ფეხბურთი

3:24 | 27.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგა,II ტურის წინ: "სიგნალ იდუნა პარკზე" დიდი მატჩია

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური აიღებს სტარტს – ევროპის რვა სხვადასხვა ქალაქში გაიმართება შეხვედრები. მათგან გამოსარჩევი ცალსახად, დორტმუნდის “ბორუსიასა” და მადრიდის “რეალის” მატჩია – ერთმანეთში ძველი ანგარიშები ორივეს გასასწორებელი აქვთ.

უინტერესო წესით არც “ლესტერ სიტისა” და “პორტუს” დაპირისპირება უნდა გამოდგეს. ინგლისის ჩემპიონი “დრაკონების” წინააღმდეგ როგორ ითამაშებს, უკვე საინტერესოა... მოკლედ, მივყვეთ თანმიმდევრობით, ჯგუფების მიხედვით.

E ჯგუფი

“მონაკო” – “ლევერკუზენი”

E ჯგუფის მეორე ტურის ცენტრალური შეხვედრა მონტე კარლოში შედგება, სადაც ერთმანეთს ძველი ნაცნობები, “მონაკო” და “ლევერკუზენი” დაუპირისპირდებიან. ძველი იმიტომ, რომ ზუსტად ორი წლის წინაც მათი გზები ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა. მაშინ ფრანგებმა “ბაიერს” აჯობეს – ორივე თამაში “მონაკომ” 1:0 მოიგო და მაშინ ლეონარდო ჟარდიმის გუნდი მეოთხედფინალამდეც მივიდა, სადაც ტურინის “იუვენტუსთან” წააგო. თუმცა, შარშანწინდელის გარდა, ეს ორი კლუბი ერთ ქვეჯგუფში შორეულ 1997-1998 წლების სეზონშიც იყვნენ. საინტერესოა, რომ მაშინაც “თავადებმა” შორს მოახერხეს გასვლა, კერძოდ, ნახევარფინალამდე და იქაც “იუვეს” ბარიერი ვერ დასძლიეს. მოკლედ, “მონაკოსთვის” “ლევერკუზენს” კარგი ფეხი აქვს. რაც შეეხება უშუალოდ მაშინდელ მატჩებს, საფრანგენთში მასპინძლებმა ადვილად, 4:0 იმარჯვეს, ხოლო გერმანიაში თამაში 2:2 დასრულდა.

დღევანდელ დღეს: პირველ ტურში “მონაკომ” ბევრისთვის მოულოდნელად გასვლაზე “ტოტენჰემს” მოუგო, ხოლო “ბაიერმა” ასევე სენსაციურად შინ ცსკას გაუყო ქულა – 2:2. საგულისხმოა, რომ როჯერ შმიდტის გუნდი 2:0 იგებდა, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. ბოლო დროს საფრანგეთის წარმომადგენელი უკეთეს ფორმაში ვიდრე ვიზავი: “მონაკომ” უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და ერთადერთი წააგო, “ნიცასთან” (0:4). აქვე აღვნიშნოთ, რომ ჟარდიმის გუნდს ბოლო 9 თამაშიდან რვა მოგებული აქვს. “ბაიერმა” კი მხოლოდ ორჯერ იმარჯვა და მათ შორის, ბუნდესლიგის ბოლო ტურში გასვლაზე “მაინცითან” (3:2).

დღევანდელ შეხვედრაში ლეონარდო ჟარდიმს ნაბილ დირარისა და რადამელ ფალკაოს იმედი არ ექნება – ორივე “მონეგასკთათვის” მნიშვნელოვანი დანაკლისია. რაც შეეხება მეტოქის ბანაკს; ბელარაბის თამაში გამორიცხულია, ხოლო ჰაკან ჩალჰანოღლუს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

სავარაუდო შემადგენლობები:

მონტე კარლო, “ლუი II”

22:40 საათი

“მონაკო” (4-2-3-1): შუბაშიჩი; რაჯი, გლიკი, ჯემერსონი, სიდიბე; ფაბინიო, ბაკაიოკო; ლემარი, მოუტინიო, სილვა; ჟერმაინი

მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი

“ლევერკუზენი” (4-4-2): ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, ტოპრაკი, ვენდელი; ბენდერი, არანგიზი, ბრანდტი, კამპლი; ჩიჩარიტო, ვოლანდი

