ავტოსპორტი

3:43 | 31.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი: ალონსოს წასვლა ფ1-სთვის დანაკარგი იქნება

ლუის ჰამილტონი თვლის, რომ „არ იქნება სწორი“, თუ ფერნანდო ალონსო მომავალი სეზონის წინ ფორმულა 1-ს დატოვებს და ამის მიზეზი ის იქნება, რომ მას ის აღარ მოსწონს. ალონსოს არაერთხელ უთქვამს, რომ ფ1-ში არ დარჩება, თუ მისგან სიამოვნებას აღარ მიიღებს. მისთვის მთავარი ისაა, რომ ახალი რეგლამენტის მიხედვით შექმნილი მანქანები რადიკალურად განსხვავდებოდეს ახლანდელისგან და მეორეხარისხოვანია „მაკლარენის“ კონკურენტუნარიანობა.

ესპანელი მრბოლის უკმაყოფილების საფუძველი ისაა, რომ რბოლების დროს, პილოტებს საბურავების გაფრთხილებასა და საწვავის დაზოგვაზე უწევთ ზრუნვა, რის გამოც, ავტომობილების შესაძლებლობებს სრულად ვერ იყენებენ. თუ ასე გაგრძელდა, ის დარჩენას არ აპირებს.

ყოფილი თანაგუნდელის მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს ჰამილტონი და დასძენს, რომ ფ1 ალონსოს წასვლით ძალიან ბევრს დაკარგავს:

„ის კვლავაც ერთ-ერთი საუკეთესოა. მე ასე ვთვლი და იმედი მაქვს, რომ „მაკლარენი“ შეძლებს მისთვის ისეთი მანქანის მომზადებას, რომლითაც მოგება შეიძლება. მე კი მასთან პაექრობის საშუალება მომეცემა. თუ მას წასვლა სურს, ეს ძალიან სამწუხარო იქნება. მის გარეშე სანახაობა ისეთი ვერ იქნება, როგორიც შეიძლება იყოს. არ შეიძლება გყავდეს ასეთი ძლიერი პილოტი უკან, მერე კი ის წავიდეს იმიტომ, რომ ბრძოლის საშუალება არ ეძლევა. ეს არ იქნება სამართლიანი“.

ჰამილტონი დარწმუნებულია, რომ ალონსო რეალურად ფიქრობს წასვლაზე: „ის ახლა 35 წლისაა, საკმარისად გამოიმუშავა ფული, აქვს საკმარისი გამოცდილება. ის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია და უკვე ლეგენდაა. ის გადაწყვეტს, უნდა თუ არა წასვლა. ის ყოველი სეზონის წინ ბრძოლისთვის ემზადება, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ეძლევა. არადა ძალიან ძლიერია. მის ადგილზე გაცილებით უარესი შედეგები მექნებოდა. იმედი მაქვს, მომავალი სეზონისთვის გუნდი ისეთ მანქანს მოუმზადბს, რომელიც გამარჯვებისთვის და ჩემპიონობისხთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს. მე მინდა, რომ მან გააგრძელოს და ძალიან მინდა, რომ მასთან ბრძოლის საშუალება ისევ მომეცეს“.

0.115121