ავტოსპორტი

2:26 | 29.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო: „მაკლარენი“ საუკეთესო გუნდია მათ შორის, სადაც ვყოფილვარ

ფერნანდო ალონსო ამბობს, რომ „მაკლარენი“ ფორმულა 1-ის იმ გუნდებს შორის, რომლის წევრიც თავად ყოფილა, საუკეთესოა. და დარწმუნებულია, რომ თუ „ჰონდა“ კონკურენტუნარიან ძრავს შექმნის, ტიტულისთვის ბრძოლას შეძლებს.

ალონსო „ფერარიდან“ „მაკლარენში“ 2015 წელს გადავიდა, თუმცა მას შემდეგ, 28 რბოლაში მხოლოდ 35 ქულის მოგროვება შეძლო. ამის მიზეზი ისაა, რომ „მაკლარენის“ და „ჰონდას“ ტანდემი ჯერჯერობით ვერ ახერხებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებას.

ესპანელი ამბობს, რომ თუ რეგლამენტი უცვლელი დარჩება, „მაკლარენს“ „მერსედესის“ დაწევა მომავალ სეზონშიც გაუჭირდება. თუმცა სჯერა, რომ აეროდინამიკის ახალი წესები, მის გუნდს შესაძლებლობების უკეთ გამოვლენის საშუალებას მისცემს.

კითხვაზე, თუ „ჰონდას“ ძრავი „მერსედესისას“ გაუტოლდა, შეძლებს თუ არა „მაკლარენი“ სამქიმიანების დაწევას, ალონსო პასუხობს: „ძნელი სათქმელია, რადგან რეგულაციები იცვლება. ვფიქრობ, თუ ამავე რეგულაციებზე დავრჩებით, ალბათ ვერა. სხვა საქმეა, ჩვენ რომ ისეთივე სიმძლავრე გვქონდეს, როგორიც „მერსედესს“ და „ფერარის“ აქვთ. ჩემი აზრით, „მერსედესი“ საუკეთესოა ძრავითაც და აეროდინამიკითაც. ყველაფერში საუკეთესოა. ამიტომ, თუ რეგულაციები შეიცვლება, ეს იმედს მოგვცემს არამარტო ჩვენ, არამედ სხვებსაც, რადგან ბევრი რამ ახალი იქნება. ძრავი თუ კონკურენტუნარიანი გვექნება, მაშინ ჯერი შასიზე იქნება. ამ მხრივ, ახალი წესები მეტ გაქანებას მოგვცემს“.

ის დასძენს, რომ ახალი რეგულაციების გამო, გუნდებს ძირეულად განსხვავებული მანქანების, მათი აეროდინამიკის მომზადება მოუწევთ და ეს მათ თანაბარ პირობებში ჩააყენებს. „ან იქნებ, სულ სხვაგვარადაც მოხდეს და ჩვენ ახალი მანქანა იმაზე უარესი გამოდგეს, ვიდრე ახლაა. ვერავინ იტყვის. მაგრამ ჩვენ ოპტიმისტური განწყობა გვაქვს“, - დასძენს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

თავისი ოპტიმიზმის საფუძვლად კი ალონსო სწორედ იმ გარემოებას ასახელებს, რომ მისი აზრით, „მაკლარენი“ საუკეთესო საჯინიბოა: „გუნდი ძლიერია. ტექნიკური პერსონალი ძალიან შეკრულია, შემადგენლობა დაბალანსებული. ეს ალბათ საუკეთესო გუნდია მათ შორის, სადაც კი ჩემს კარიერაში ვყოფილვარ. ამჯერად კონკურენტუნარიანები არ ვართ იმ პრობლემების გამო, რომლების გადაჭრაც გასული სეზონიდან გვიწევს. პროექტი ამ დონეზე საასპარეზოდ თავიდანვე მზად არ იყო. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მანქანა საიმედოა, სიმძლავრე საკმარისია, მართვადობა, აეროდინამიკის ფილოსოფია დახვეწილი. ბევრი რამ შესაცვლელია და სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს. მაგრამ ჩამოყალიბებული სტრუქტურის, ორგანიზებულობის მხრივ, ეს საუკეთესო გუნდია“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12096