ფეხბურთი

23:30 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის ტურნირი დასრულდა

26 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერითა და ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით, “აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის ტურნირის“ ფინალი გაიმართა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს თბილისისა და გორის გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბულ მატჩში გამარჯვება, მინიმალური ანგარიშით 1:0, თბილისის გუნდმა მოიპოვა.

ფინალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი დაესწრნენ.

„მინდა, მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც დღევანდელი სულისა და მხნეობის ზეიმი მოაწყო. მე მინდა მადლობა ვუთხრა ფეხბურთის ფედერაციას, ვეტერანთა დეპარტამენტს და ყველაზე დიდი მადლობა მინდა, გითხრათ თქვენ, ფეხბურთელებს, ვინც ქართული სულისა და ბრძოლისუნარიანობის ასეთი გამარჯვება გვაჩვენეთ,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყოველთვის მხარს დაუჭერს ასეთ ინიციატივებს.ჩვენ ვართ და ყოველთვის ვიქნებით ამ ადამიანების გვერდით,“- აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.

მატჩის შემდეგ ფინალისტების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. „აფხაზეთში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის ტურნირში“ ამპუტანტ ფეხბურთელთა 6 გუნდი მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის რეგულარული ჩემპიონატი დაიწყო. ეროვნული პირველობა ამ ფორმატით პირველად ტარდება და ამპუტანტ ფეხბურთელთა სპორტში რეგულარულ ჩართულობას ისახავს მიზნად, რაც, თავის მხრივ, მათ ჯანსაღი და აქტიური სპორტული ცხოვრების საშუალებას აძლევს.

სფფ-ის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118176