ფეხბურთი

1:42 | 13.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

სამთვიანი მოლოდინი დასრულდა - ჩემპიონთა ლიგა თავიდან იწყება

დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2016-2017 წლების სეზონი იწყება. ეს ტურნირი ქომაგებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და შესაბამისად მისი დაწყება შეგვიძლია საფეხბურთო დღესასწაულად მოვნათლოთ. დღეს ტრადიციულად 8 მატჩი გაიმართება, ხვალ – რვა. თუმცა, ახლა რა თქმა უნდა, დღეს გასამართ შეხვედრებზე ვისაუბრებთ. ცენტრალური თამაში A ჯგუფში შედგება, სადაც “პარი სენ ჟერმენი” ლონდონის “არსენალს” დაუხვდება.

A ჯგუფი

“პარი სენ ჟერმენი” – “არსენალი”

ჯერ ინგლისელებზე ვთქვათ: “არსენალს” სეზონის სტარტი მაინცდამაინც კარგი ვერ გამოუვიდა. პრემიერლიგის საწყის ორ ტურში “მეთოფეებმა” თამაში ვერ მოიგეს, მაგრამ ბოლო ორი თამაში წარმატებით ჩაატარეს. უნდა ითქვას ისიც, რომ ზაფხულში არსენ ვენგერის გუნდში განსაკუთრებული ცვლილებები არ მომხდარა. სწორედ ამიტომაა, რომ შარშანდელ შემადგენლობას თუ შევადარებთ დღევანდელს, მხოლოდ ორ ახალ სახეს ვიხილავთ სასტარტოში – გრანიტ ჯაკასა და შკოდრან მუსტაფის. საფრანგეთის ჩემპიონი პსჟ კი გასულ სეზონთან შედარებით საკუთარ თავს არ ჰგავს. პარიზელებმა ლიგა 1-ში უძლეველობის ფენომენი თავადვე დაამსხვრიეს და ბოლო ორ ტურში ოდენ ქულა მოიპოვეს. საერთოდ, პსჟ-ში ბევრი ცვლილება მოხდა – ლორან ბლანი უნაი ემერმა შეცვალა და ძნელი სათქმელია, რომ ამ დროისთვის მისი მუშაობით კმაყოფილნი უნდა იყვნენ პარიზში. გუნდი დატოვა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, დავიდ ლუიზმა – ორმა მნიშვნელოვანმა მოთამაშემ. საპასუხოდ მართალია ფრანგებმა კარგი შევსება მიიღეს, მაგრამ მაინც ძნელად სავარაუდოა, რომ წლეულს პსჟ-მ ლიგაზე იმაზე უკეთ ითამაშოს, ვიდრე ამას ადრე აკეთებდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ოფიციალურ მატჩებში პსჟ და “არსენალი” მხოლოდ ორჯერ შეხვედრილან ერთმანეთს – 1993/1994 წლების სეზონში, თასების თასის ნახევარფინალში უფრო ძლიერი ინგლისური გუნდი გამოდგა. პარიზში გუნდებმა გოლები გაცვალეს, ლონდონში კი, მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ. აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ “არსენალს” უკვე ზედიზედ 7 თამაში აქვს მოგებული საფრანგეთში.

დღევანდელ მატჩში მასპინძლებს სერჟ ორიეს, ლაიუნ კურზავას, ხავიერ პასტორესა და მაქსველის იმედი არ უნდა ჰქონდეთ. ტიაგო სილვას საკითხი კი, გასარკვევია. რაც შეეხება “არსენალს”, ლონდონელებს გაბრიელი დააკლდებათ, ლორან კოშელნის თამაში კი, ეჭვქვეშაა. ისევე როგორც, აარონ რემზის, რომელმაც ორშაბათს უკვე ივარჯიშა გუნდთან ერთად, მაგრამ რამდენად ათამაშებს მას ვენგერი რთული სათქმელია.

სავარაუდო შემადგენლობები:

პარიზი, "პარკ დე პრენსი"

22:45 საათი

“პარი სენ ჟერმენი” (4-3-3): ტრაპი; მუნიე, მარკინიოსი, ტიაგო სილვა, კიმპემბე; ვერატი, ტიაგო მოტა, მატუიდი; ლუკასი, კავანი, დი მარია

მწვრთნელი: უნაი ემერი

“არსენალი” (4-2-3-1): ჩეხი; ბელერინი, მუსტაფი, კოშელნი, მონრეალი; ჯაკა, კასორლა; უოლკოტი, იოზილი, სანჩესი; ჟირუ

მწვრთნელი: არსენ ვენგერი

მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

“ბაზელი” – “ლუდოგორეცი”

