთელები, რომლებიც ორი წლით პატარებთან აგებენ, ან სულაც ერთი წლით პატარებთან შინ დიდი ანგარიშით მარცხდებიან? ხელოვნურად ნაკრებში გამოძახება არაფერს უშველის, თავის მოტყუება და ძლიერის დაჩაგვრა გამოვა. ხელოვნურად კი არა, რაიონებში უფრო აქტიურად დასაწყებია მუშაობა, რომ სხვაგან არ გაექცეთ ნიჭიერი ბიჭი. საჭიროა კარგი მწვრთნელებიც, რადგან ამ მხრივ ცუდი მდგომარეობა გვაქვს - ისეთები მოგვისმენია მათგან მატჩის მიმდინარეობისას, გამეორებაც სირცხვილია.

"ლოკომოტივის", საბურთალოს", "დინამოს", "მერანის", "ტორპედოს" Facebook-გვერდების ფოტოები

0.139296