მწვრთნელი: როჯერ შმიდტი

მსაჯი: დავიდ ფერნანდეს ბორბალანი (ესპანეთი)

ცსკა – “ტოტენჰემი”

ჯგუფის მეორე მატჩი მოსკოვში გაიმართება: ცსკა ლონდონის “ტოტენჰემს” დაუხვდება. ბევრის აზრით, რუსეთის წარმომადგენელი ამ ჯგუფში აუტსაიდერია, “ტოტენჰემი” კი ფავორიტი. თუმცა, პირველმა ტურმა სხვა რამ დაგვანახა. ინგლისელები უქულოდ არიან, ხოლო ცსკამ გერმანიიდან ქულა წამოიღო. მოკლედ, არც ლეონიდ სლუცკის შეგირდთა ჩამოწერა ივარგებს. სხვათა შორის იგი მიიჩნევს, რომ “ტოტენჰემი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია...

“ტოტენჰემისსთვის” მოსკოვი ნაცნობი ადგილი სულაც არაა: რუსეთის დედაქალაქში “მამლები” პირველად ითამაშებენ, ხოლო ცსკას ინგლისურ გუნდებთან არცთუ ისე საგანგაშო მაჩვენებელი აქვს: 2 მოგება, 2 ფრე, 3 წაგება. აღსანიშნავია ისიც, რომ ცსკას სახლში უკვე მიჯრით 9 მატჩია არ წაუგია, გასული წლის 25 ნოემბრიდან მოყოლებული.

მაურისიო პოჩეტინიოს შეგირდები ბრწყინვალე ფორმაში არიან და პრემიერლიგაში მეტოქეებისგან ქვას ქვაზე არ ტოვებენ. ერთი ეგაა, ლიგის პირველ ტურში დარჩნენ ხელმოცარულნი. ცსკაც ლიდერია თავის ჩემპიონატში და მხოლოდ “სპარტაკს” ჩამორჩება. ბოლო ტურში არმიელებმა სახლში “კრასნოდარს” ვერ მოუგეს, ხოლო “დეზებმა” გასვლაზე “მიდლსბროს” აჯობეს.

დღევანდელ შეხვედრას “ტოტენჰემი” დიდი დანაკლისით ხვდება. პოჩეტინიოს სასტარტოს რამდენიმე წევრი, ჰარი კეინი, დენი როუზი, მუსა სისოკო, ერიკ დაიერი და მუსა დემბელე არ ეყოლება. ცსკას მდგომარეობა კი ამ მხრივ შედარებით მსუბუქია: ცაუნია და ძაგოევი.

სავარაუდო შემადგენლობები:

მოსკოვი, “ცსკა არენა”

22:40 საათი

ცსკა (4-5-1): აკინფეევი; მარიო ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; იონოვი, ვერნბლუმი, მილანოვი, ერემენკო, გოლოვინი; ტრაორე

მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი

“ტოტენჰემი” (4-2-3-1): ლორისი; უოლკერი, ალდერვეიელდი, ვერტონგენი, დევისი; ვანიამა, ალი; სონი, ერიკსენი, ლამელა; იანსენი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინიო

მსაჯი: ანტონიო ლაჰოზი (ესპანეთი)

F ჯგუფი

“დორტმუნდი” – “რეალი”