ამავე ჯგუფის მეორე მატჩი პირველთა შედარებით ჩრდილშია მოქცეული – რა გასაკვირია, “ბაზელი” – “ლუდოგორეცის” დაპირისპირება რომ ნაკლებად დამაინტრიგებელია. წესით, ორივე გუნდისთვის დადებითი შედეგი ჯგუფში მესამე ადგილზე გასვლა იქნება და ამიტომაც, ურთიერთშეხვედრებში მაქსიმალურად დახარჯვა მართებთ. სხვათა შორის, ჩემპიონთა ლიგა და ეს წყვილი ერთმანეთისთვის უცხო სულაც არაა. 2013-2014 წლებში, პლეი-ოფში “ბაზელმა” იმძლავრა თანაც ორივე თამაშში – 4:2, 2:0. ერთი წლის შემდგომ კი, მათი გზები უკვე ჯგუფურ ეტაპზე გადაიკვეთა: შვეიცარიელებმა სახლში 4:0 გაანადგურეს მეტოქე, მაგრამ ბულგარეთში “ლუდოგორეცმა” 1:0 გაიმარჯვა. ეს არ იყო მხოლოდ მოგება – “ლუდოგორეცი” მაშინ პირველი ბულგარული გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის მოგება მოახერხა. აქვე ისიც დასამატებელია, რომ “ბაზელი” “სენტ იაკობს პარკზე” ძალიან კაგრად გამოდის. ბოლო სამ სეზონში შვეიცარიაში ურს ფიშერის გუნდმა 19 თამაში ჩაატარა (ევროსარბიელის ეგიდით) და აქედან მხოლოდ სამჯერ დამარცხდა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს – “ბაზელი” დიდებულ ფორმაშია და შიდა ჩემპიონატში ყველა თამაში მოგებული აქვს. იგივეს ვერ ვიტყვით “ლუდოგორეცზე”, რომელსაც ცოტა არ იყოს უფრო უჭირს. საერთოდ, ეს კლუბი ჯგუფურ ეტაპზე პლეი-ოფის გზით მოხვდა. გეორგი დერმენდჟიევის შეგირდებამ ჯერ ბელგრადის “პარტიზანი”, მერე კი ჩეხური “პლზენი” ჩამოიშორეს გზიდან.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბაზელი, "სენტ იაკობს პარკი"

22:45 საათი

“ბაზელი” (4-2-3-1): ვაცლიკი; ლანგი, სუხი, ბალანტა, ტრაორე; ჯაკა, ფრანსონი; ბიარნსონი, დელგადო, სტეფენი; დუმბია

მწვრთნელი: ურს ფიშერი

“ლუდოგორეცი” (4-2-3-1): სტოიანოვი; მინევი, მოცი, პალომინო, ნათანაელი; დიაკოვი, საშა; ვანდერსონი, მარსელინიო, მისიდიანი; კაფუ

მწვრთნელი: გეორგი დერმენჟიევი

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელორუსი)

B ჯგუფი

“დინამო” – “ნაპოლი”

კიევის “დინამო” იტალიურ “ნაპოლის” დაუხვდება. უნდა აღინიშნოს, რომ უკრაინული კლუბისთვის იტალიელები უხერხულ მეტოქედ მიიჩნევიან. აქამდე “დინამომ” იტალიურ გუნდებს 20 თამაშიდან მხოლოდ ორი მოუგო და ორჯერვე “რომას”. “ნაპოლი” ჩემპიონთა ლიგას 2013-2014 წლების შემდეგ უბრუნდება, ხოლო “დინამო” ეცდება გაიმეოროს შარშანდელი შედეგი და ისევ გავიდეს პლეი-ოფში.

სეზონი მაურიციო სარის გუნდმა კარგად დაიწყო და იტალიის ჩემპიონატის პირველ სამ ტურში 9 გოლი აქვს გატანილი. ვნახოთ, ასეთივე შედეგიანი თუ იქნება ნეაპოლელთა შეტევა უკრაინის დედაქალაქში. მიუხედავად ამისა, “ნაპოლის” დღეს რთული მატჩი ელის, რადგან როგორც წესი სტუმრად უჭირს – ბოლო 9 საგარეო მატჩიდან (ევროსარბიელზე) იტალიელებმა მხოლოდ სამჯერ იმარჯვეს.

კიევის “დინამო” ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მე-16-ედ თამაშობს, “ნაპოლი” კი, მესამედ. სერგეი რებროვის გუნდმა უკრაინის ჩემპიონატის ბოლო ტურში სტუმრად დონეცკის “შახტართან” მნიშვნელოვანი ქულა მოიპოვა (1:1) და საერთოდ, გამარჯვებასთანაც ახლოს იყო.

