ბლოგი

18:53 | 28.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

სიცილიელი ტრიბუნაზე

ის შავგვრემანი იყო, საშუალო ტანის, ჩაფსკვნილი და ხმაჩახლეჩვით მოლაპარაკე. თავიდანვე აშკარა იყო, რომ იტალიის სამხრეთიდან გახლდათ და მიუხედავად იქაური ხალხის შესახებ არსებული წარმოდგენისა მხიარულებასთან დაკავშირებით, ამას ერთი ღიმილიც კი არ ეტყობოდა სახეზე. მით უმეტეს მაშინ, როდესაც იტალიის საფეხბურთო ნაკრებს ვერა და ვერ გაქონდა გოლი.

ეს ყველაფერი აწდასრულებული ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ეპიზოდია, როდესაც ჯგუფურ ეტაპზე იტალიის ნაკრები ბელგიას ხვდებოდა და ლიონის გადასარევ სტადიონზე შეკრებილი იტალიური ტიფოზერია თავიდანვე გაოცებული იყო თუ როგორ ”ახერხებდა” მათი საყვარელი გუნდი ბელგიასთან ცენტრის დათმობას.

უცნაური სიცილიელი სტადიონის დასავლეთ ტრიბუნაზე იჯდა, დაბღვერილი სახით შესცქეროდა თამაშს და ყოველი ფეხბურთელის გვარის გამოცხადებაზე საშინლად იგინებოდა. სულაც არ ჭირდებოდა იტალიური ენის გაგება მის სიტყვებსა და ჟესტიკულაციას. ეს გახლდათ კაცი, რომელსაც ჯანლუიჯი ბუფონის გარდა უკვლებლივ ყველა თანამემამულე ფეხბურთელი არარაობად მიაჩნდა და რომელიმე მათგანი ხელში რომ ჩავარდნოდა, დიდი ამბების მხილველნი გავხდებოდით.

როდესაც იტალიის ნაკრებმა თამაშში პირველი გოლი გაიტანა, მთელი ტიფოზერია წამოიმართა, აგრგვინდა, აბღავლდა, აშფოთდა... მხოლოდ ის ერთი იტალიელი იჯდა თავის სკამზე, ცინიკურად იღიმოდა და ერთი ხელიც კი არ აუწევია ზემოთ სიხარულის გამოსახატავად.

ეს გახლდათ ყოვლად წარმოუდგენელი ამბავი, რადგან არცთუ ადვილი დასაჯერებელია, რომ იმ ადამიანმა სიცილიიდან ასეულობით კილომეტრი იფრინა, რათა ლიონში ჩასულიყო და “სკუადრა აძურას” თამაშისთვის ეყურებინა და მთელი მისი მისიის მიზანი მხოლოდ გინება, დაბღვერა და უხამსი სიტყვების კორიანტელის დაყენება იყო? მართლაც წარმოუდგენელი ამბავია!

მხოლოდ მატჩის დასრულების შემდეგ, როდესაც იტალიის ნაკრებმა თავის სტილში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაამარცხა რატომღაც მატჩის ფავორიტად შერაცხული ბელგიის ნაკრები (დღემდე ვერ ვხვდები რატომ იყო იმ მატჩში ბელგია ფავორიტი) ჩვენ როგორც იქნა ყველაფერზე აგვეხილა თვალი და მივხვდით რატომაც იყო ის უცნაური სამხრეთელი ესოდენ განაწყენებული და დაბღვერილი.

სტადიონიდან გასვლის დროს, როდესაც ყველანი გასასვლილისკენ ვეშურებოდით, ნათლად დავინახე ის კაცი როგორ იღებდა მებარგულებთან მიბარებულ პატარა ხელჩანთას (ტერორიზმის საფრთხის გამო, საფრანგეთის სტადიონების ადმინისტრაცია ქომაგებს ნებისმიერი ჩანთას ართმევდა) რომელზეც არც მეტი, არც ნაკლები, “პალერმოს” ემბლემა იყო ამოტვიფრული. ვინ იცის, ეგებ “პალერმოს” რომელიმე ფეხბურთელის ჩემპიონატზე არწაყვანამ გაანაწყენა? ანდა, უბრალოდ სამხრეთელების დაუფასებლობამ? იქნებ სეპარატისტი სამხრეთელიც იყო და სულაც არ ეპიტნავებოდა ჯუზეპე გარიბალდი თავისი იდეებითა და ამბებით?!

მაგრამ მან ფული არ დაზოგა და იფრინა, ის ლიონში ჩავიდა და იტალიის ნაკრების ქომაგთა ტრიბუნაზე იჯდა. სხვა ამას არ იზამდა. ის სხვებს არ გავდა. მთლად დალაგებული ადამიანი კი ალბათ არც არსებობს დედამიწაზე...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119073