ავტოსპორტი

15:56 | 28.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაიას სამმაგი გასწრება და მეხუთე ადგილი

ზაფხულის არდადეგების შემდეგ, TCR-ის საერთაშორისო სერია ტაილანდური ეტაპით განახლდა. ქალაქ ბურირამში (რაც თურმე ბედნიერების ქალაქს ნიშნავს), ჩანგის საერთაშრისო ტრეკზე, ორი საინტერესო რბოლა გაიმართა და დათა ქაჯაიამ ორივეში შეძლო ქულების მოპოვება. განსაკუთრებით კი თავი მეორე რბოლის მიწურულს გამოიჩინა, როცა ერთ მოსახვევში, ერთდროულად სამ მეტოქეს გაასწრო!

სიმბოლურია, რომ ბედნიერების ქალაქში რბოლამდე, დათას ქალიშვილი, ანასტასია შეეძინა და ეს დიდი სიხარული ტრასაზე, შესანიშნავი მანევრით აღნიშნა, რომლითაც TCR-ის საერთაშორისო სერია და რა თქმა უნდა, რბოლების ქართველი მაყურებელი, დიდხანს იამაყებს!

ტექნიკური პრობლემების გამო, დათამ კვალიფიკაციაზე მხოლოდ ოთხი წრის გავლა შეძლო და ეს მის შედეგზეც აისახა - მე-13 ადგილი არაა ის შედეგი, რომელიც რბოლაში კარგი ადგილის დაკავების შანსს იძლევა. პირველი რბოლის სტარტზევე დათამ ორი პოზიციით წინ წაიწია. მეორე წრის დასაწყისში, მისი გასწრება ტაილანდელმა ჯეკ ლემვარდმა სცადა, მაგრამ მანევრი შეჯახებით განახორციელა, რამაც ქართველი დააზარალა და მან სტარტზე მოგებული ორი პოზიცია დათმო. თუმცა მეორე წრის დასაწყისში, ყოფილ თანაგუნდელ მიხაილ გრაჩოვს გაასწრო, შემდეგ კი სერგეი აფანასიევიც ზედ მიაყოლა და ისევ მე-11 პოზიციაზე გადაინაცვლა.

კარგა ხანს ასე იარეს. დათა უნგრელ ატილა ტაშის უტევდა და იმავდროულად, აფანასიევის შეტევების მოგერიება უწევდა. მის „გოლფზე“ სწრაფი „სეატ ლეონების“ სენდვიჩში მოქცეულმა ქაჯაიამ კარგა ხანს შეძლო პოზიციის შენარჩუნება, მაგრამ ტაშის გასწრების მცდელობისას, თავად აფანასიევის შეტევა ვერ მოიგერია და რუსს გასწრების საშუალება მიეცა. ბოლო წრეზე ავარიის გამო, რბოლას პეტერ ფულინი გამოეთიშა და დათამ ისევ მეათე ადგილზე გადაინაცვლა, რომელიც ფინიშამდე შეინარჩუნა.

გამარჯვება კი ესპანელმა პეპე ორიოლამ მოიპოვა, რომელმაც სტარტი პოულიდან აიღო, თავიდანვე დაწინაურდა და ფინიშამდე ახლოს არავინ გაიკარა. მეორე ადგილი მისმა თანაგუნდელმა (კროფტ ბამბო) დაიკავა, რომელმაც შუა რბოლისას, ჯანი მორბიდელის გაასწრო. კარგად იასპარეზა დათას ახალმა თანაგუნდელმა, ტაილანდელმა მუნკონგ სათიენთირაკულმა, რომელმაც სტარტი ბოლო ადგილიდან აიღო, ფინიშთან კი მე-12 მივიდა.

მეორე რბოლა გაცილებით დაძაბული გამოდგა. ის პოულიდან დაიწყო გრაჩოვმა, რომელმაც ტექნიკური პრობლემების მიუხედავად, პირველი რბოლის დასრულება შეძლო და რადგან კვალიფიკაციაში მეცხრე იყო, მეორე რბოლა რევერსული წესით, მოწინავე პოზიციიდან დაიწყო. წესით, პოულზე პეტრ ფულინი უნდა დამდგარიყო, მაგრამ „ალფა რომეოთი“ მოასპარეზე ჩეხს პირველი რბოლის მიწურულს მომხდარი ავარიისას, მანქანა ძლიერ დაუზიანდა და მეორე რბოლაში ვეღარ იასპარეზა.