ორივე გუნდი დღევანდელ მატჩს დანაკლისის გარეშე ხვდება. “დინამოს” მხოლოდ დანილო არ ეყოლება, ხოლო “ნაპოლის” ლორენცო ტონელი, რომელიც ძირითადის ფეხბურთელად ისედაც არ მოიაზრება.

“დინამო” და “ნაპოლი” აქამდე ერთმანეთს ოფიციალურ მატჩებში არ შეხვედრილან და მათი ურთიერთდაპირისპირების ისტორიის ათვლა დღეიდან დაიწყება.

სავარაუდო შემადგენლობები:

კიევი, "ოლიმპიისკი"

22:45 საათი

“დინამო” (4-2-3-1): შოვკოვსკი; მოროზიუკი, ხაჩერიდი, ვიდა, მაკარენკო; რიბალკა, სიდორჩუკი; იარმოლენკო, ბუიალსკი, გონსალესი; ჟუნიორ მორაეში

მწვრთნელი: სერგეი რებოვი

“ნაპოლი” (4-3-3): რეინა; ჰიუსაი, კულიბალი, ალბიოლი, გულამი; ჰამშიკი, ჟორჟინიო, ალანი; კალეხონი, მილიკი, მერტენსი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: უილიამ კოლამი (შოტლანდია)

“ბენფიკა” – “ბეშიქთაში”

ამავე ქვეჯგუფის მეორე მატჩი ლისაბონში, “ესტადიო და ლუჟზე” გაიმართება, სადაც “ბენფიკა” თურქეთის ჩემპიონ “ბეშიქთაშს” დაუხვდება. გამოცდილებით პორტუგალიელები უდიდეს უპირატესობას ფლობენ. შარშან რუი ვიტორიას გუნდი მეოთხედფინალამდე მივიდა, რაც შეეხება შენოლ გიუნეშის გუნდს, სტამბოლელები ჯერ პლეი-ოფში არასდროს გასულან. ხუთი მცდელობა და ხუთჯერვე “ბეშიქთაში” ჯგუფში ჩარჩა.

დღევანდელ თამაშში “ბენფიკას” ჟარდელი, მიტროღლუ, ჟონასი და რაუმ ხიმენესი დააკლდებიან, ხოლო თურქებს – არავინ. პორტუგალიის ჩემპიონატში “არწივებმა” კარგი სტარტი აიღეს და ოთხიდან სამჯერ მოიგეს, ხოლო “ბეშიქთაშს” სამ მატჩში 7 ქულა აქვს.

“ბენფიკა” და “ბეშიქთაში” ერთმანეთში პირველად ითამაშებენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლისაბონი, "და ლუჟი"

22:45 საათი

“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; ნელსონი სემედო, ლისანდრო ლოპესი, ლინდელოფი, გრიმალდო; სალვიო, ფეისა, ანდრე ჰორტა, პიცი; კარილო, გუედეში

მწვრთნელი: რუი ვიტორია

“ბეშიქთაში” (4-5-1): ზენგინი; ბეკი, ტოშიჩი, მარსელო, ადრიანო; ჰატჩინსონი, ინლერი, კვარეჟმა, ოზიაკუპი, ტალისკა; თოსუნი

მწვრთნელი: შენოლ გიუნეში

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

C ჯგუფი

ბევრის აზრით, ჩემპიონთა ლიგაზე C ჯგუფი ყველაზე ძლიერია – ძნელია ამ მოსაზრებას არ დავეთანხმოთ: “ბარსელონა”, “მანჩესტერ სიტი”, “სელტიკი” და “გლადბახი”. ფავორიტები რაღა თქმა უნდა, ესპანელები და ინგლისელები არიან, მაგრამ არც დანარჩენების ჩამოწერა ივარგებს. დღეს, “ბარსელონა” შინ გლაზგოს “სელტიკს” მიიღებს, ხოლო “სიტი” – “გლადბახს”

“ბარსელონა” – “სელტიკი”

“ბარსელონა” “სელტიკთან” თამაშს ცუდ ხასიათზე ხვდება – “ბლაუგრანამ” ლა ლიგის ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე მოულოდნელად “ალავესთან” წააგო. რის შემდგომაც ლუის ენრიკე კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. თუმცა, “ბარსას” კრიზისზე საუბარი მაინც ნაადრევი უნდა იყოს. “სელტიკი” კი, პირიქით, დიდებულ განწყობაზეა – გლაზგოურ დერბიში ბრენდან როჯერსის გუნდმა მოძულე “რეინჯერსი” გააცამტვერა – 5:1. თუმცა, რამდენად დაეხმარება მხოლოდ კარგი ხასიათი სქოთებს “კამპ ნოუზე” რთული სათქმელია.

