ბლოგი

20:35 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზეს მანჩესტერული ოდისეა

გამორჩეული და საინტერესო ჟამი დგას ინგლისის პრემიერლიგაში. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პრემიერლიგა წელს რომ გველოდება, კარგა ხანია არ ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აგერ რამდენიმე დღის წინ გამართული მანჩესტერული დერბი მარტო რად ღირს – დიადი მწვრთნელების დაპირისპირება, სადაც კატალონიელმა იმარჯვა და იმდენი პასუხგაუცემელი კითხვა დატოვა – თავგზა აერევა ადამიანს.

აქეთ ტიტულმონატრებული “არსენალი” და “ლივერპულია”, მერე “ტოტენჰემიც” ხომაა? მათგან სულ რომ რაღაცას ველით და არადა არ დაადგა საშველი... წინა წელს გაჩემპიონებული “ლესტერი” ის გუნდია, რომელზეც შეიძლება მთელი ცხოვრება განუწყვეტლივ ისაუბრო. ეს “ევერტონი” კიდევ ცალკე დიდი გამოცანაა და მოკლედ, ინგლისში ისეთი ორმტრიალი გველოდება, დედა რომ არ აიყვანს შვილს ხელში.

შეგვინდოს ყველა ინგლისური კლუბის ქომაგმა, მაგრამ წლევანდელი პრემიერლიგის სეზონის მთავარი ამბავი მაინც სეუ ჟოზე მოურინიოს მოღუშული ფიგურის მანჩესტერში ხილვაა. თან იმ კლუბში, რომელზეც უხიაგი პორტუგალიელი ყოველთვის მოსისხლე მტრად იყო გადაკიდებული და “ტკბილი” ეპითეტებითაც არაერთხელ შეუმკია “იუნაიტედი” და მისი ქომაგობა.

ალბათ ამის ბრალია ის, რომ პირადად მე არაერთი ქართველი “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგი გამოვკითხე და ერთიც კი არ გამოდგა ისეთი, სეუ ჟოზეს მათ გუნდში მისვლა რომ გაუხარდა. უმეტესობა მიიჩნევს, რომ კლუბის დირექტორატმა დიდი და უპატიებელი შეცდომა დაუშვა ჟოზეს გამწვრთნელებით და ეს მანჩესტერული კლუბის ქომაგების ერთგვარი შეურაცხყოფაცაა.

მიუხედავად იმისა, რომ მოურინიოს ძველმა მეტოქემ და კონკურენტმა, ლეგენდარულმა “მანჩესტერელმა”, სერ ალექს ფერგიუსონმა ჟოზეს “იუნაიტედში” მისვლა მოიწონა და მხარი დაუჭირა, “წითელი ეშმაკების” მრავალ ქომაგს მოურინიო თვალში სწორედაც იმ წლების გამო არ მოსდის, როდესაც ლონდონის “ჩელსის” მწვრთელის სკამზე წამოსკუპებული ჟოზე ფერგიუსონს უპირისპირდებოდა და ხშირად წითელცხვირა სქოთის მისამართით საზარელ ეპითეტებსაც ისროდა. მანჩესტერელ ქომაგებს ეს ალბათ არასოდეს დაავიწყდებათ მოურინიომ სულ რომ ხუთი ჩემპიონთა ლიგის თასი დადოს. მაგრამ, ეს რეალობაა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ქომაგებსაც თანდათან მოუწევთ რეალობისათვის თვალის გასწორება – მოურინიო მათი გუნდის მთავარი მწვრთნელია!

არა მგონია ახლა სწორი და მართებული იყოს იმაზე მსჯელობა, თუ რას იზამს სეუ ჟოზე პირველსავე წელს მანჩესტერში. ადვილი შესაძლებელია, რომ ეს პერიოდი მოურინიომ ახალი გუნდის შექმნა-ჩამოყალიბებას მოანდომოს და ტიტულისკენ ვერც კი გაიხედოს. აგერ ხომ ნახეთ, პირველივე მანჩესტერულ დერბში “მოუს” გვარდილამ ალალად აჯობა. მაგრამ თუკი რამეში უნდა ვიყოთ დარწმუნებულნი, პირველ რიგში იმაში, რომ ჟოზე არასოდეს დანებდება, არასოდეს აღიარებს სხვათა უპირატესობას და ყველანაირი (ხშირად მიუღებელიც კი) მეთოდებით ეცდება “მანჩესტერ იუნაიტედი” მწვერვალებზე აიყვანოს. მე ამის მჯერა და ამ რწმენის მიზეზს პირველ რიგში თავად ჟოზე მაძლევს თავისი წარსულითა და ხასიათიდან გამომდინარე.

ჟოზე უბრალო კაცი არაა. ჟოზე უჟმური გენიოსია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთისათვის დაიბადა და მოგვწონს თუ არა, ამ კაცის ხასიათი და ბუნება, ბედნიერებაა, რომ ჟოზე ჩვენი თანამედროვეა. ასეთი ადამიანები იშვიათად იბადებიან. უჟმურობაზე კი მისმა ცოლმა იდარდოს...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124507