ავტოსპორტი

2:10 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო ისევ ფ1-დან წასვლაზე ფიქრობს

ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ თუ ახალი ტექნიკური რეგლამენტის ამუშავების შემდეგაც, ფორმულა 1-ის მანქანები ახლანდელზე უკეთესი სამართავი არ იქნება, არის სხვა რამეებიც, რის გაკეთებასაც ისურვებდა. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ამბობს, რომ მომავალი სეზონის მსვლელობისას გადაწყვეტს, კარიერას ფ1-ში გააგრძელებს, თუ სხვა სერიაში გადავა.

ესპანელ პილოტს „მაკლარენთან“ კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლომდე აკავშირებს. ალონსო ახლანდლ ფ1-ს მომაბეზრებელს უწოდებს. და თუ არაფერი შეიცვალა, უოკინგელებთან კონტრაქტის გაგრძელებას აღარ აპირებს. მაგრამ თუ წავა, ეს არ ნიშნავს, რომ რბოლებსაც თავს დაანებებს. არის სხვა სარბოლო სერიებიც, რომლებში ასპარეზობა მას ახლავე აინტერესებს. მათ შორისაა ლე მანის 24-საათიანი რბოლა და გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატი.

„უკვე ორი წელია, რაც ამაზე ვლაპარაკობ. ჩემი აზრით, ახლანდელი მანქანები ნაკლებად მიმზიდველია. ეს ის მანქანები არაა, რომლებითაც ჩემი კარიერის პირველი 10 წლის განმავლობაში მიწევდა ასპარეზობა. ახლა აღფრთოვანებული შეგრძნება აღარ გვაქვს. ახლა აღარ გვაკვირვებს შეგრძნება იმისა, თუ რამდენად სწრაფები ვართ მოსახვევებში. აღარც მანქანის სისწრაფე გვაკვირვებს. ახლანდელი მანქანები სულ უფრო მეტად ემსგავსება ჩვეულებრივ მანქანებს - მთელი რბოლის განმავლობაში, საბურავების გაფრთხილება გვიწევს, ვზოგავთ საწვავს და ეს ყველაფერი მოქმედებს მრბოლის ინსტინქტის წინააღმდეგ, რომელიც მანქანიდან მაქსიმუმის გამოწურვისკენ გვიბიძგებს. მომავალ სეზონში უფრო სწრაფი და ფიზიკურად მომთხოვნი მანქანები იქნება. და იმედ მაქვს, რომ ფ1 მრბოლებისთვის ისევ მიმზიდველი გახდება. მაგრამ თუ კვლავ დაზოგვაზე მოგვიწევს ზრუნვა და არა შეტევაზე, მაშინ დავფიქრდები, ღირს თუ არა გაგრძელება. მაგრამ რბოლებიდან წასვლას არ ვაპირებ. არის სხვა რამ, რისი გაკეთებაც დამაინტერესებს“, - ამბობს 35 წლის ალონსო.

ის დასძენს, რომ წესები ბევრ რამეს გადაწყვეტს. „თუ მანქანები ისევ მოგვანიჭებს სიამოვნებას, მნიშვნელობა არ აქვს შედეგებს, რბოლები ძველებურად საინტერესო გახდება. 12 თვეში ყველაფერს ვნახავთ. და მე გადავწყვეტ, გავაგრძელებ, თუ წავალ. იქნებ, ეს არის შანსი იმისა, რომ ფ1-დან წავიდე და მერე იმაზე ვიფიქრო, რა უნდა ვაკეთო სახლში მთელი დღე. ვნახოთ“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139397