F ჯგუფის და საერთოდ, დღის ცენტრალური თამაში დორტმუნდში, “სიგნალ იდუნა პარკზე” შედგება, სადაც ადგილობრივი “ბორუსია” მადრიდის “რეალს” უმასპინძლებს. “დორტმუნდმა” 10 სექტემბერს, “ლაიპციგთან” სტუმრად წააგო და იქედან მოყოლებული დაუნდობელი გახდა. “ყვითლებმა” მას მერე ოთხი თამაში ჩაატარეს, ოთხჯერვე იმარჯვეს, გაიტანეს 20 გოლი და გაუშვეს მხოლოდ ორი. დიდებულ ფორმაშია ტუხელის გუნდი და წესით “რეალთანაც” შემართებით უნდა გავიდეს მოედანზე. გავითვალისწინოთ ისიც, რომ “რეალს” გერმანიაში თამაში მაინცდამაინც არ გამოსდის: 29-დან მხოლოდ 4 გამარჯვება. თანაც “ბორუსიას” შანსი აქვს საკუთარ მოედანზე “სამეფო კლუბს” მიჯრით მეოთხედ მოუგოს. ამასთან, “რეალს” გადასარევი პერიოდი არ უდგას. მართალია, ლა ლიგას ლიდერობს, მაგრამ ლიგის პირველ ტურში გაჭირვებით მოიგო და პრიმერას ბოლო ორ ტურში ოდენ ორ ფრეს გამორჩა “ვილიარეალთან” და “ლას პალმასთან”. ამ უკანასკნელთან მატჩისას ზინედინ ზიდანმა რონალუ შეცვალა და ესპანური მედიის ცნობით, კრიშტიანუმ ფრანგი უშვერი სიტყვებითაც შეამკო. მოკლედ, “რეალი” გერმანიაში არცთუ ისე კარგ პერიოდში ჩადის. თუმცა, აღვნიშნოთ, რომ “სამეფო კლუბს” უკვე მიჯრით 19 თამაშია ყველა ტურნირის გათვალისწინებით არ წაუგია. სერია სტარტს 6 აპრილიდან იღებს. ტომას ტუხელი კი, დღევანდელ მეტოქეს ასე იხსენიებს: “საუკეთესო გუნდი მსოფლიოში”.

საერთოდ, “დორტმუნდისა” და “რეალი” დაპირისპირებები კლასიკადაც შეიძლება ჩაითვალოს. 2012-2014 წლებში მათი გზები ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგაზე იკვეთებოდა. 2012-2013 წლების სეზონში ისინი ჯერ ქვეჯგუფში იყვნენ ერთად, მერე ნახევარფინალშიც ერთმანეთში გაარკვიეს ურთიერთობა. ჯგუფში “ბორუსიამ” შინ 2:1 მოიგო, ხოლო მადრიდში 2:2 გამორჩა. აი ნახევარფინალში კი, იურგენ კლოპის მაშინდელმა გუნდმა სახლში ფანტასტიურად ითამაშა და რობერტ ლევანდოვსკის პოკერით მადრიდულ გრანდს 4:1 აჯობა. საპასუხო მატჩის მიწურულს კი, “რეალმა” ორჯერ გაუტანა მეტოქეს, თუმცა მესამე გოლის გასატანად, რომელიც ფინალში გაიყვანდა, დრო არ ეყო. ესპანელებმა რევანში ერთი წლის მერე აიღეს: მეოთხედფინალში “რეალმა” შინ 3:0 მოიგო და სტუმრად 0:2 მარცხის მიუხედავად მომდევნო ეტაპზე გავიდა. აქვე გასახსენებლად ღირს 2002-2003 წლების სეზონის მატჩი: “სანტიაგო ბერნაბეუზე” მასპინძლებმა ხავიერ პორტილიოს გვიანი გოლით 2:1 იმარჯვეს, ხოლო დორმუნტში 1:1 დაფიქსირდა. 1997-1998 წლების სეზონშიც უფრო ძლიერი “რეალი” გამოდგა ასევე ჩემპიონთა ლიგაზე – ორი მატჩის ჯამში 2:0 (2:0, 0:0).

დღეს, ტომას ტუხელს ერიკ დურმი და მარკო როისი არ ეყოლება, ხოლო მის ვიზავი კაზემიროსა და მარსელოს იმედი ვერ ექნება. სხვა მხრივ ორივე გუნდის შემადგენლობა საბრძოლოა.

სავარაუდო შემადგენლობები:

დორმტუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”

22:45 საათი

“დორტმუნდი” (4-2-3-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი; კასტრო, ვეიგლი; გუერეირო, გიოტცე, დემბელე; ობამეიანგი

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

“რეალი” (4-3-3): კასილია; კარვახალი, პეპ, რამოსი, დანილო; კროოსი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი; ბეილი, ბენზემა, რონალდუ

მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

“სპორტინგი” – “ლეგია”

