ფეხბურთი

11:04 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმირ ვაისი: "ჭკვიანი მწვრთნელი ანანიძეს ყოველთვის მოუძებნის ადგილს"

ჯანო ანანიძე მშვენიერ ფორმაშია - ისეთ ფორმაში, როგორშიც არასოდეს გვახსოვს. ჯანომ "სპარტაკის" ბოლო ორ მატჩში სამი ლამაზი გოლი გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ანანიძის შესახებ ისაუბრა:

- საქართველოს ნაკრების თავკაცი ვარ და რა თქმა უნდა, ყველა კარგი ფეხბურთელი მჭირდება. ჯანო კი ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი ნახევარმცველია. სამწუხაროდ, ზაფხულში მან რამდენიმე მატჩი გამოტოვა. თავად ჯანომაც გვთხოვა და "სპარტაკიც" შეგვეხმიანა, რათა დასვენების საშუალება მიგვეცა: ფეხბურთელს ოპერაცია სჭირდებოდა. "სპარტაკის" მწვრთნელ დმიტრი ალენიჩევთან ვისაუბრე ამ თემაზე. კლუბთან კარგი ურთიერთობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, ხოლო ნაკრებს იდეალურ ფიზიკურ მდგომარეობაში მყოფი ფეხბურთელი სჭირდება.

...როგორც ვიცი, ანანიძე უკვე 8 წელია, რაც "სპარტაკშია". ახლა ისეთ ასაკშია, როცა ლიდერი უნდა გახდეს. ჯანოს ღმერთისგან ბოძებული ნიჭი აქვს. თუ მწვრთნელისგან ნდობა ექნება და თავადაც კარგ კონდიციას შეინარჩუნებს, დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდება.

...ვფიქრობ, ტრავმა ხელს უშლიდა თავის გამოჩენაში. ჯანო მაღალტექნიკური და ჭკვიანი მოთამაშეა, მაგრამ თავისი ნიჭი რომ გამოავლინოს, საამისოდ კარგ ფორმაში უნდა იყოს. ძალა უნდა ეყოს არა 20-30, არამედ 90 წუთისთვის. ამ ყველაფრის იმედი მაქვს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევში, რომელსაც ავსტრიასთან მატჩით ვიწყებთ. ჩემი ხელმძღვანელობით, ანანიძემ მხოლოდ ყაზახეთთან ითამაშა, მაშინ გასაცნობადაც მცირე დრო მქონდა. ჯანომ 70 წუთზე მეტი გაატარა მინდორზე. მაშინ უჭირდა, რადგან "სპარტაკში" მეტწილად სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მცირე დრო ეძლეოდა სათამაშოდ.

...თუ მწვრთნელი მხოლოდ ფეხბურთელის გაბარიტებს უყურებს, ჯანო უშანსოდაა, ხოლო ჭკვიანი სპეციალისტი - სწორედ ჭკვიანი ფეხბურთელი იყო ალენიჩევი - ყოველთვის გამოუძებნის მას ადგილს. ჯანო მრავალმხრივია. მას შეუძლია 8 ნომერზე თამაში 4-3-3 სქემაში, ასევე საყრდენად, როცა გუნდი დიდი ძალებით იცავს თავს და კიდევ, ფლანგზეც. ჯანოს გარშემო თამაშის აწყობა შესაძლებელია.

..."სპარტაკს" გამორჩეული სტილი აქვს, ტექნიკაზე და პასებზე გათვლილი. სწორედ ის თამაშია, რომელსაც ანანიძე უხდება. პირადად მე მაინცდამაინც არ მომწონს ის მიმართულება, რაც დღეს ფეხბურთშია. შემტევ ფეხბურთს ვამჯობინებ, მაგრამ ამასთან, ჭკვიანური მოქმედებებია საჭირო. მაგალითად, საქართველოს შეეძლო ესპანეთთან თამაშის გახსნა, მაგრამ 1:7 წავაგებდით. სხვაგვარად ვიმოქმედეთ და დავამტკიცეთ, რომ ამხელა გრანდის დამარცხებაც შეგვიძლია. ჯანოს კი სხვადასხვაგვარად შეუძლია თამაში, მათ შორის, 10 ნომრად, მაგრამ ამასთან, არ დაავიწყდება დაცვაში მუშაობა. თუ იგივე განწყობით გააგრძელებს და ჯანმრთელადაც იქნება, შესაძლოა, ამავე სეზონში გახდეს "სპარტაკის" საუკეთესო ფეხბურთელი" - უთხრა ვაისმა "სპორტ-ექსპრესს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117343