ავტოსპორტი

3:31 | 26.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ძრავის ჯარიმას სპაზე „მოიხდის“

ლუის ჰამილტონი სპაზე რბოლისას ძალური დანადგარის ახალ ელემენტებს გამოიყენებს, რისთვისაც ბელგიის დიდი პრიზის სტარტზე 10 ადგილს დაკარგავს. მას არ დაუზუსტებია, რომელ ნაწილებს გამოცვლიან მის აგრეგატზე. ცნობილია, რომ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონს უკვე გამოყენებული აქვს ხუთი ტურბოდამჭირხნი და ხუთი MGU-H. ანუ, ლიმიტი ამოწურული აქვს. რომელიმეს შეცვლის შემთხვევაში, სტარტზე 10 ადგილს დაკარგავს.

„მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა, მაგრამ სპაზე ეს ძალიან, ძალიან ძნელი იქნება. მეტოქეებმა ამ სამ სეზონში ჩამორჩენა ძალიან შეამცირეს. „რედ ბული“ ძალიან სწრაფია. ასევეა „ფერარიც“ და ყველა დანარჩენიც. ამიტომ, ახლა უკანა რიგებიდან ადგილებისთვის ბრძოლა უფრო გაძნელდება, ვიდრე თუნდაც წინა სეზონში. მთავარი ისაა, რომ ჯარიმისგან მიღებული ზარალის შემცირება შევძლო“, - ამბობს ჰამილტონი.

„ეს გუნდური სპორტია. ჩვენ ერთად ვიგებთ და ვაგებთ. თუ მე შევცდები, ან გუნდი დაჯარიმდება ძრავისთვის, ან შეცდება. ჩვენ ეს უნდა მივიღოთ როგორც არის და ვეცადოთ საქმის გამოსწორებას“, - აგრძელებს ჰამილტონი და დასძენს, რომ შექმნილი პრობლემის გამო, გუნდზე არ ბრაზობს. მისი აზრით, ამ შეცდომებზე გუნდმა ბევრი რამ ისწავლა და იმედს გამოთქვამს, რომ მსგავსი პრობლემები აღარ შეიქმნება.

„არ გამიმართლა, რადგან საცდელი თაგვის როლის შესრულება მომიწია. ან რაც გინდათ, ის დაარქვით. ყველა ეს პრობლემა მხოლოდ ჩემს მანქანაზე შეიქმნა. „მერსედესის“ სხვა ძრავებზე კი მსგავსი არაფერი მომხდარა“, - წუხს ჩემპიონატის ლიდერი.

0.116052