კალათბურთი

11:29 | 29.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოლონეთიდან დაბრუნებულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ვარჯიში განაახლა

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, პოლონეთიდან დაბრუნების შემდეგ, კვირას პირველად ივარჯიშა. ილიას ზუროსის გუნდმა პოლონეთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოსამზადებელი ბოლო მატჩები გამართა - შვედეთთან და პოლონეთთან დამარცხდა. შესაბამისად, საქართველომ მოსამზადებელი შეხვედრები თანაბარი ბალანსით დაასრულა - 4 მოიგო და 4 წააგო.

თბილისში 27 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოსულმა ნაკრების წევრებმა ეს დღე დაისვენეს და 28 აგვისტოს, სპორტის სასახლეში საფუძვლიანი ვარჯიში გამართეს. ილიას ზუროსმა ნაკრების წევრები ჯერ „სნეპ-ფიტნესში“, ტრენაჟორებზე ავარჯიშა, შემდეგ კი გუნდი სპორტის სასახლეში გაემართა და თითქმის ორი საათი ივარჯიშა.

რაც შეეხება ტრავმირებულებს, თორნიკე შენგელიამ გუნდთან ერთად ტრენაჟორებზე სრული დატვირთვით ივარჯიშა, თუმცა ბურთით ნაკლებად დაიტვირთა. შენგელიამ სროლებში და რამდენიმე კომბინაციაში ივარჯიშა, თუმცა ორმხრივი თამაშისას ის მოედანზე არ იმყოფებოდა. თორნიკეს არაფერი აწუხებს, უბრალოდ მწვრთნელები მის დატვირთვას ერიდებიან.

პოლონეთში, შვედეთთან მატჩში ტრავმირებული მაიკლ დიქსონი მომჯობინდა. დიაგნოსტიკამ მის მუხლში უარყოფითი ვერაფერი აჩვენა. ამერიკელ უკანახაზელს დაჭიმულობა აქვს და გუშინ მან ექიმის მეთვალყურეობით, მსუბუქად ივარჯიშა. თემურ ხვედელიძემ მას სპეციალური ვარჯიშები გააკეთებინა, რის შემდეგაც დიქსონმა მიზანიც მოსინჯა და სროლები შეასრულა.

სხვა მხრივ, ნაკრებში ყველაფერი წესრიგშია. ბიჭები დიდი მონდომებით ვარჯიშობენ და ალბანეთთან პირველი ოფიციალური მატჩისთვის გულიანად ემზადებიან. მოახლოებულ შეხვედრაში შენგელიას და დიქსონის თამაშის საკითხი ჯერჯერობით საბოლოოდ არ გარკვეულა, თუმცა დიდი ალბათობით ორივე გავა მოედანზე - შეზღუდული დროით.

საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებთა მატჩი 31 აგვისტოს, თბილისის სპორტის სასახლეში 19:00 საათზე დაიწყება.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.167408