ამ ჯგუფის მეორე მატჩი ზემოხსენებული დაპირისპირების ჩრდილშია მოქცეული, მაგრამ ჩვენთვის მაინც საინტერესოა: ერთადერთი ქართველი ლიგაზე, ვაკო ყაზაიშვილი სწორედ “ლეგიაში” ირჯება. მას დებიუტი პირველ ტურში “დორტმუნდთან” ჰქონდა, თუმცა იმის მერე პოლონეთის ჩემპიონატში ზედიზედ ორი თამაში მთლიანად თადარიგში გაატარა. უეფას ვერსიით, სასტარტოში ვაკო არც დღეს უნდა იყოს, თუმცა დაველოდოთ. ვთქვათ, რომ პოლონეთის ჩემპიონს ახალი მთავარი მწვრთნელი იაცეკ მაგიერა, რომელსაც დებიუტი დღეს ლისაბონში ექნება. საერთოდ, ვარშაველებს ძალზე ცუდი პერიოდი უდგათ: ბოლო ათი თამაშიდან ექვსში მარცხი განიცადეს, ხოლო ბოლო ტურში აუსტაიდერ “ვისლასთან” 0:0 დაასრულეს თამაში.

“სპორტინგი” კი ბევრად კარგ ფორმაში და ბოლო ტურშიც დამაჯერებლად მოიგო. ჟორჟე ჟესუსის გუნდმა ლიგის პირველ ტურში გადასარევი შთაბეჭდილება დატოვა და რომ არა “რეალთან” შეხვედრის ბოლო ხუთი წუთი, მადრიდიდან მოგებულნი დაბრუნდებოდნენ შინ. ვახსენოთ ისიც, რომ აქამდე “სპორტინგი” და “ლეგია” ერთმანეთს 2012 წლის თებერვალში, ევროპა ლიგის 1/16 ფინალში გადაეყარნენ. მაშინ, პოლონეთში 2:2 დასრულდა შეხვედრა, ხოლო ლისაბონში მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

დანაკლისითაც ლისაბონელებს არავინ დააკლდებათ, იგივე ვითარებაა პოლონელთა ბანაკშიც.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”

22:40 საათი

“სპორტინგი” (4-4-2): რუი პატრისიო; ჟოაო პერეირა, კოატესი, სემედო, ზეეგელაარი; ჟელსონი, ადრიენ სილვა, კარვალიო, ბრაიან რუისი; ალან რუისი, დოსტი

მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი

“ლეგია” (4-4-2): მალარზი; ბერესჟინსკი, პაზდანი, ბროზი, ჰლოუსეკი; მულინი, იოდლოვეცი, რადოვიჩი; პრიოვიჩი, ნიკოლიჩი

მწვრთნელი: იაცეკ მაგიერა

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

G ჯგუფი

“კოპენჰაგენი” – “ბრიუგე”

საყოველთაო მოსაზრებით G ჯგუფი ყველაზე სუსტია. ძნელია ამას არ დავეთანხმოთ, მიუხედავად იმისა, რომ აქ ინგლისის ჩემპიონი ასპარეზობს – “ლესტერ სიტი”, რომელსაც დებიუტი დიდებული ჰქონდა. მოუგო რა გასვლაზე “ბრიუგეს”. ბელგიის ჩემპიონს, რომელიც დღეს სტუმრად დანიის უძლიერეს გუნდ “კოპენჰაგენს” ხვდება, რომელმაც თავის მხრივ I ტურში “პორტუსთან” ქულა გასვლაზე მოიპოვა და დღევანდელ შეხვედრაში ფავორიტია.

საერთოდ, სტალე სლობაკენის გუნდი დიდებულ ფორმაშია და 22 მაისიდან მოყოლებული არ წაუგია (20 თამაში მიჯრით). ურიგოდ არც ბელგიელები გამოიყურებიან, უბრალოდ “ლესტერთან” ვერაფერი გააწყვეს და მას მერე შიდა ჩემპიონატში ზედიზედ სამჯერ მოახერხეს გამარჯვება.

ამ გუნდთა ბოლო შეხვედრა წესით ორივეს კარგად უნდა ახსოვდეს: ევროპა ლიგის ჯგუფში, 2014 წლის 6 ნოემბერს, “ბრიუგემ” “პარკენზე” მეტოქე 4:0 გაანადგურა. ეს ერთადერთი თამაშია, რომელიც ბელგიელებმა მოუგეს დანიელებს. “კოპენჰაგენი” ურთიერშეხვედრებში უპირატესობას ფლობს: 2 მოგება, 2 ფრე, 1 მარცხი. თუმცა, საკმაოდ მწარე მარცხი...

