კალათბურთი

23:59 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინი, ფაჩულია, დიქსონი...
სლოვაკთა თავკაცი ქართველთა წინა და უკანა ხაზს თანაბრად უფრთხის

სლოვაკეთის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან რუდეჟმა 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ F ჯგუფში, სლოვაკეთის გარდა ალბანეთი და უმთავრესი ფავორიტები – საქართველო და ჩერნოგორიაც ითამაშებენ.

ივანი ხორვატიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის დამიან რუდეჟის უფროსი ძმაა და ჟენევის “ლაიონსთან” ერთად შვეიცარიის ჩემპიონატი 2-ჯერ აქვს მოგებული, ახლა კი, ბედს სანაკრებო ასპარეზზე სცდის.

მოსამზადებელი ციკლის ბოლოს სლოვაკებმა ავსტრიას 86:83 სძლიეს, მანამდე, დანიას და შვეიცარიასაც აჯობეს, ერთადერთი მარცხი კი უკრაინასთან შეემთხვათ. მიხედავად ამისა, რუდეჟს ილუზიები არ აწუხებს და გამოკვეთილ ფავორიტებსაც ასახელებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ბოლო 3 ევრობასკეტის მონაწილეა, ჩერნოგორიელებმა 2011 და 2013 წლის ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშეს, ევრობასკეტ-2015-ის მიღმა მათი დარჩენა კი იმთავითვე სენსაციად მოინათლა.

“საქართველოს და ჩერნოგორიას დაბალანსებული შემადგენლობა და დომინანტური ცენტრები ჰყავთ. ჩერნოგორიას ნიკოლა ვუჩევიჩი ლიდერობს, რომელსაც ნბა-ში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და “ორლანდო მეჯიქში” ჩინებული სეზონი ჰქონდა. გამოვარჩევ ბოიან დუბლევიჩსაც, რომელიც ესპანური “ვალენსიას” ერთ-ერთი ლიდერია.

საქართველოს ნაკრებში სტაბილურად თამაშობს გიორგი შერმადინი, რომელსაც ევროპის არაერთი წამყვანი კლუბის ღირსება დაუცავს. და რა თქმა უნდა, ზაზა ფაჩულია. არაერთი წელია, იგი ნბა-ში დამაჯერებლად ასპარეზობს.

ცხადია, ამ ფონზე, დაცვაში თამაშზე, სამწამიანი ზონის გამაგრებასა და მოხსნებზე განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ჩვენი პერიმეტრის მოთამაშეებმა “დიდებს” დახმარება უნდა გაუწიონ.

ამასთან, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენს მეტოქეებს არანაკლები სიძლიერის უკანახაზელები ჰყავთ. ჩერნოგორიელებმა ნატურალიზება დერეკ ნიდამს გაუკეთეს, საქართველომ კი ასევე ამერიკელი მაიკლ დიქსონი შეიმატა, რომელიც ჩინებული მსროლელია და პიკ’ნ’როლის შემდეგ, მცირე სივრცესაც კი იდეალურად იყენებს”, - აღნიშნა რუდეჟმა.

ნათელია, რომ აღნიშნულის მიუხედავად, სლოვაკები წინდაწინ მარცხთან შეგუებას არ აპირებენ. მათი თავკაცის აზრით, სლოვაკთა მთავარი კოზირი ბრძოლისუნარიანობა და თანაბრად დაბალანსებული შემადგენლობაა. აი, რას ამბობს ივან რუდეჟი.

“შემიძლია ვთქვა, რომ მზადების პერიოდში ყოველკვირეულად ვუმატებდით. რაც მთავარია, იმ გუნდად ჩამოვყალიბდით, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში ბოლომდე იბრძვის. ამ ფონზე შედეგი აუცილებლად მოვა. ნაკრებში ჩინეუბული განწყობაა და ვეტერანები ახალგაზრდებს საჭირო რჩევებს აძლევენ.

კარგია, რომ სლოვაკეთი ერთ კონკრეტულ კალათბურთელზე დამოკიდებული გუნდი არაა. მაგალითად, სტანისლავ ბალდოვსკის ბიჭების აყოლიება ეხერხება, მიხალ ბატკა და რიხარდ კორნერი კი საჭირო ჟამს “აფეთქდებიან” ხოლმე. ნენად მილოშევიჩი კიდევ ერთ ლიდერად მიმაჩნია, რომელიც ახალბედებისთვის მისაბაძი მოთამაშეა. დაცვაში საიმედოდ ირჯებიან მილან ზიაკი და მარტინ ბილიკი”.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სლოვაკები F ჯგუფში პირველ მატჩს 31 აგვისტოს სტუმრად ჩერნოგორიასთან გამართავენ, 3 სექტემბერს კი ბრატისლავაში საქართველოს დაუხვდებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.161593