ჭიდაობა

13:03 | 24.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული სტარტი - ოქრო და ბრინჯაოები

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკთა ნაკრების წევრი გიორგი შოთაძე (50 კგ) ევროპის ჩემპიონია. სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპირველობაზე გუშინ ბერძენ-რომაელებმა ათი წონითი კატეგორიიდან ხუთში შეავსეს სამეულები. ქართველებმა კი დღე ოთხი მედლით ჩაამთავრეს. შოთაძის ოქროს გიორგი ჩხიკვაძემ (42 კგ), ლერი აბულაძემ (58 კგ) და გიორგი ქაცანაშვილმა (85 კგ) ბრინჯაოები მიამატეს.

გიორგი შოთაძემ ევროპის ჩემპიონატი უნგრელი რაიმუნდ ფარკასის ძლევით (8:1) გახსნა. ფინალის გზაზე რუსეთის ნაკრების წევრი მუსლიმ ამაევი (8:2), აზერბაიჯანელი ზაურ ნურიევი (6:4) და კიდევ ერთი რუსი რუსლან გაჯიევი (2:1) დაამარცხა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი სომეხ სამველ გრიგორიანს ძალიან ადვილად მოუმთავრა საქმე - წუთსა და 37 წამში 11 უპასუხო ქულა აუღო.

გიორგი ჩხიკვაძემ ოქრო-ვერცხლის შანსი ნახევარფინალში დაკარგა, უკრაინელ ვლადისლავ კუზკოსთან თანაბარ ბრძოლაში წაგებით (1:2). იქამდე სომეხი ჰაიკ ასატრიანი (8:4), ბელარუსი ალექსანდრ ნიაოდა (3:1) და მოლდოველი სერგეი კურდოლო (6:0) ჩამოიშორა. რეპეშაჟის ფინალში კი რუმინელ მანუელ სტოიკას აჯობა (5:3).

ძირითად ბადეში ლერი აბულაძე და გიორგი ქაცანაშვილიც ნახევარფინალამდე მივიდნენ.

აბულაძემ ლატვიელი ჟანს ლიზბოვსკისის (8:0), ბერძენი გეორგიოს ნიკოლოპულოსის (7:0), უკრაინელი მაქსიმ ლიუსა (3:0) და სომეხი ტიგრან მინასიანის (1:1) ძლევის შემდეგ, უკრაინელ დმიტრო მიროშნიკთან წააგო (1:2). "ბრინჯაოს ფინალში” კი შვედი ანტონ შამუელ როსენი დაამარცხა (4:2).

ქაცანაშვილმა ნახევარფინალამდე ბერძენ ილიას პაგკალიდისს (8:0), ბერძენ ნიკოლაუს პაპადოპულოსსა (4:0) და აზერბაიჯანის ნაკრების წევრ ტეჰრან ამინაძეს (6:3) აჯობა. საჩემპიონო გზა ავსტრიელ მარკუს რეგინგერთან მარცხით (0:2) ჩაეკეტა. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კი უნგრელ ბოტონდ კისმონის მოუგო (5:1).

გუშინვე, საქართველოს დროშის ქვეშ ევროკონკურენციაში გიორგი მეფიშვილი (50 კგ), ბექა ბეშიძე (58 კგ), ლევან გოგუა, გიორგი ნოზაძე (ორივე 69 კგ) და რობინზონ ესაძეც (85 კგ) ჩაებნენ, მაგრამ შეჯიბრებას დილის პროგრამაშივე გამოეთიშნენ.

დღეს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში: 46, 54, 63, 76 და 100 კილოგრამებში გამოვლინდებიან. საქართველოს ნაკრების წევრთაგან იჭიდავებენ: დავით ფუტკარაძე, აკაკი ოსიაშვილი (46 კგ), ოთარ აბულაძე, ირაკლი ძიმისტარიშვილი (54 კგ), ქერიმ მაჭავარიანი, ნიკა ყორშია (ორივე 63 კგ), ლუკა ხუციშვილი, გიორგი ცოფურაშვილი (ორივე 76 კგ), ზაზა სილაგაძე და საბა ცეცხლაძე (ორივე 100 კგ).

წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 12 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115848