ფეხბურთი

2:12 | 3.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაი და ვიში გვიანია: თბილისის "დინამოს" 180 წუთში გოლი უნდა გაჰქონდეს

განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, თბილისის "დინამომ" ზაგრების "დინამოსთან" შინაც წააგო, ორი მატჩის ჯამში, 180 წუთში გოლი ვერ გაიტანა და ჩემპიონთა ლიგიდან ევროპის ლიგისკენ გადაინაცვლებს.

განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან თბილისელებმა წააგეს უკეთეს გუნდთან, რომელმაც წლიდან წლამდე, ზაფხულიდან ზამთრამდე და ზამთრიდან ზაფხულამდე იცის, თუ როგორ უნდა განვითარდეს და წინ წაიწიოს.

წააგეს კლუბთან, რომელიც მექანიზმია და აქვს გეზი: გაზრდის ფეხბურთელს, მსუყე ფასად გაყიდის, მის ნაცვლად კი სხვას დააწინაურებს და შემდეგ ზაფხულს ისევ მაგნიტივით იზიდავს გრანდებს.

წააგეს კლუბთან, რომელსაც ლეგიონერი მხოლოდ იმიტომ არ მოჰყავს, რომ ლეგიონერია. არა, ზაგრების "დინამო" ის გუნდი არაა, ჩემპიონთა ლიგაში გრანდ კლუბების ფეხბურთელებს ფეხები აუკანკალოს. მეტიც, დიდი ანგარიშითაც ხშირად წაუგია ამ გუნდს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ თუნდაც ამ წაგებებითაც ბევრს სწავლობენ.

რაიმე საკვირველი მოხდა, ან აქამდე რაც არ გვინახავს, ის ვნახეთ? იურაი იარაბეკი იქადნებოდა თამაშის წინ, თუმცა რეალურად რომ შევხედოთ სურათს, თბილისის "დინამომ" ერთი კვირის წინ დაკარგა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი. სტუმრად 0:2 წაგებულის შემომტრიალებელი დღევანდელი საქართველოს ჩემპიონი ნამდვილად არაა და მითუმეტეს, ხორვატიის თითქმის მუდმივ ჩემპიონთან.

მარკო როგმა მე-8 წუთზე საჯარიმო შეასრულა, ბურთმა ცოცხალი კედლიდან იცვალა მიმართულება, მერე ძელს მოხვდა და მაყურებელ სკრიბეს კარში შევარდა. თბილისის "დინამოს" უკვე მინიმუმ 4 გოლი უნდა გაეტანა მეტოქის კარში.

როგორც პირველ შეხვედრაში, თბილისშიც გამოიკვეთა, რომ ზაგრებელებმა ცენტრი დათმეს და თბილისელებმაც არაერთი შეტევა განახორციელეს. რენე ფერეირას თავური მეკარე ედუარდომ მოიგერია, მერე ჯაბა ჯიღაურს შეეძლო გატანა ახლოდან და ვარდნაში წამოეწივნენ ხორვატი მცველები, იყო არაერთი საჯარიმო დარტყმა – ხორვატები ხშირად ჯარიმდებოდნენ, მაგრამ დააკვირდებოდით, ამას აკეთებდნენ საჯარიმოდან საკმაოდ მოშორებით.

ამ საჯარიმოებიდან ხეირი ვერ ნახეს მასპინძლებმა. კარში დარტყმებიდან კი თითქმის ყველა არაზუსტი იყო, ან მცველები ბლოკავდნენ.

პირველ ტაიმში "დინამო" უტევდა მაინც, მეორეში კი, აბა, რა გითხრათ: სამ მცველზე გადასვლამ თბილისელებს ვერაფერი არგო. ერთია რისკი და მეორეა შესრულება. ხორვატებმა ბურთი დაიჭირეს და აქ გამოჩნდა, რომ მხოლოდ კონტრშეტევებში კი არა, სხვა კომპონენტებშიც ძლიერები არიან. არაფერს ვამბობთ სხარტ აზროვნებაზე და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე. თამაშობდნენ მარტივად და დალაგებულად, ერთი ფეხბურთელი სამი კაცის მოტყუებას არ ცდილობდა და ზედმეტად არ წვალობდა.

ვაი-ვიში არაფერს უშველის, ამით საქმე არასოდეს გაკეთებულა. ამ წაგებებს გაანალიზება სჭირდება. არ გვინდა, რომ მაინცდამაინც ლეგიონერებზე გადავტეხოთ ჯოხი, მაგრამ თბილისის "დინამოს" უკეთესი უცხოელები მოუხდებოდა.

ბულგარულ ფეხბურთს აღმავლობა აქვსო და ნაკრები ქვას ქვაზე ტოვებსო, ვერავინ იტყვის, მაგრამ აი, "ლუდოგორეცი" რასაც ახერხებს, სამწუხაროდ, თბილისის "დინამოს" სანატრელი აქვს. ადგილობრივებისა და აუცილებლად ნორმალური ლეგიონერების ნაზავი – სხვაგვარად ვხედავთ, რომ არაფერი გამოდის. დავიჯეროთ, ასე რთულია, რომ ერთ მშვენიერ დღეს დაიგეგმოს გზა და ამ გზას აღარ გადავუხვიოთ?

თბილისის "დინამოა", ქვეყნის ფეხბურთის სახეა და უკეთეს შედეგს ითხოვს ხალხი. ამაში არაფერია გასაკვირი. ვისაც წაგება გულს ტკენს, ის ხმაურობს და ის ყვირის.

2 აგვისტო. 21:00. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო (თბილისი) - დინამო (ზაგრები) 0:1 (0:1)

ორი მატჩის ჯამში - 0:3

დინამო თბილისი: სკრიბე, ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, შპიჩიჩი (კიტეიშვილი 46), პარუნაშვილი, პაპუნაშვილი (ალვარო 72), ჯიღაური, ჭანტურიშვილი, კურიე (გელაშვილი 46), დვალიშვილი

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

დინამო ზაგრები: ედუარდუ, სიგალი, შინდელფელდი, ბენკოვიჩი, სოსა (მატელი 53), ჟონასი (ჩორიჩი 77), სტოიანოვიჩი, როგი, ანტოლიჩი, ფერნანდესი (პავიჩიჩი 72), სუდანი

მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი

გოლი: 0:1 როგი (8)

გაფრთხილება: პარუნაშვილი (7), სოსა (24), ჟონასი (33), რენე (38), შპიჩიჩი (45+1), ლობჟანიძე (45+1), სუდანი (45+1), ჭანტურიშვილი (63), ბენკოვიჩი (66), დვალიშვილი (77)

მსაჯი: ზელინკა (ჩეხეთი)

0.117613