დღევანდელ შეხვედრაში მასპინძლებს გრეგუსი, ხოლო სტუმრებს რაფაელოვი და ენგელსი დააკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

კოპენჰაგენი, “პარკენი”

22:40 საათი

“კოპენჰაგენი” (4-4-2): ოლსენი; ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტუნსონი; ვერბიჩი, დელანეი, კვისტი, ტუტუ; სანტანდერი, კორნელიუსი

მწვრთნელი: სტალე სლობაკენი

“ბრიუგე” (4-2-3-1): ბუტელე; ვან რინი, პულანი, დენსვილი, დე ბოკი; ვორმერი, სიმონსი; ვანაკენი, კლაუდემირი, იზკუიერდო; ვოსენი

მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

“ლესტერი” – “პორტუ”

თუმცა, ჯგუფის მთავარი შეხვედრა ლესტერში შედგება, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი პირველად აჟღერდება. “მელიების” მეტოქე კი, ლიგის ორგზის გამარჯვებული “პორტუა”, რომელმაც პირველ ტურში დაუგეგმავი ორი ქულა გაანიავა და ახლა სიტუაციის გამოსწორებას ეცდება. სახარბიელო მდგომარეობა არც კლაუდიო რანიერის აქვს. ინგლისის ჩემპიონმა პრემიერლიგა ცუდად დაიწყო. ცუდად რა, შარშანდელთან შედარებით თორემ, ისე “ლესტერისგან” უკეთეს ასპარეზობას მანამდეც არ ვიყავით დაჩვეულნი.

“პორტუსთვის” ინგლისი არცთუ ისე კარგად მოსაგონარია. აქამდე “დრაკონებს” ალბიონზე 16-ჯერ უთამაშიათ და არცერთხელ არ მოუგიათ. მოკლედ, ნუნუ ესპირიტუს გუნდს ნავსიც აქვს გასატეხი ყველაფერთან ერთად. “ლესტერს” კი, თავის მხრივ, ბოლო 20 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ორი წაგებული და მათ შორის ერთი, ბოლოს, ინგლისის ლიგის თასზე დამატებით დროში “ჩელსისთან” დათმო. მატჩი, რომელსაც შინჯი ოკაზაკის დუბლით პირველივე ტაიმში 2:0 იგებდა... “ლესტერის” გამოუცდელობის გამო ეს გუნდები ერთმანეთს პირველად ხვდებიან. სამაგიეროდ, “პორტუს” ძალიან კარგად იცნობს, ისლამ სლიმანი, რომელსაც “სპორტინგის” მაისურით “დრაკონთა” კარში სამ თამაშში ხუთი გოლი აქვს გატანილი და ეს ყოველივე მხოლოდ 2016 წელს...

დღევანდელ შეხვედრაში კლაუდიო რანიერი მხოლოდ ნახევარმცველ მენდის მოისაკლისებს, ხოლო მისი ვიზავი მაქსი პერეირას.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლესტერი, “კინგ პოუერ სთედიუმი”

22:40 საათი

“ლესტერი” (4-4-2): შმეიხელი; სიმპსონი, ჰუტი, მორგანი, ფუხსი; მაჰრეზი, დრინკუოთერი, ამარტეი, ალბირგტონი; სლიმანი, ვარდი

მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი

“პორტუ” (4-4-2): კასილიასი; ლაიუნი, მარკანო, ფელიპე, ალექს ტელეში; დანილო, ოლივერ ტორესი, ერერა, ოტავიო; ანდრე სილვა, ადრიან ლოპესი

მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

H ჯგუფი

“სევილია” – “ლიონი”

H ჯგუფში ესპანური “სევილია”, ევროპა ლიგის ბოლო სამი სეზონის გამარჯვებული შინ ფრანგულ “ლიონს” მიიღებს და პირველი სამი ქულის მოპოვებას გეგმავს. ხორხე სამპაოლის გუნდი საწყის ტურში “იუვენტუსს” გასვლაზე დაუზავდა (0:0). საერთოდ, ევრ ვიტყვით, რომ “დალაქები” კარგ ფორმაში არიან. ერთი კვირის წინ სევილიური დერბი კი მოიგეს, მაგრამ მერე ბილბაოში უშანსოდ წააგეს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ, “ლიონზე” – “ლომები”, როგორც სჩვევიათ, არასტაბილურნი არიან. თუ “მონპელიეს” 5:1 გადაურბინეს, მერე “ლორიენთან” წააგეს 0:1.

