ფეხბურთი

11:00 | 4.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

“შახტარის” კუბოში ბოლო ლურსმანი კუბომ ჩააჭედა, ლიგას ხელი “ოლიმპიაკოსმაც” დაუქნია (+VIDEO)

უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016-2017 წლების სეზონი დონეცკის “შახტარისა” და პირეოსის “ოლიმპიაკოსის” გარეშე ჩაივლის – ეს ორი მთავარი სენსაციაა, რაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე დაფიქსირდა.

მირჩა ლუჩესკუმ ცოტა ხნის წინ “შახტარში” 12-წლიანი მოღვაწეობა დაასრულა, მის ნაცვლად დონბასელებმა პაულო ფონსეკა მიიწვიეს, თუმცა არ გაგიკვირდეთ თუ იგი მალე აღარ იქნება უკრაინული გრანდის მთავარი მწვრთნელი. “შახტარს” შვეიცარიულმა “იანგ ბოიზმა” აჯობა. არადა, ერთი კვირის წინ, უკრაინაში მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს და თითქოს განაღდებულიც ჰქონდათ პლეი-ოფის საგზური, მაგრამ ბერნში “იანგ ბოიზმა” ასეთივე ანგარიშით იმარჯვა და მერე პენალტებიც უკეთ დაარტყა – 4:2. “შახტარს” ორივე გოლი იაპონელმა იუია კუბომ გაუტანა. მოკლედ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “მეშახტეთა” კუბოში ბოლო ლურსმანი კუბომ ჩააჭედა...

არანაკლებ მოულოდნელი იყო საბერძნეთის ჩემპიონ “ოლიმპიაკოსის” წარუმატებლობა, რომელიც ლიგაზე წლებია უკვე მუდმივად თამაშობდა. თუმცა, ბერძნები დამსახურებულად გავარდნენ, რადგან ისრაელის ჩემპიონ “ჰაპოელს” ორ მატჩში გოლიც ვერ გაუტანეს. ათენური 0:0-ის მერე, ბეერ შევაში მასპინძლებმა 1:0 იმარჯვეს და ისტორიული შედეგი აჩვენეს.

პირველი თამაში ცუდად ჩაატარა ამსტერდამის “აიაქსმა”, რომელიც შინ დაუზავდა (1:1) “პაოკს” და გასვლაზეც აგებდა უკვე მეოთხე წუთზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც იმარჯვა. ჰოლანდიელებს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება დევი კლაასენმა მოუტანა, ვინც 45-ე და 87-ე წუთებზე ორჯერ აიღო სალონიკელთა კარი.

სტამბულში წაგებული (1:2) მატჩის მერე ფრანგულმა “მონაკომ” მაინც შეძლო და “ფენერბახჩეს” ბარიერი დაძლია. მონეგასკებმა შინაც გაუშვეს ერთი ბურთი, თუმცა საპასუხოდ სამჯერ შეაგდეს და პლეი-ოფში გააღწიეს.

ასევე შემდეგ ეტაპზე გააღწია ლიგის დებიუტანტმა, რუსეთის ვიცე-ჩემპიონმა “როსტოვმა”. ყურბან ბერდიევის გუნდმა მართალია შინ “ანდერლეხტთან” ცუდად ითამაშა და მხოლოდ ფრეს (2:2) გამორჩა, მაგრამ ბრიუსელში 2:0 გაიმარჯვა.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან ზედიზედ მეორედ შორს არ ყოფილა ყაზახეთის ჩემპიონი “ასტანა”, რომელიც გლაზგოს “სელტიკს” პირველ მატჩში შინ დაუზავდა (1:1). “სელტიკ პარკზე” კი მასპინძლები იგებდნენ, მერე სტუმრებმა გაათანაბრეს და მატჩიც თითქოს დამატებით დროში უნდა გადასულიყო, როცა შოტლანდიელებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს და გაიტანეს კიდეც – მსაჯის მეორე დამატებულ წუთზე. სხვათა შორის, ყაზახებმა შეხვედრა 9 ფეხბურთელით ჩაამთავრეს...

სხვა მატჩების ტექნიკური შედეგები კი ასეთია:

“სტიაუა” (რუმინეთი) – “სპარტა” (ჩეხეთი) 2:0 – ორი მატჩის ჯამში: 3:1

გოლები: 1:0 სტანჩუ (31), 2:0 სტანჩუ (62)

“კოპენჰაგენი” (დანია) – “ასტრა” (რუმინეთი) 3:0 – ორი მატჩის ჯამში: 4:1

გოლები: 1:0 კორნელიუსი (14), 2:0 სანტანდერი (34), 3:0 კორნელიუსი (45)

“ჰაპოელი” (ისრაელი) – “ოლიმპიაკოსი” (საბერძნეთი) 1:0 – ორი მატჩის ჯამში: 1:0

გოლი: 1:0 ტზედეკი (79)

“იანგ ბოიზი” (შვეიცარია) – “შახტარი” (უკრაინა) 2:0 პენ: 4:2 – ორი მატჩის ჯამში: 2:2

გოლები: 1:0 კუბო (54), 2:0 კუბო (60)

“პაოკი” (საბერძნეთი) – “აიაქსი” (ჰოლანდია) 1:2 – ორი მატჩის ჯამში: 2:3

გოლები: 1:0 ათანასიადისი (4), 1:1 კლაასენი (45, პენ), 1:2 კლაასენი (87)

“ზალცბურგი” (ავსტრია) – “პარტიზანი” (ალბანეთი) 2:0 – ორი მატჩის ჯამში: 3:0

გოლები: 1:0 სორიანო (76), 2:0 ვანდერსონი (81)

“ანდერლეხტი” (ბელგია) – “როსტოვი” (რუსეთი) 0:2 – ორი მატჩის ჯამში: 2:4

გოლები: 0:1 ნობოა (28), 0:2 აზმუნი (47)

“სელტიკი” (შოტლანდია) – “ასტანა” (ყაზახეთი) 2:1 – ორი მატჩის ჯამში: 3:2

გოლები: 1:0 გრიფიტსი (45+3), 1:1 იბრაიმი (62), 2:1 დემბელე (90+2, პენ)

“ლეგია” (პოლონეთი) – “ტრენჩინი” (სლოვაკეთი) 0:0 – ორი მატჩის ჯამში: 1:0

“მონაკო” (საფრანგეთი) – “ფენერბახჩე” (თურქეთი) 3:1 – ორი მატჩის ჯამში: 4:3

გოლები: 1:0 ჟერმაინი (2), 2:0 ფალკაო (18, პენ), 2:1 ემენიკე (53), 3:1 ჟერმაინი (65)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.828098