ვეტერანმა ესპანელმა კალათბურთელმა ხოსე კალდერონმა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. კალდერონმა, რომელიც მალე 35 წლის ხდება, ეროვნული გუნდიდან წასვლა მას შემდეგ არჩია, რაც რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ხოსე ესპანეთის მაისურით პირველად 1998 წლის 18-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოჩნდა და ჩემპიონიც გახდა. მას შემდეგ, უკვე ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ესპანელმა მცველმა ყველა წარმატება გამოიარა.
კალდერონს ოლიმპიადებზე 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო აქვს მოგებული, მოუგია მსოფლიოს პირველობა, ევროპის ჩემპიონატი და მასვე ევრობასკეტის 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაოც აქვს აქტივში.
ცნობისთვის, მომავალ სეზონში ესპანელი კალათბურთელი “ლოს ანჟელეს ლეიკერსის” რიგებში ითამაშებს, ამდენად, საკლუბო ასპარეზზე კვლავაც უმაღლეს დონეზე გაირჯება.