ვთქვათ, რომ ეს გუნდები აქამდე ერთმანეთს არ შეხვედრილან, ხოლო “სევილიას” მაინცდამაინც კარგად არ გამოსდის საფრანგეთში თამაში: 5 მატჩი, 4 მარცხი.

დღევანდელ შეხვედრას, ისევე როგორც ბოლო პერიოდს “ლიონი” და მისი თავკაცი ბრუნო გენესიო სერიოზული დანაკლისით ხვდება. ამჯერზე ფრანგებს ლაკაზეტი, რაფაელი, კალულუ, ჟალე და გრენიე ვერ დაეხმარებათ, ხოლო მასპინძელთა ლაზარეთში ტრემოლინასი, კარიკო და რამი იმყოფებიან.

სავარაუდო შემადგენლობები:

სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”

22:40 საათი

“სევილია” (4-2-3-1): სერხიო რიკო; მარიანო, მერკადო, პარეხა, ესკუდერო; იბორა, ნზონზი; ვიტოლო, ნასრი, კორეა; ვასკესი

მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი

“ლიონი” (3-5-2): ლოპესი; იანგა-მბივა, მამანა, მორელი; გასპარი, გონალონსი, ტოლისო, ფერი, რიბუსი; კორნე, ფეკირი

მწვრთნელი: ბრუნო გენესიო

მსაჯი: ბას ნიიჰუისი (ჰოლანდია)

“დინამო” – “იუვენტუსი”

ტურინის “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგაზე დიდი მიზნები აქვს დასახული და პირველი გამარჯვების მოპოვებას დღეს, ზაგბრებში “დინამოსთან” ეცდება. როგორც მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, უნდა მოიგონ და თან კარგადაც ითამაშონ. ეს ორივე ერთად, “იუვეს” მართლაც სჭირდება. იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტურინელებმა “პალერმოს” სძლიეს, მაგრამ საშინლად ითამაშეს. როგორც მატჩის მერე ლეონარდო ბონუჩიმ თქვა, ასეთი რამ აღარ უნდა განმეორდეს. “იუვენტუსი” თავის თავს, არც ლიგის პირველ ტურში, “სევილიასთან” გავდა. მიუხედავად იმისა, რომ ესპანელებს კარშიც არ დაურტყამთ, ხოლო იტალიელებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, 0:0 მაინც ვერ იქნება ვერაფრის გარანტია. მოკლედ, ტურინელთათვის ჩემპიონთა ლიგა “მაქსიმირიდან” იწყება.

“იუვენტუსი” და “დინამო” ერთმანეთს პირველად ხვდებიან. სამაგიეროდ, კარგად იცნობენ ორივე გუნდს მარკო პიაცა და მარიო მანჯუკიჩი. მარკო ზაფხულში გადავიდა “იუვეში” სწორედ ზაგრებული გუნდიდან, ხოლო თავის დროზე იქ მარიოსაც უთამაშია. “დინამომ” ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის მოსახელე გუნდს სძლია, მაგრამ მერე მცირე ჩავარდნა დაეწყო და მთავარი მწვრთნელი უკვე იცვალა – ზლატკო კრანჩარი ჟელიკო სოპიჩმა შეცვალა, რომელმაც გუნდს ბოლო ორი თამაში მოაგებინა.

დღევანდელ მატჩში მასიმილიანო ალეგრის კვადვო ასამოა, დანიელე რუგანი, კლაუდიო მარკიზიო, მეჰდი ბენატია და სტეფანო სტურარო დააკლდება, ხოლო მის ხორვატ ვიზავის სტოიანოვიჩის, მაცელისა და კარიმის იმედი ვერ ექნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

ზაგრები, “მაქსიმირი”

22:40 საათი

“დინამო” (4-5-1): სემპერი; სიტუმი, სიგალი, ბენკოვიჩი, პივარიჩი; სუდანი, მაჩადო, ჟონასი, პავიჩიჩი, ანტოლიჩი; ფერნანდესი

მწვრთნელი: ჟელიკო სოპიჩი

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; დანი ალვეში, ხედირა, ერნანესი, პიანიჩი, ალექს სანდრო; დიბალა, იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

მსაჯი: მანუელ დე სოუზა (პორტუგალია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138773