ფეხბურთი

15:47 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ირაკლი შეყილაძის უარი “ბენფიკას”,“ლილს” – ოცნების ასასრულებლად... (+VIDEO)

დრო იყო, ირაკლი შეყილაძეზე დიდი იმედი მყარდებოდა საქართველოში – ბუნებრივიცაა, როდესაც 16 წლის მოზარდი იტალიური “ემპოლის” საფეხბურთო სკოლაში ხვდება, იმ “ემპოლის”, რომელსაც ახალგაზრდული გუნდი აპენინზე ყოველთვის მოწინავეთა შორის ჰყავს. თუმცა, შემდგომ მისი კარიერა ისე არ განვითარდა, როგორც თვითონ ისურვებდა, როგორც ისურვებდნენ საქართველოში და “ემპოლიში”.

ამჟამად იგი, ლეგა პროს (იტალიის სერია C) ბინადარ “ტუტოკუოს” ღირსებას იცავს და გუნდის საუკეთესო გოლეადორია. მიმდინარე სეზონის ხუთ შეხვედრაში ირაკლიმ 4 გოლის გატანა მოახერხა.

ცნობილ იტალიელ საფეხბურთო მიმომხილველ ჯანლუკა დი მარციოს საკუთარი, საკმაოდ ცნობილი ბლოგი აქვს იტალიაში და მან ვრცელი სტატია მიუძღვნა 24 წლის ქართველ ფეხბურთელს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

ირა... ვინ? – ირაკლი შეყილაძე. ძნელია დასაწერად, მაგრამ არა წასაკითხად (იკითხება ისევე, როგორც იწერება). პოზიციით თავდამსხმელი, როგორც მისი კერპი რონალდო, როგორც მისი “ძმა”, თანამემამულე ლევან მჭედლიძე. ისინი ყოველთვის გრძნობენ ერთმანეთს – ლევანი ემპოლიში ცხოვრობს, ირაკლი პონტე ეგოლაში იქვე. პიზასთან ახლოს, სადაც “ტუტოკუოში” თამაშობს, ლეგა პროს დივიზიონში.

1992 წელს დაბადებული შეყილაძე რამდენიმე წელია რაც იტალიაში იმყოფება და იტალიურად შესანიშნავად ლაპარაკობს. ტოსკანურ დიალექტზე კი ცოტა სამუშაო აქვს. მიუხედავად ამისა, მან სამჯერ გაგვიმეორა – “მიყვარს ტოსკანა”. მიწა, რომელიც 9 წლის წინ ფაქტობრივად თავისი გახდა, საქართველოდან შორს. ყველაფერი კი, ფრიულიში დაიწყო:

“15 წლის ვიყავი, როდესაც 17-წლამდე ნაკრებში ვთამაშობდი უდინეს ტურნირზე, რომელსაც “ემპოლის” სკაუტები ესწრებოდნენ, სწორედ მაშინ გაჩნდა ინტერესი, “ემპოლი” დაუკავშირდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჩემს შესახებ ინფორმაციის მისაღებად. იმ დროს “ლე მანი”, “ლილი” და “ბენფიკაც” მაკვირდებოდა, მაგრამ “ემპოლი” ვარჩიე, მარტივი მიზეზის გამო: საქართველოში ყველა ბავშვის ოცნებაა იტალიაში თამაში.

როდესაც პირველად ვნახე ფლორენცია, თვალებს არ ვუჯერებდი – როგორ შეიძლება ქალაქი იყოს ასეთი ლამაზი? – ეკლესიები, ძეგლები, ყველაფერი სრულყოფილია. ახლაც ხშირად ჩავდივარ იქ. ზოგადად ტოსკანა ძალიან მიყვარს, რადგან აქ ყველაფერი მშვენიერია”.

ბედის ირონიით, ირაკლიმ პირველი გოლი სწორედ ფლორენციის სიამაყეს, “ფიორენტინას” გაუტანა იტალიის თასის მატჩში 2011 წელს. შეყილაძე გვიანი შემოდგომის იმ დღეს სასიამოვნოდ იხსენებს: “თამაშის დასრულებამდე ნახევარი საათით ადრე შევედი მოედანზე და გავიტანე... ლევან მჭედლიძის პასით! რომელიც ჩემთვის ნამდვილი ძმასავითაა – როდესაც იტალიაში ჩამოვედი, მის სახლში მივედი, იგი ძალიან დამეხმარა.

“ტუტოკუო”? – კრისტიანო ლუკარელის ძალიან მადლიერი ვარ. სამწუხაროა, რომ იგი ჩვენს გუნდში აღარ არის. ახლა შარშანდელთან შედარებით უფრო მშვიდი, თავდაჯრებული გავხდი. ეს ჩინებული რეალობაა – პატარა ქალაქია, ყველა ერთმანეთს იცნობს. როდესაც ვარჯიშზე ფეხით მივდივარ, ხალხი მაჩერებს და მესაუბრება. გუნდის მიზანი კი ლეგა პროში ადგილის შენარჩუნებაა იმაზე ადრე, ვიდრე ეს შესაძლებელია. რაც შეეხება ჩემს პერსონალურ მიზანს ამ სეზონში – ათზე მეტი გოლის გატანა”.

აქვე, გთავაზობთ გოლს, რომელიც ირაკლი შეყილაძემ 2011 წლის 24 ნოემბერს, იტალიის თასზე “ფიორენტინას” ფლორენციაში, “არტემიო ფრანკიზე” გაუტანა – ლევან მჭედლიძის ჭკვიანური გადაცემის შემდეგ...

0.127453