სხვათა შორის, “სელტიკს” ჩემპიონთა ლიგაზე ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება ბოლო პერიოდში სწორედ “ბარსელონასთან” აქვს მოპოვებული – 2012 წლის 7 ნოემბერს, “სელტიკ პარკზე” მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. სამაგიეროდ, მომდევნო სეზონში, კატალონიაში განადგურდნენ 1:6. ბოლოს შოტლანდიელებმა “ბარსასთან” გასვლაზე წარმატებით 2004-2005 წლების სეზონში ითამაშეს. მაშინ გუნდებმა გოლები გაცვალეს.

აღვნიშნოთ, რომ “ბარსელონას” ევროსარბიელზე სახლში უკვე ზედიზედ 11 მოგება აქვს, ხოლო “სელტიკმა” სტუმრად ბოლო რვა მატჩიდან ვერცერთში მიაღწია წარმატებას.

დღეს “ბარსელონას” რიგებში მარკ ანდრე ტერ-შტეგენის თამაშია კითხვის ნიშნის ქვეშ, ხოლო სტუმრებს ფორვარდი გრიფიტსი დააკლდებათ.

სავარაუდო შემადგენლობები:

ბარსელონა, "კამპ ნოუ"

22:45 საათი

“ბარსელონა” (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, ინიესტა; მესი, სუარესი, ნეიმარი

მწვრთნელი: ლუის ენრიკე

“სელტიკი” (4-5-1): დე ვრიესი; ლუსტიგი, ტურე, სვიატჩენკო, ტირნი; ფორესტი, ბრაუნი, როგიჩი, ბიტონი, სინკლერი; დემბელე

მწვრთნელი: ბრენდან როჯერსი

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

“მანჩესტერ სიტი” – “გლადბახი”

ჯგუფის მეორე მატჩი მანჩესტერში, “ეტიჰად სთედიუმზე” შედგება – “სიტი” გერმანული “გლადბახის” ძლევას აპირებს. ან როგორ გინდა არ დააპიროს, როდესაც პეპ გვარდიოლას გუნდი დიდებულ ფორმაშია. “სიტი” პრემიერლიგაში 4 ტურის მერე ერთადერთი გუნდია, რომელსაც ქულაც არ დაუკარგავს და ბოლო ტურში საერთოდ მანჩესტერული დერბი მოიგო, თან სტუმრად. “გლადბახმა” კი, ბუნდესლიგის საწყის ორ ტურში მოგება-წაგება გაცვალა. ასანიშნავია, რომ ორივე გუნდმა ჯგუფში შეღწევა პლეი-ოფის გზით მოახერხა, თუმცა იქ თავიანთი ბარიერები ორივემ ძალზე ადვილად გადალახეს.

ისიც სათქმელია, რომ “სიტი” და “გლადბახი” შარშანდელი სეზონიდან ერთმანეთს კარგად იცნობენ. ერთი წლის წინაც, ორივე გუნდი ერთ ჯგუფში იყო. მაშინ “სიტი” უფრო ძლიერი გამოდგა – მანჩესტერში 4:2, ხოლო გერმანიაში 2:1.

პეპ გვარდიოლას დღეს კუნ აგუერო უბრუნდება, რომელსაც პრემიერლიგაში დისკვალიფიკაციის გამო არ უთამაშია. დაკლებით კი ესპანელ მწვრთნელს ილქაი გუნდოგანი და ვინსენ კომპანი დააკლდებიან, რომლებიც გვარდიოლას განკარგულებაში ჯერაც არ ყოფილან. “გლადბახი” ამ მხრივ უკეთეს სიტუაციაშია, რადგან ტრავმიანობას ანდრე შუბერტის გუნდი არ უჩივის.

სავარაუდო შემადგენლობები:

მანჩესტერი, "ეტიჰად სთედიუმი"

22:45 საათი

“მანჩესტერ სიტი” (4-1-4-1): ბრავო; ზაბალეტა, ოტამენდი, სტოუნსი, კოლაროვი; ფერნანდინიო; სტერლინგი, დე ბრუინი, სილვა, სანე; აგუერო

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

“გლადბახი” (3-3-2-2): სომერი; ელვედი, კრისტენსენი, იანტშკე; დაჰუდი, კრამერი, ვენდტი; ტრაორე, სტინდლი; აზარი, რაფაელი

მწვრთნელი: ანდრე შუბერტი

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

D ჯგუფი

“ბაიერნი” – “როსტოვი”

