ავტოსპორტი

21:15 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ბეემვე“ ლე მანს უბრუნდება

„ბეემვემ“ თავისი ახალი, კომპლექსური მოტორსპორტული პროგრამა გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა, რომ ბავარიელები იმ სერიებში მონაწილეობას გააგრძელებენ, რომლებშიც ამჟამად ასპარეზობენ. გარდა ამისა, ორ სხვა სერიაშიც ჩაერთვებიან. მათ შორის უფრო მნიშვნელოვანია ლე მანის 24-საათიანი რბოლა და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატი. მეორე კი არის ფორმულა E - ელექტრონული ღიაბორბლიანი სარბოლო სერია.

„ბეემვეს“ ლე მანი 1999 წელს აქვს მოგებული. მაშინ V12 LMR ღია პროტოტიპით ასპარეზობდა. ეს ბავარიული კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი გამარჯვებაა მოტორსპორტში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მისი ძრავებით აღჭურვილ „ბრებჰემს“, ფ1-ში ორი ტიტული აქვს მოპოვებული. გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატში, რომლს ნაწილიც არის ლე მანის რბოლა, „ბეემვე“ 2018 წლიდან ჩაერთვება.

გერმანულ კომპანიას ჯერ არ დაუზუსტებია, თუ ლე მანზე რომელ კლასში აპირებს ჩართვას. სავარაუდოდ, ლაპარაკი არაა ყველაზე პრესტიჟულ, LMP1 პროტოტიპებზე. „ბეემვე“ ალბათ GTEკლასში ჩაერთვება, სადაც მონაწილეობას სარბოლო M6 GT3-ით მიიღებს. რაც შეეხება ფორმულა E-ს სერიას, აქ ბავარიული კომპანია თავიდან გუნდ „ანდრეტის“ პარტნიორი გახდება, 2018-19 წლების სეზონიდან კი ჩემპიონატში საკუთარი საქარხნო გუნდით ჩაებმება.

პარალელურად, „ბეემვე“ გააგრძელებს გამოსვლას DTM-ის და IMSA-ს (გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატის ამერიკული ანალოგი) სერიებში. იმავდროულად, „ბეემვეს“ ჯგუფში შემავალი „მინი“ კვლავაც გააგრძელებს დაკარის რალი-მარათონში მონაწილეობას.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102481