კალათბურთი

11:05 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებელ დასკვნით მატჩში დამარცხდა

„პოლონეთთან თამაშს დიდი დანაკლისით შევხვდით, ხოლო მსაჯმა პირველ ნახევარში ძირითადი გამთამაშებელიც მოედნიდან გაგვიძევა. სამწუხაროა, რომ თითქმის ნახევარი გუნდით დავრჩით და მოგების შანსი თითქმის დავკარგეთ, მაგრამ თამაშში დარჩენილმა ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მათ ხასიათი გამოავლინეს და მატჩი საბოლოოდ ღირსეულად ჩავამთავრეთ“ - ეს გახლდათ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე პოლონელ ჟურნალისტებთან გამოთქმული ილიას ზუროსისა და ზაზა ფაჩულიას საერთო აზრი.

ძნელია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს არ დაეთანხმო. პოლონელმა მწვრთნელებმა საქართველოს ნაკრები წასაგებად მეორე პერიოდის შუაწელში გაწირეს, როცა ვიქტორ სანიკიძეზე არარსებული ჯარიმა დაუსტვინეს, ხოლო პროტესტის გამოთქმისთვის ამ უკანასკნელს ტექნიკური მისცეს, არბიტრთან ვითარების ასახსნელად მისული გიორგი ცინცაძე კი ორმაგი ტექნიკურით დასაჯეს და მოედანთან ერთად სათადარიგოთა სკამიდანაც გააძევეს.

საქართველოს ნაკრებს ისედაც აკლდა 2 მთავარი მექულე - თორნიკე შენგელია და მაიკლ დიქსონი, ხოლო ცინცაძის გაგდებითა და სანიკიძის ნაადრევი 4 პერსონალურის გამო თითქმის გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდა. ამხანაგურ მატჩებში თუ აშკარად არ იუხეშეს, მოთამაშეს მოედნიდან არ აგდებენ, ამ მატჩში კი არც სანიკიძეს და არც ცინცაძეს ხმის ტემბრისთვის არ აუწევიათ. მათ ბუნებრივი რეაქცია ჰქონდათ იქიდან გამომდინარე, რომ მსაჯები მანამდეც ძალიან ბევრს სცოდავდნენ ჩვენს საზიანოდ - მასპინძელთა აშკარა ჯარიმებს არ აფიქსირებდნენ, საქართველოს მისამართით კი უკიდურესად პედანტურნი იყვნენ.

ვინძლო, მომხდარი ეპიზოდი, დადებითიც იყოს საქართველოს ნაკრების მომავლისთვის. ცინცაძე რომ არ გავარდნილოყო და სანიკიძეს სათამაშო დრო არ შეზღუდვოდა, სავარაუდოდ ბოლომდე თანაბარი ბრძოლა წავიდოდა და ქართველ სათადარიგოებს სათამაშოდ მცირე დრო დაეთმობოდათ. ასე ბოლომდე შევასკდებოდით პოლონეთს და შესაძლოა მოგვეგო კიდეც, მაგრამ შედეგს რა ფასი ექნებოდა?! პოლონეთთან მატჩის ბოლო 24 წუთს კი ის ფასი აქვს, რომ სოლიდური სათამაშო დრო დაეთმოთ ლუკა ზაქრაძეს, ანატოლი ბოისას, ბესიკ ლეჟავას (რომელიც სულაც სასტარტო ხუთეულში იყო), ბექა ბექაურს და კახა ჯინჭარაძეს. ამ ბიჭებმა კაპიტან ზაზა ფაჩულიასა და გამოცდილი გიორგი შერმადინის წინამძღოლობით ღირსეულად და რაც მთავარია, ბოლომდე იბრძოლეს. თამაშში იყვნენ, იბრძოლეს და ბურთებიც ჩაყარეს დუდა სანაძემ, ბესიკ ლეჟავამ და ბექა ბურჯანაძემ. საქართველოს ნაკრებმა საკუთარი თავი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში გამოსცადა და შეიძლება ითქვას, გამოცდა წარმატებით ჩააბარა. ძალიან გაბედულად ითამაშეს გუნდის ახალწვეულებმა, რომელთა დახმარებაც, არავინ იცის, როდის დასჭირდება ჩვენს ნაკრებს.

ზაზა ფაჩულიამ და გიორგი შერმადინმა, რომ იტყვიან, ხელი არ გაანძრევინეს ამ მომენტისთვის პოლონელთა შემადგენლობაში ყველაზე სახელიან მოთამაშე მაციე ლამპეს. ამ უკანასკნელმა მატჩის ბოლო წუთამდე თამაშიდან 6-ივე სროლა ააცილა და მხოლოდ ბოლოსღა ჩააგდო ის 2 ორქულიანი, რომლებმაც საქართველოს ნაკრებს მატჩის გადარჩენის შანსი მოუსპო.

პოლონელებმა მსაჯების დახმარებით ხუთეულის 3 წევრის გარეშე დარჩენილი საქართველო საბოლოოდ 9 ქულით - 80:71 დაამარცხეს და ტურნირი - სახელწოდებით „ანვილის საკალათბურთ გამოწვევა“ - მე-3 ადგილზე დაასრულეს. საქართველომ კი ორივე მატჩი დათმო პოლონეთში, რითაც საკვალიფიკაციოსთვის მოსამზადებელი მატჩები დაასრულა.

მატჩის დასრულებასთან ერთად მოვიდა ინფორმაცია ტრავმირებული მაიკლ დიქსონის შესახებ. დიაგნოსტიკამ არ აჩვენა რაიმე სერიოზული და ამერიკელი ლეგიონერი საქართველოს ნაკრებთან ვარჯიშს 2 დღეში, თბილისში დაბრუნების შემდეგ განაახლებს.

ამხანაგური ტურნირი. ვლოცლავეკი. პოლონეთი
პოლონეთი 80:71 საქართველო
სრული სტატისტიკა: 80:71

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139701