ავტოსპორტი

1:53 | 23.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ჰონდა“ მალაიზიაში „მაკლარენს“ განახლებულ ძრავს მიაწვდის

„ჰონდას“ ფ1-ის შეფი იუსუკე ჰასეგავა ამბობს, რომ მისი გუნდი მალაიზიის დიდ პრიზზე „მაკლარენს“ თავისი ძრავის ახალ, ამ სეზონში ბოლო ვერსიას მიაწვდის. მაგრამ ამის გამო, უოკინგელთა პილოტებს, ფერნანდო ალონსოს და ჯენსონ ბატონს სტარტზე ჯარიმის სახით ადგილების დაკარგვა მოუწევთ.

„ჰონდამ“ ძრავის წინა მოდიფიკაციისთვის, რომელიც „მაკლარენს“ პირველად სპაზე მიაწოდა, შვიდი პირობითი ჟეტონი გამოიყენა. მაშინ გაუმჯობესება შიდაწვის ძრავს და ტურბო კომპრესორს შეეხო. იაპონურ კომპანიას ამჟამად მხოლოდ სამი ჟეტონი აქვს გამოუყენებელი. მაგრამ ბატონს და ალონსოს ამ სეზონში უკვე ძალური დანადგარების ყველა კომპონენტის ლიმიტი აქვთ ამოწურული.

სწორედ ამის გამო, მალაიზიაში მათ ჯარიმები მოუწევთ. „ჰონდას“ შეეძლო, ახალი ძრავი პირველად იაპონიის ეტაპზე (რომელიც მალაიზიის შემდეგ ჩატარდება) გამოეყენებინა, მაგრამ არ სურდა, რომ მის პილოტებს ჯარიმები საშინაო რბოლაში მოეხადათ.

„ახალი ძრავი სპაზე წარვადგინეთ, რის შემდეგაც ცხრა რბოლა იყო დარჩენილი და ჩვენ კიდევ ერთი ახალი ძრავის შესაძლებლობა გვქონდა. ის ან მალაიზიაში უნდა წარგვედგინა, ან იაპონიაში და ან აშშ-ში. ჩვენ არ გვინდა ჯარიმა იაპონიაში. ამიტომ, მალაიზია ავირჩიეთ. ამ საკითხს გუნდთან ერთად ჯერაც განვიხილავთ. არ მგონია, ფანებს მოეწონოთ, თუ ჯარიმას იაპონიაში მივიღებთ“, - ამბობს ჰასეგავა.

გამოცემა „ავტოსპორტის“ კითხვაზე, სეპანგზე ახალ ძრავს ორივე პილოტი მიიღებს, თუ არა, ჰასეგავა პასუხობს: „ეს განხილვის კიდევ ერთი საკითხია. ტაქტიკური და კონსტრუქტორული მოსაზრებით, მირჩევნია მათ განსხვავებული ტაქტიკებით იასპარეზონ“.

რაც შეეხება იმას, თუ აგრეგატის რომელ კომპონენტებს შეეხო გაუმჯობესება, ჰასეგავა ამბობს, რომ ყურადღების ცენტრში კვლავ შიდაწვის ძრავია. თუმცა იმასაც დასძენს, რომ სიახლეები სხვა კომპონენტებსაც შეიძლება შეხებოდა, მაგრამ ეს კომპლექსური საკითხია, რაც საინჟინრო პოტენციალის სრულად გამოყენბას მოითხოვდა. გუნდს კი არ სურდა, რომ მთელი ყურადღება ამ სეზონზე გადაეტანა და მომავალი სეზონისთვის მზადების პროცესი შეფერხებულიყო.

და მაინც, ჰასეგავა დასძენს, რომ მომავალში გაუმჯობესების რესურსი არსებობს აგრეგატის შემსუბუქების, ცილინდრების ბლოკის სიმტკიცის გაზრდის და სხვა კომპონენტებზე მუშაობის მიმართულებით, რომლებსაც სიმძლავრის გაზრდა შეუძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113848