ფეხბურთი

11:29 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მცველი, რომელიც “ფანტაზისტა” იყო...

ფეხბურთი ისეთი სპეციფიკის სახეობაა, ერთ ფეხბურთელს რამდენიმე პოზიციაზე არცთუ იშვიათად ნახავთ. დღევანდელობაში და ადრეც, უნივერსალი მოთამაშეები ერთი-ორად ფასობ(დნ)ენ. წარსულიდანაც არაერთი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია პოზიციაშეცვლილ ფეხბურთელებზე, მაგრამ ახლა რაც მახსენდება, ჯანლუკა ძამბროტას მაგალითია. მთელი თავისი კარიერა იტალიელს მარჯვენა ნახევარმცველად გაეტარებინა, როცა “იუვენტუსს” მცველის პრობლემა დაუდგა და მარჩელო ლიპიმ მისი უკან დახევა გადაწყვიტა. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი: ლიპიმ ძამბროტა არა მარჯვენა მცველად, არამედ მარცხენა ფლანგზე გაამწესა და ასე იქცა 26 წლის ძამბროტა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო განაპირა მცველად.

ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც ეს მოხდა, მოსკოვის “ლოკომოტივში” ქართველი მალხაზ ასათიანი ირჯებოდა, რომელსაც მის პოზიციაზე დიდი კონკურენციის გამო თამაში არ უწევდა. რუსულ გუნდს კი 2004 წლის თებერვალში ფრანგულ “მონაკოსთან” მნიშვნელოვანი მერვედფინალური დუელი ელოდა ჩემპიონთა ლიგაზე. იური სიომინმა და ვლადიმირ ეშტერკოვმა ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, ქართველი “ფანტაზისტას” ცენტრალურ მცველად დაყენება გადაწყვიტეს “მონეგასკთა” წინააღმდეგ. იმ დროისთვის 22 წლის მალხაზმა ამოცანას ორივე შეხვედრაში ჩინებულად გაართვა და მიუხედავად “ლოკოს” ორი მატჩის ჯამში მარცხისა (0:1, 2:1), გამთამაშებლად აღარ დაბრუნებულა. არადა, ასათიანის მსგავსი მონაცემის ფეხბურთელს საქართველოში თითზე ჩამოსათვლელადაც ვერ იპოვნიდა კაცი იმხანად. სხვათა შორის, მიუხედავად კლუბში დაცვაში თამაშისა, საქართველოს ნაკრებში “ასა” მაინც ფორვარდების უკან მოქმედებდა და თან როგორ?! ალენ ჟირესის პერიოდში ასათიანს საუკეთესო ხანა ედგა “ჯვაროსნულ კარიერაში – გოლი ტრაბზონში, რომლითაც თურქეთის ნაკრებთან მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა ჩვენმა ნაკრებმა, ცოტა ხანში თბილისში ევროპის ჩემპიონატ გამოვლილ დანიის ნაკრებს ისეთი გოლი გაუტანა, ბარე-ორ ვარსკვლავს რომ შეშურდებოდა და საერთოდ, მისი თამაში არასდროს იძლეოდა ცუდის თქმის საბაბს. მთავარი გოლი კი, მაინც 2003 წლის აპრილში რუსეთის ნაკრებს გაუტანა “მიხეილ მესხზე” – გიორგი დემეტრაძის ფლანგურ გადაცემას ასათიანი თავით შედეგიანად გამოეხმაურა და ჩვენი ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი გამარჯვება ვიზეიმეთ – იმ დღეს, მალხაზ ასათიანმა საქართველოს ნაკრებში პირველი ოფიციალური მატჩი ითამაშა...

გუშინ ქართული კლასიკო იყო “დინამო არენაზე”, ცარიელ “დინამო არენაზე” და მაშინვე 2002 წლის მაისში გამართული “ტორპედო” “დინამოს” თამაში გამახსენდა ქუთაისში – ჩემპიონატის ბოლო ტური იყო და ჩემპიონის ვინაობა სწორედ აღნიშნულ მატჩში ირკვეოდა. რთულია ზუსტი ციფრის დასახელება თუ რამდენი ქომაგი დაესწრო მაშინ იმერეთის დედაქალაქში მატჩს, მაგრამ ფაქტია, რომ სტადიონზე ნემსი არ ჩავარდებოდა, ეგ კი არა, გულშემატკივრები განათების ბოძებზეც ისხდნენ და ისე ადევნებდნენ თვალს ქართულ ელ კლასიკოს – ნამდვილი საფეხბურთო გარემო იყო, რომელსაც უკვე დანატრებულნი ვართ. ჰოდა, ზუსტად ეს თამაში “ტორპედომ” 1:0 მოიგო და ჩემპიონი გახდა – მაშინ, ქუთათურთა რიგებში ასათიანი ირჯებოდა და სწორედ მან გაიტანა თერთმეტრიანით ერთადერთი გოლი. გოლი, რომელმაც “ტორპედო” მესამედ და ჯერჯერობით უკანასკნელად გააჩემპიონა.

საერთოდ ასათიანის კარიერიდან ბევრი ღირსშესანიშნავი ფაქტის გახსენება შეიძლება და ალბთა უფრო მეტი იქნებოდა გასახსენებელი, რომ არა ერთი დეტალი, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით – კარიერის დასრულება ძალზე ადრე მოუწია. 29 წელი ის ასაკია, როდესაც ფეხბურთელები ფორმის პიკში შედიან და მითუფრო თუ საქმე ცენტრალურ მცველს ეხება. როგორც მერე თვითონ თქვა, არ აპირებდა თამაშზე თავის დანებებას, უბრალოდ შესაბამისი შემოთავაზებები დროულად ვერ მიიღო და მერე უკვე მოხდა ის, რაც მოხდა... მის კარიერაში სულ სამი გუნდი იყო: “ტორპედო”, მოსკოვის “ლოკომოტივი” და კიევის “დინამო” – უკრაინაში მალხაზი მისმა ძველმა ნაცნობმა იური სიომინმა წაიყვანა და იქ ერთი სეზონი დაჰყო, ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა. იმ ლიგაზე, საიდანაც დაიწყო მისი ცენტრალური მცველის კარიერა, თუმცა “ლოკომოტივთან” ერთად ჯგუფში შეღწევა მას მერე ვეღარ მოხერხდა.

ასეა თუ ისე, მალხაზ ასათიანმა თავისი კვალი მაინც დატოვა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად მეტიც შეეძლო დაეტოვებინა. არავინ იცის, მისი კარიერა როგორ განვითარდებოდა მცველად რომ არ დაეწიათ, მაგრამ როგორც სიომინი აღნიშნავს, ეს შეცდომა არ ყოფილა – შეცდომა ალბათ ადრე კარიერის დასრულება იყო – 29 წლის ასაკში...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112766