ჭიდაობა

10:55 | 28.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

რუსი მოჭიდავეები ოფიციალურ ვერდიქტს ელიან

მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების განაცხადში შეყვანილ რუს სპორტსმენებს საბოლოო პასუხს დღეს ეტყვის. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა და ქალთა ნაკრებების თაობაზე, ბოლო სიტყვა სწორედ საერთაშორისო ფედერაციას ეკუთვნის, რომელიც როგორც ყველა სხვა სახეობის ფედერაცია, მითითებებს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსგან იღებს.
ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, რუსები მომავალ ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზირებულ მოჭიდავეთაგან მხოლოდ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მსუბუქწონოსანს - მსოფლიოს ორგზის და ევროპის ჩემპიონ ვიქტორ ლებედევს (57 კგ) მოისაკლისებენ, რომელიც ევროპის და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტია.
ლებედევს 10 წლის წინანდელი დოპინგსკანდალი გაუხსენეს და მიუხედავად იმისა, რომ დისკვალიფიკაცია თავის დროზე მოიხადა, რიო 2016-ის სიიდან მის ამოღებას ალბათ წინ მაინც ვერავინ დაუდგება.
მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანება ოფიციალურ ვერდიქტს სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში გამოაქვეყნებს.

ვასილ მშვილდაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112376