ქაჯაიამ ამჯერადაც კარგი სტარტი აიღო და რამდენიმე პოზიციით, მერვე ადგილამდე წაიწია. პირველი წრის მიწურულს, კერბზე გავლისას მართვა დაკარგა მორბიდელიმ, რომლის მანქანაც კედელს დაეჯახა. ამის გამო, ტრეკზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა. იტალიელის მსგავსად, ორიოლასაც არ გაუმართლა, რომელსაც წინა მარცხენა ბორბალი გაუსკდა და ბოქსში შესასვლლი გახდა. იქიდან კი რბოლას ბოლო ადგილზე დაუბრუნდა. მისი ბედ, რომ პელოტონს სათავეში უსაფრთხოების მანქანა ედგა და ესპანელმა ლიდერის - გრაჩოვის წრეზე დარჩენა მოახერხა.

გრაჩოვს კვალში ტაილანდელი კანტადჰი კუსირი ჩაუდგა, რომელსაც მალე ჯეიმს ნაშმა გაასწრო. ბრიტანელმა გრაჩოვსაც მალე შეუტია და მერვე წრის პირველივე მოსახვევში, გარე რადიუსით შეძლო მისი ჩამოტოვება. ქაჯაიამ ერთხანს ჟან-კარლ ვერნის სდია, შემდეგ ამან აფანასიევს გაუსწრო, რომელიც ცოტა ხანში დათამაც ჩამოიტოვა. თუმცა როცა ასწრებდა, ორივეს ატილა ტაშიმ გაასწრო. ამასობაში კი ვერნიმ დუშან ბორკოვიჩიც უკან მოიტოვა და თანაგუნდელ სტეფანო კომინისაც შეუტია.

ამათ ისეთი დაძაბული პაექრობა ჰქონდათ, რომ მე-11 წრსზე ორივეს ბორკოვიჩმა გაუარა, რომელმაც იქვე ტაილანდელი კუსირიც ჩამოიტოვა და მესამეზე გადაინაცვლა.

პარალელურად, ქაჯაიამ წარმატებული მანევრებით რამდენიმე პოზიციით წინ წაიწია და ვერნის გასწრების შემდეგ, მეექვსეზე გადაინაცვლა. უფრო მეტიც, კომინისაც წამოეწია. თუმცა ერთი მცირე შეცდომის გამო, ტემპი დაკარგა და მას ტაშიმ და ვერნიმ გაასწრეს. დათამ მერვეზე გადაინაცვლა და აფანასიევის რამდენიმე შეტევის მოგერიება მოუხდა. თავად ამ დროს კუსირს უტევდა.

მე-14 წრეზე დადგა ის მომენტი, რომელმაც სიამაყით აღგვავსო! მარჯვენა მოსახვევში შესვლისას, მან ყველაზე ოპტიმალური, გარე ტრაექტორია შეარჩია. ამ დროს, მის წინ მე-5 ადგილისთვის სამი პილოტი - კუსირი, ტაში და ვერნი იბრძოდა. და დათამ სამივეს აპექსის გავლისას გაასწრო! გამოსასვლელშიც ყველაზე უკეთეს ტრაექტორიაზე გავიდა და ყველა მშრალზე დატოვა. ამის შემდგ, ქართველმა სამივე უსაფრთხო მანძილზე ჩამოიტოვა და ფინიშის ხაზიც მეხუთემ გადაკვეთა.

გამარჯვება ნაშმა მოიპოვა, რომელიც ტაილანდში დაკავებული მეორე და პირველი ადგილების წყალობით, ჩემპიონატსაც სათავეში მოექცა. მას 204 ქულა დაუგროვდა და 7 ქულას უგებს ორიოლას, რომელმაც მეორე რბოლა მე-11 ადგილზე დაასრულა.

