ავტოსპორტი

2:23 | 22.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ზაუბერი“ შვეიცარიელმა ინვესტორმა შეისყიდა

როგორც ჩანს, ფორმულა 1-ს „ზაუბერის“ დაკარგვის საშიშროება აღარ აქვს - შვეიცარიულმა გუნდმა ახლახანს თავის პერსონალს სახელფასო დავალიანება სრულად დაუფარა, უნგრული ეტაპის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მას შვეიცარიული საინვესტიციო კომპანია „ლონგბოუ ფაინენსი“ ყიდულობს. გარიგების შესაბამისად, პეტერ საუბერი საბოლოოდ დათმობს გუნდის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის როლს. მას „ლონგბოუს“ შეფი პასკალ პიჩი შეცვლის. გუნდის შეფად კი ისევ მონიკა კალტენბორნი რჩება. რაც მთავარია, „ზაუბერს“ სახელი შეუნარჩუნდება.

„ზაუბერის“ არსებობა სათავეს 1970-იანი წლებიდან იღებს, როცა გუნდმა მონაწილეობა დაიწყო აღმართზე რბოლებში. შემდგ კი სპორტულ პროტოტიპებზე გადაერთო. 1989 წელს, „მერსედესთან“ პარტნიორობით, ლე მანის 24-საათიანი რბოლა მოიგო და ამავე კლასში, იმავე და მომდევნო სეზონებში, მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რაც მის ისტორიაში კვლავაც უდიდეს მიღწევად რჩება. სხვათა შორის, მისი პილოტები იყვნენ მიხაელ შუმახერი და ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენი.

„ზაუბერი“ ფორმულა 1-ში 1993 წელს გადავიდა და მას შემდეგ, მისი უცვლელი მონაწილეა. მისი ბილიდებით უასპარეზიათ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ჟან ალეზი, მიკა სალო, კიმი რაიკონენი, ფელიპე მასა, ჟაკ ვილნევი, ნიკ ჰაიდფელდი, რობერტ კუბიცა და სებასტიან ფეტელი (როცა ზაუბერი ბეემვეს საკუთრება იყო).

2005 წელს „ზაუბერი“ „ბეემვემ“ შეისყიდა, თუმცა ძველი სახელი შეუნარჩუნა. 2009 წელს ბავარიულმა კომპანიამ ფ1 დატოვა და „ზაუბერიც“ პატრონს დაუბრუნა. მას შემდეგ, შვეიცარიული გუნდი მუდმივად ფინანსების უკმარისობას განიცდის, თუმცა ამის მიუხედავად, ჰქონდა სეზონები, როცა ეს მის შედეგებზე ნაკლებად აისახებოდა.

0.113377