ფეხბურთი

0:26 | 18.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნულები თბილისურ დერბიში: თევდორაძის დამსახურებით

თბილისური დერბი უგოლო ფრით დასრულდა. თბილისის "დინამომ" ბევრი კი უტრიალა "ლოკომოტივის" კარს, მაგრამ მეკარე რევაზ თევდორაძე კლდესავით იდგა: ოთხი ურთულესი ბურთი მოიგერია და ამ ოთხიდან სამ შემთხვევაში ჯაბა ჯიღაური გაამწარა. საბოლოოდ, 0:0. ისე არ იფიქროთ, თითქოს "ლოკომოტივი" განწირული თამაშობდა და მხოლოდ მეკარის იმედად იყო. არა, სახიფათო შეტევები ჟერარდ სარაგოსას გუნდსაც ჰქონდა, ეგაა, ბოლო დარტყმა უცუდდებოდათ.

მათე ვაწაძე ოთხწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს ჩემპიონატს. "ლოკომოტივის" ახალწვეული პირველ ტაიმში აქტიური იყო, რამდენჯერმე გამოამჟღავნა კლასი, ერთხელ სახიფათო მომენტიც შეექმნა (გეგა დიასამიძის კარგი გარღვევისა და პასის შემდეგ), თუმცა გოლს ვერ ეწია. დიასამიძე და ვაწაძე ასე თუ ისე ახერხებდნენ დინამოელთა დაცვის ანერვიულებას.

აი, ნახევარდაცვაში კი "დინამოს" ჰქონდა უპირატესობა, თუმცა მცირე. ისე კი, "დინამოს" აშკარად ეტყობა, რომ სასურველი მდგომარეობისგან შორსაა: ეტყობა, ევროტურნირებზე ცუდმა გამოსვლამ ფეხბურთელებზე ცუდად იმოქმედა. ფაქტია, გუნდი ვერც საქართველოს ჩემპიონატში თამაშობს დალაგებულად: 5 ტურში მხოლოდ 2 მოიგო.

პირველ ტაიმში ჯიღაურს ორი მომენტი ჰქონდა: ჯერ ველევის ჩაწოდების მერე თავით დაარტყა, მერე კი დვალიშვილის მარცხნიდან ჩაწოდების მერე ფეხით ცდილობდა გატანას. ორივეჯერ თევდორაძემ იყოჩაღა.

ტემპი მაღალი არ იყო და მეორე ტაიმშიც ასე გაგრძელდა. ველოდებოდით ლუკა ზარანდიასგან თამაშის გამწვავებას. ზარანდია შესვენების შემდეგ გამოჩნდა მინდორზე, ორი კარგი დრიბლინგიც განახორციელა, მერე კი ლობჟანიძესთან ორთაბრძოლისას დაშავდა და ფეხი იტკინა. ლუკა ისედაც ფეხმტკივანი თამაშობდა და დარჩენილ დროში შეტევაში ბევრი ვერაფრის გაკეთება მოახერხა.

რაც დრო გადიოდა, "დინამო" უფრო იწევდა მოსაგებად. "ლოკომოტივი" დაცვაში ურიგოდ არ თამაშობდა, თუმცა სტუმრებს მაინც შეექმნათ მომენტები. ისევ ჯიღაური-თევდორაძე. და მერე "ლოკომოტივის" მეკარემ ლაშა პარუნაშვილსაც აუღო. ბოლო წამებზე კი მათე ცინცაძემ ახლოდან თავურით ააცილა, არადა, ხელს არავინ უშლიდა.

ისეთი მატჩი იყო, რომელშიც მხოლოდ ერთ ფეხბურთელს გამოარჩევ: თევდორაძემ მართლაც ძლიერად ითამაშა. "ლოკომოტივიც" კარგ სეზონს ატარებს, გუნდმა ზედიზედ ორი მოგების მერე, "დინამოსთან" ფრე ითამაშა და 8 ქულა აქვს.

თბილისი. "მიხეილ მესხი"

ლოკომოტივი (თბილისი) - დინამო (თბილისი) 0:0

ლოკომოტივი: თევდორაძე, გაბაძე, გეთიაშვილი, ხიდეშელი, ჩიტეიშვილი, ქიქავა (ზარანდია 46), კუხიანიძე, კლიმიაშვილი, ჩაგელიშვილი (ფოფხაძე 70), დიასამიძე, ვაწაძე (ცხადაძე 76)

მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა

დინამო: ლომაია, ველევი, რენე (ჭელიძე 75), ამისულაშვილი, ლობჟანიძე, ცინცაძე, პარუნაშვილი, პაპუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი, დვალიშვილი (მიქელთაძე 87)

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გაფრთხილება: დვალიშვილი (20), ქიქავა (37)

მაჯი: ლაშა სილაგავა

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.221391