ბურირამის ეტაპი

პირველი რბოლა, 14 წრე

  1. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატ ლეონი) 24:32.596
  2. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) +1.280
  3. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა სივიკი) 2.410
  4. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენ გოლფი) 6.633
  5. ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი,ფოლკსვაგენ გოლფი) 7.467
  6. კანტადჰი კუსირი (ტაილანდი, ჰონდა სივიკი) 11.551
  7. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატ ლეონი) 14.115
  8. ატილა ტაში (უნგრეთი, სეატ ლეონი) 20.302
  9. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატ ლეონი) 22.446
  10. დავით ქაჯაია (საქართელო, ფოლკსვაგენ გოლფი) 23.892
  11. ნარასაკ იტირიტპონგი (ტაილანდი, ჰონდა სივიკი) 26.081
  12. მუნკონგ სათიენთირაკული (ტაილანდი, ფოლკსვაგენ გოლფი) 27.340
  13. ალექსანდერ მისი (გერმანია, სეატ ლეონ კაპი) 38.790
  14. რაფაელ გალიანა (საფრანგეთი, ჰონდა სივიკი) 44.808
  15. ჩენ ძიან ჰონი (ტაივანი, სეატ ლეონ კაპი) 52.168
  16. ნატაჩაკ ჰანჯიტკასენი (ტაილანდი, ჰონდა სივიკი) 52.444
  17. კარი-პეკა ლააკსონენი (ფინეთი, სეატ ლეონ კაპი) 53.234
  18. პარიტატ ბულბონი (ტაილანდი, სეატ ლეონ კაპი) 58.293
  19. გრანტ სუპაფონგსი (ტაილანდი, სეატ ლეონ კაპი) 1:23.558
  20. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ჰონდა სივიკი) 3 წრე

კლასიფიკაციის გარეშე (14 წრის 75% - 10 წრე)

  1. პეტრ ფულინი (ჩეხეთი, ალფა რომეო ჯულიეტა) 4 წრე
  2. ლუიჯი ფერარა (იტალია, სუბარუ WRX Sti) 6 წრე
  3. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატ ლეონი) 9 წრე
  4. ჯეკ ლემვარდი (ტაილანდი, სეატ ლეონ კაპი) 13 წრე

მეორე რბოლა, 16 წრე

  1. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) 30:31.095
  2. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ჰონდა სივიკი) +7.272
  3. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატ ლეონი) 11.332
  4. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენ გოლფი) 12.122
  5. დავით ქაჯაია (საქართელო, ფოლკსვაგენ გოლფი) 15.181
  6. ატილა ტაში (უნგრეთი, სეატ ლეონი) 18.516
  7. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატ ლეონი) 18.753
  8. ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი,ფოლკსვაგენ გოლფი) 19.870
  9. კანტადჰი კუსირი (ტაილანდი, ჰონდა სივიკი) 20.208
  10. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატ ლეონი) 20.538
  11. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატ ლეონი) 23.276
  12. ალექსანდერ მისი (გერმანია, სეატ ლეონ კაპი) 27.736
  13. ჯეკ ლემვარდი (ტაილანდი, სეატ ლეონ კაპი) 33.520
  14. კარი-პეკა ლააკსონენი (ფინეთი, სეატ ლეონ კაპი) 34.406
  15. გრანტ სუპაფონგსი (ტაილანდი, სეატ ლეონ კაპი) 39.262
  16. ჩენ ძიან ჰონი (ტაივანი, სეატ ლეონ კაპი) 46.479
  17. პარიტატ ბულბონი (ტაილანდი, სეატ ლეონ კაპი) 55.815
  18. ნარასაკ იტირიტპონგი (ტაილანდი, ჰონდა სივიკი) 2 წრე
  19. მუნკონგ სათიენთირაკული (ტაილანდი, ფოლკსვაგენ გოლფი) 3 წრე
  20. რაფაელ გალიანა (საფრანგეთი, ჰონდა სივიკი) 4 წრე

კლასიფიკაციის გარეშე (16 წრის 75% - 12 წრე)

  1. ნატაჩაკ ჰანჯიტკასენი (ტაილანდი, ჰონდა სივიკი) 10 წრე
  2. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა სივიკი) 14 წრე

კლასიფიკაცია 8 ეტაპის (16 რბოლის) შემდეგ:

1. ჯეიმს ნაში (ბრიტანეთი, სეატ ლეონი) – 204 ქულა; 2. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატ ლეონი) – 197; 3. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენ გოლფი) – 194; 4. ჟან-კარლ ვერნი (საფრანგეთი,ფოლკსვაგენ გოლფი) – 163; 5. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა სივიკი) – 150; 6. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატ ლეონი) – 147; 7. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატ ლეონი) – 125; 8. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატ ლეონი) - 117; 9. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ჰონდა სივიკი) – 113; 10. დავით ქაჯაია (საქართელო, ფოლკსვაგენ გოლფი) – 75; 11. აკუ პელინენი (ფინეთი, ჰონდა სივიკი) – 163; 12. ატილა ტაში (უნგრეთი, სეატ ლეონი) - 58...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.168767