კალათბურთი

15:10 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალბანელები თბილისს ამერიკელი გამთამაშებლით ეწვევიან

ალბანეთის საკალათბურთო ნაკრებს, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ერთ-ერთი მეტოქეა, მომავალ მატჩებში დახმარებას 32 წლის ამერიკელი გამთამაშებელი რეშონ ბროდუსი (სიმაღლე 183 სმ.) გაუწევს.

ამერიკელი კალათბურთელისთვის ალბანეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ ბრძანებულება ქვეყნის პრეზიდენტმა ბუჯარ ნიშანიმ გამოსცა, უშუალოდ პასპორტი კი ბროადუსს ალბანეთის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ავნი პონარიმ ჩააბარა.

ჰავაის კუნძულებზე დაბადებულმა ბროდუსმა ევროპული კარიერა 2008 წელს დაიწყო და მას შემდეგ არაერთი კლუბი გამოიცვალა. რეშონი “ბრაშოვის” (რუმინეთი), “სუდუვას” (ლიტვა), “პოლიტექნიკა-ჰალიჩინას” (უკრაინა), “შიაულაის” (ლიტვა), “ნეპტუნასის” (ლიტვა), “იუვენტუსის” (ლიტვა) და “დაბროვა გურნიჩას” (პოლონეთი) ღირსებას იცავდა.

გასულ სეზონში ბროდუსმა პოლონეთის ჩემპიონატში 31 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 16.03 ქულას, 3.48 მოხსნას, 4.06 პასს და 1.03 ჩაჭრას აგროვებდა. ახლა, ის თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2017-ის საკვალიფიკაციო ციკლში ალბანეთის მეტოქეები საქართველო, ჩერნოგორია და სლოვაკეთი არიან. კვიპროსელი სპეციალისტის ანტონის კონსტანიდიტესის მიერ დარიგებული ალბანელები პირველ მატჩს სწორედ თბილისში 31 აგვისტოს ჩაატარებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121348