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე კარლო ანჩელოტის დებიუტი ექნება “ბაიერნის” თავკაცის რანგში. რუსეთის ვიცე-ჩემპიონ “როსტოვს” კი, საერთოდ სადებიუტო შეხვედრა ელის ევროპის უპრესტიჟულეს ტურნირზე. “როსტოვმა” ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ანდრლეხტს” აჯობა, მერე პლეი-ოფში “აიაქსი” გაანადგურა. საერთოდ, ამ გუნდის ლიგაზე ხილვა დიდი მოულოდნელობაა, რომელიც დიდწილად ყურბან ბერდიევის დამსახურებად უნდა მივიჩნიოთ. სწორედ ის წვრთინდა გასულ სეზონში გუნდს.

“ბაიერნი” კი, ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. მიუხედავად დანაკლისისა, ანჩელოტის გუნდის შემადგენლობა ძალზე სოლიდურად გამოიყურება. “ბაიერნი” ახლოსაა ზედიზედ მეცამეტე საშიანო მატჩის მოგებასთან ევროსარბიელზე, რაც რეკორდი იქნება. ასევე, დიდებულ ფორმაშია რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც ბოლო ოთხ თამაშში (სანაკრებო მატჩებიც მითვლილია) 8 გოლის გატანა მოახერხა.

“რეკორდმაისტერმა” ბუნდესლიგაში ბრწყინვალე სტარტი აიღო და ორ ტურში ექვსი ქულა აქვს – 8 გატანილი და არცერთი გაშვებული გოლი. ურიგოდ არც “როსტოვი” გამოიყურება რუსეთის პრემიერლიგაში (6 ტურში ათი ქულა).

“როსტოვს” დღეს აზმუნი, წამყვანი ფორვარდი დააკლდება, ხოლო “ბაიერნს” არიენ რობენი, კინგსლი კომანი და ჟერომ ბოატენგი. გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ “ბაიერნი” და “როსტოვი” დღეს ერთმანეთში პირველად ითამაშებენ.

სავარაუდო შემადგენლობები:

მიუნხენი, "ალიანს არენა"

22:45 საათი

“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; კიმიხი, მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა; ალონსო; მიულერი, ალკანტარა, ვიდალი, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“როსტოვი” (5-4-1): ჯანაევი; ტერენტიევი, გუეიე, ნავასი, გრანატი, ბაირამიანი; კალაჩევი, გაცკანი, ნობოა, ეროხინი; პოლოზი

მწვრთნელი: ივან დანილიანცი

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

პსვ ეინდჰოვენი – “ატლეტიკო”

D ჯგუფის მეორე მატჩში პსვ ეინდჰოვენი და მადრიდის “ატლეტიკო” გაარკვევენ ურთიერთობას. ეს შარშანდელი მერვედფინალის რიმეიქი იქნება. თებერვალში ორივე თამაში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა და პენალტების სერიაში ესპანელებმა იმძლავრეს. მერე, დიეგო სიმეონეს ბიჭებმა ფინალსაც უწიეს და უკვე თავად წააგეს საფეხბურთო ლატარიაში.

ახლა კი, უკვე ახალი სეზონია, რომელიც პსვ უკეთ დაიწყო. ერედივიზიონში ფილიპ კოკუს გუნდი დამაჯერებლად თამაშობს. სამაგიეროდ, “ატლეტიკომ” ლა ლიგის საწყისი ორი ტური მოუგებლად ჩაატარა და მხოლოდ გასულ უიქ-ენდზე ირგუნა პირველი სამი ქულა. გაანადგურა რა, ვიგოში, ადგილობრივი “სელტა” (4:0).

“როხიბლანკო” დღევანდელ შეხვედრას მოიასა და სიმე ვრსალიკოს გარეშე ჩაატარებს, ხოლო ჰოლანდიელებს მხოლოდ ლოკადია დააკლდებათ.

აქამდე პსვ და “ატლეტიკოს” ურთიერთშეხვედრათა ისტორია ოთხ მატჩს მოიცავს: ორჯერ ფრე დაფიქსირდა, ორჯერ ესპანელებმა იმარჯვეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ეინდჰოვენი, "ფილიპს არენა"

22:45 საათი

პსვ ეინდჰოვენი (4-3-3): ზუტი; ვილემსი, მორენო, ისიმატ-მირინი, არიასი; გუარდადო, ჰენდრიქსი, პროპეერი; პერეირო, დე იონგი, ნარსინგი

მწვრთნელი: ფილიპ კოკუ

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; საული, გაბი, კოკე, კარასკო; გრიზმანი, გამეირო

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116944