ფეხბურთი

11:42 | 2.08.2016 | ნანახია [] - ჯერ

მატჩის წინ, მოდი დინამოზე! - იარაბეკი ზეიმს დაგვპირდა

დღეს, საქართველოს ჩემპიონი “დინამო” თბილისი უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში ზაგრების “დინამოს” უმასპინძლებს. ჩვენი ქვეყნის ჩემპიონის წინაშე ურთულესი ამოცანა დგას – ორბურთიანი ჩამორჩენა აქვს აღმოსაფხვრელი.

როგორც მატჩის წინ იურაი იარაბეკმა განაცხადა, დღეს ქართული ფეხბურთის ზეიმის დღე უნდა გამოდგეს და რომ იტყვიან, მის პირს შაქარი! – სლოვაკი მიიჩნევს, რომ აუცლიელებლია მისმა გუნდმა სწრაფი გოლი გაიტანოს, ამასთან მეტოქეს სივრცეები არ დაუტოვოს და მაქსიმალურად აკონტროლოს ბურთი. რაც შეეხება მის ვიზავის – ზლატკო კრანჩარის განცხადებით, მის გუნდს საჩქარო არაფერი აქვს და შესაბამისად, მეტოქის შეცდომას დაველოდებითო. ეს, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მოედანზე ისე გავალთ თითქოს 0:0 იყოსო.

მოკლედ, ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი წარმატების მოლოდინშია და იმედიანად შეჰყურებენ დღევანდელ მატჩს. სხვა საკითხია, რომლის ამბიცია უფრო რეალურია და რომლის – ნაკლებად.

პირველი თამაში ისე მიდიოდა, სავსებით შესაძლებელი იყო, ახლა განსხვავებულად გვესაუბრა, თუმცა რას ვიზამთ, ჩვენს “დინამოს” მაქსიმირზე” ბედმა ზურგი მთლიანად აქცია და მეტოქეს – პირიქით. იმედია, ხურდას “დინამო არენაზე” დაგვიბრუნებს. სხვათა შორის, “დინამო” თბილისისთვის დღეს საიუბილეო თამაშია – ჩვენი ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ევროასპარეზზე მეასე მატჩს ჩაატარებს და იმედია, იუბილე ისეთი გამოუვა, როგორიც საჭიროა.

რაც შეეხება საკადრო პრობლემებს – ორივე გუნდს აქვს. ჯერ სტუმრებით დავიწყოთ, რომლებიც თბილისს პორტუგალიელი პაულო მაჩადოს გარეშე ეწვივნენ. ლუზიტანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ჯერ კიდევ პირველი მატჩის დასაწყისში მიიღო და მერე თამაში ვეღარ გააგრძელა. ამის ფონზე გაცილებით დიდია “დინამოს” დანაკლისი – მატია შპიჩიჩი თანამემამულეებს ისევ ვერ დაუპირისპირდება, ამასთან სტეფან ველევმა გუშინ გუნდისგან განცალკევებით, ინდივიდუალურად ივარჯიშა. ბულგარელი მონდომებული ჩანდა და აშკარა იყო, რომ თბილისელთა მედიკოსთა შტაბი ყველანაირად სცდილობს მის გამოჯანმრთელებას თამაშამდე... ჰო, კიდევ – “დინამოს” წევრი საერთოდ აღარაა გიორგი ქვილითაია, რომლის ვენის “რაპიდში” გადასვლა გუშინდელ პრესკონფერენციაზე იარაბეკმა თავად დაადასტურა. მისი თქმით, ფეხბურთელს ტრავმა ჰქონდა და დღეს მაინც ვერ ითამაშებდა...

დღევანდელი მატჩი “დინამო არენაზე” 21:00 საათზე დაიწყება. ბილეთების ფასი 5 და 10 ლარია და კარგი იქნება თუ სტადიონზე ბევრი ქომაგი მივა. როგორც იარაბეკმა აღნიშნა, გულშემატკივარს შეუძლია მატჩზე გავლენა მოახდინოს და მე-12 ფეხბურთელის როლი ნამდვილად შეასრულოს.

“დინამო” (თბილისი) – “დინამო” (ზაგრები)

2 აგვისტო, 21:00 საათი

თბილისი, “დინამო არენა”

სავარაუდო შემადგენლობები

“დინამო” (თბილისი): სკრიბე; ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე, ჭელიძე; პარუნაშვილი, კიტეიშვილი; პაპუნაშვილი, ჯიღაური, ჭანტურიშვილი; დვალიშვილი

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

“დინამო” (ზაგრები): ედუარდო; ბენკოვიჩი, შილდენფელდი, პივარიჩი, სიგალი; როგი, ანტოლიჩი, სტოიანოვიჩი, ჩორიჩი; ჰოჯიჩი, ფერნადესი

მწვრთნელი: ზლატკო კრანჩარი

მსაჯი: მიროსლავ ზელინკა (ჩეხეთი)

0.115178