ავტოსპორტი

19:49 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

აღმართზე რბოლა სიღნაღში

კვირას, 31 ივლისს, 12:00 საათზე, კახეთის მზიან და მწვანე მიდამოებს სპორტული ავტომობილების ძრავების ხმაური აავსებს. რუსთავის ავტოდრომის ორგანიზებით, საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით, ქალაქ სიღნაღის მისადგომებთან გაიმართება აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე და კავკასიის თასის გათამაშების მეორე ეტაპები.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის თასის გათამაშების პირველი ეტაპი შედგა სომხეთში, ივლისის დასაწყისში. მეორე ეტაპზე მონაწილეობის მისაღებად, ათამდე სპორტული ავტომობილი სომხეთიდან საქართველოში უკვე ჩამოვიდა. ისინი ეცდებიან გამარჯვების მოპოვებას ათ სხვადასხვა კლასში. ხოლო საქართველოს ჩემპიონატში მონაწილე ავტომობილები ხუთ კლასად არის დაყოფილი.

სიღნაღის ეტაპზე სიახლეა, საავტომობილო სპორტის ფედერაციის ინიციატივით, ამიერიდან, ყველა ტრასაზე დადგინდება ტრასის რეკორდი და გამოვლინდება რეკორდსმენი, რომელიც საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის მიერ აღიარებულ სპეციალურ სერთიფიკატს მიიღებს. სიღნაღის ხუთ კილომეტრიანი ტრასა იქნება პირველი, რომლის რეკორდსმენიც უკვე ამ კვირას გამოვლინდება. რეკორდსმენების გამოვლენა მომავალ შეჯიბრებზე ტრადიციულ სახეს მიიღებს.

გამარჯვებულების დაჯილდოება მოხდება იმავე დღეს, 17:30 საათზე. აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის მესამე ეტაპი ისევ სიღნაღში, ამჯერად წნორი–სიღნაღის რეკონსტრუირებულ მონაკვეთზე, 18 სექტემბერს გაიმართება.

დავით მჭედლიშვილი, საავტომობილო სპორტის ფედერაციის პირველი ვიცე–პრეზიდენტი:

„აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატი სულ უფრო იხვეწება და ახალ სიმაღლეებს იპრყობს. შიდა ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებამ საშუალება მოგვცა, წელს ვყოფილიყავით კავკასიის თასის გათამაშების ინიციატორები, რომელსაც მომავალში რეგიონის სხვა ქვეყნებიც შემოემატებიან. თუ გსურთ კვირა დღე ბუნებაში, პიკნიკზე, სასიამოვნოდ გაატაროთ, აუცილებლად ესტუმრეთ სიღნაღს და ისიამოვნეთ საინტერესო შეჯიბრით.“

0.157289