ფეხბურთი

20:00 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა გელაშვილი იმერეთისკენ: “სამტრედიაც”, “ტორპედოც”
“ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომა “ყარაბახიდან” “ზესტაფონში” გადასვლა იყო”

31 წლის ფორვარდი ნიკა გელაშვილი ამჟამად “სამტრედიაში” ვარჯიშობს და როგორც თავად გვითხრა, არაა გამორიცხული, გია ცეცაძის გუნდში გააგრძელოს კარიერა, თუმცა აქვს ქუთაისის “ტორპედოსგან” შემოთავაზებაც. მეტიც, შევიტყვეთ, რომ “ტორპედო” ყველაზე რეალური ვარიანტია და შეთანხმებაც შედგა, თუმცა როგორც გელაშვილმა გვითხრა, საკითხი გადაწყვეტილი არაა.

worldsport.ge გელაშვილს დაუკავშირდა და აქვე, ინტერვიუც:

- თბილისის “დინამოდან” წასვლის შემდეგ თქვი, შესაძლოა უცხოურ გუნდში გადავიდეო.

- არის ვარიანტები, მაგრამ ამ ეტაპზე “სამტრედიაში” ვვარჯიშობ. ეროვნული ნაკრებიდან ნაცნობობა მაკავშირებს გია ცეცაძესთან. გუშინ ბაქოს “ინტერთან” ამხანაგურ მატჩამდეც მითხრა, შეგვიძლია, გათამაშოთო, თუმცა არ მითამაშია. რაც შეეხება “ტორპედოს”, შემოთავაზება ნამდვილად მაქვს. უნდა გადავწყვიტო, დიდხანს არ მინდა უკლუბოდ ყოფნა.

- ისე, “დინამოსთან” დაშორების ნამდვილი მიზეზი გვითხარი.

- მწვრთნელ იურაი იარაბეკთან უთანხმოების გამო. მან თქვა ჩემზე, წავიდესო და მეც წავედი. სხვა არანაირი მიზეზი არ ყოფილა. “დინამოსთან” შეთანხმებაც მქონდა, რომ შემეძლო ნებისმიერ დროს დამეტოვებინა კლუბი. ასე რომ, პრობლემა არ ყოფილა.

- ეს ყველაფერი ზაგრების “დინამოსთან” გაცუდებულმა მომენტებმა გამოიწვია?

- არა. უმაღლესი კლასის ფეხბურთელები აფუჭებენ ისეთ მომენტებს, რომ არ ვიცი, რა ვთქვა.

- ახლა როგორ ფორმაში ხარ? ფაქტია, ადრე უკეთ თამაშობდი, შედეგიანად.

- შარშანწინ ოპერაცია რომ გავიკეთე, მას მერე ვეღარ აღვიდგინე ფორმა. ვგულისხმობ პოლონეთთან მატჩის წინ ჯვარედინი მყესების გაწყვეტას. რა გითხრათ, ფორმაში შესასვლელად მწვრთნელისგან მეტი ნდობა მჭირდება.

- თამაშის ჟინი და წყურვილი ძველებურად გაქვს?

- ამ მხრივ პრობლემა არაა. როგორც კი ჩემს თავს შევატყობ, რომ თამაში სიამოვნებას ისე ვეღარ მანიჭებს, თავს დავანებებ.

- კარიერაში დიდი შეცდომა როდის დაუშვი? არ ნანობ, რომ “ბოხუმის” შანსი ვერ გამოიყენე?

- “ბოხუმიდან” აზერბაიჯანის ‘ყარაბახში” წავედი, რადგან უკეთესი პირობები შემომთავაზეს. აი, შეცდომა რაც დავუშვი, “ყარაბახიდან” “ზესტაფონში” გადასვლა იყო. არ უნდა წავსულიყავი. ჩემი მისვლიდან ერთ თვეში გუნდი დაიშალა. მერე, ალბანეთის “ფლამურტარიშიც” იმიტომ წავედი, რომ დრო აღარ რჩებოდა, სატრანსფერო ფანჯარა იხურებოდა.

- ალბანეთს კარგი ლეგიონერები ჰყავს და ნაკრებიც უკვე ძლიერია, ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. თუმცა, ალბანური კლუბები ვერაფერს აღწევენ. იგრძნობოდა იქ საფეხბურთო გამოცოცხლება?

- ინფრასტრუქტურა ალბანეთშიც არ ვარგა. ქვეყნის მთავარ სტადიონზეც კი (“ქემალ სტაფა”), სადაც ნაკრები თამაშობს, ცუდი მოედანია. ეგაა, ლეგიონერები ჰყავთ, რომლებიც კარგ ევროპულ გუნდებში თამაშობენ.

- ჩვენი ჩემპიონატის დონე? ძალიან დიდი განსხვავებაა იმ პერიოდთან, როცა “ზესტაფონში” თამაშობდი?

- შედარება შეუძლებელია, ადრე რამდენიმე გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის. რატომ დაეცა დონე? თბილისის “დინამოს” გარდა, არცერთ კლუბს არ აქვს კარგი მოსამზადებელი პირობები, არ აქვს მაღალი დონის ბაზა. ამიტომაც არის, რომ ევროტურნირებზე შედეგი არ ჩანს. როცა მთელი ჩემპიონატი სუსტ გუნდებთან თამაშობ და მერე გადიხარ კარგად დალაგებულ ევროპულ კლუბებთან, აუცილებლად იმოქმედებს. ფაქტობრივად, მზად არ ხარ. თუმცა კარგი პროექტებია, სპონსორებს ინტერესი გაუჩნდათ ფეხბურთის მიმართ და მჯერა, ეს შედეგს გამოიღებს. შეუძლებელია, ექვს თვეში და ერთ წელიწადში რაიმე განსაკუთრებული წინსვლა იყოს. როცა კლუბები დამშვიდებულნი იქნებიან ფინანსური კუთხით და როცა სტადიონებიც ექნებათ, მაშინ სათამაშო დონეც აიწევს, კონკურენცია გაჩნდება და ევროტურნირებზეც უკეთ გამოვლენ.

0.115957