ბლოგი

16:35 | 17.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჩვენ აღარ გავჩუმდებით!

მინიმუმ არაგულრწფელი და ანგაჟირებულია ის, ვინ იტყვის, რომ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ ეტაპზე სამი ქართული კლუბის ერთად გამოვარდნა დამთხვევის, შემთხვევითობის ბრალია და მას არაინაირი კავშირი არა აქვს იმ პროცესებთან რაც ზოგადად ქართულ ფეხბურთში ბოლო პერიოდში ვითარდება. ასეთ სამარცხვინო გამართლებას მხოლოდ ის ადამიანები მოიფიქრებენ, რომლებიც პირადი დაინტერესების გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები და რომლებსაც დიდი ხანია რეალობის აღქმა აქვთ დაკარგული.

გორის “დილა”, საჩხერის “ჩიხურა” და “სამტრედია” ზუსტად და ნათლად გამოხატავენ იმ მდგომარეობას, რაშიც ჩვენი ფეხბურთია და გახლართული და ფაქტია ისიც, რომ ასეთ სამარცხვინო მდგომარეობამდე ჩვენი საკლუბო ფეხბურთი აქამდე ჯერ არ დაცემულა. რა თქმა უნდა ჩვენი კლუბები ციდან ვარსკვლავებს არასოდეს წყვეტდნენ, მაგრამ სულ პირველი რაუნდიდან ერთბაშად ყველა კლუბის გამოვარდნის შემთხვევა მე პირადად არ მახსენდება და მეეჭვება თქვენც რომ გაიხსენოთ.

რას ნიშნავს ეს? ჩვენ რომ ყველაფრის მკადრებელი პოლიტიკური ფესვდოექსპერტები ვიყოთ და მავანისგან პირად გამორჩენას ველოდოთ, დავიწყებდით ათასგვარ ბოდვას, სხვაზე გადაბრალებას და იმის მტკიცებას, რომ ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის წინა ხელმძღვანელობის ბრალია და საერთოდ ყველაფერიო სხვების ბრალია. მაგრამ, მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ასეთი ადამიანები არა ვართ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ფეხბურთში ოპერაცია “მიდი კობი მიაწექი” კრახით დასრულდა და დროა ჩვენი ფეხბურთის ფედერაციამ და მისმა ხელმძღვანელმა იგრძნონ პირადი პასუხისმგებლობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოთხოვნა და სურვილი შეიძლება საბოლოო ჯამში წყლის ნაყვა იყოს და მეტი არაფერი, სათქმელი მაინც უნდა ვთქვათ და არავის უნდა გავუჩინოთ ილუზია, რომ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები ყველაფერს უდრტვინველად ვიტანთ, ყველა ტყუილი და ყალბი დაპირება დაგვავიწყდა და ჩვენ ის ხალხი ვართ, რომლებსაც სადაც უნდათ იქითკენ გაირეკავენ. არა! ჩვენ არ ვართ ცხვრის ფარა და კარგად ვხედავთ, რომ პროგრესის ნაცვლად სახეზე კიდევ უფრო დიდი ჩავარდნაა. ჩვენ სიმართლის თქმის არ გვეშინია!

კიდევ კრთხელ გავიმეორებ, რომ ვიცით აქამდე რა ხვითოც იყო ჩვენი საკლუბო ფეხბურთი და ჩაფლავებული ქართული კლუბების მრავალწლიანი ევროთასური ისტორიებიც გვახსოვს. მაგრამ ისიც კარგად გვახსოვს, რომ ჯერ კიდევ სულ რამდენიმე წლის წინ, ჩვენი ერთბაშად ორი კლუბი ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გადიოდა და მაშინ იმაზე უფრო ვწუხდით (სამართლიანად) რომ ჩვენი გუნდები რანგით მეორე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპამდე ვერ აღწევდნენ და არა იმაზე, რომ საერთოდ პირველივე რაუნდში უკვლებლივ ყველა გუნდი ასე სამარცხვინოდ ფლავდებოდა.

საქართვეკლო ერთი პატარა და გაჭირვებული ქვეყანაა, სადაც საფეხბურთო ჩემპიონატის დონე ძალიან ჰგავს ზოგადად იმ სიტუაცია, რაშიც მთელი ქვეყანაა ჩავარდნილი, მაგრამ, ჩვენ ამას გარდა გვაქვს თავმოყვარეობა და ღირსების გრძნობა. ეს ის ღირსებაა, რომელსაც ვისაც როგორ უნდა ისე მოიხსენიებს და ატრიალებს. რეალურად კი, ჩვენ ყველა ქომაგი თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობთ და დამიჯერეთ - ეს ასე აღარ გაგრძელდება! ჩვენ აღარ გავჩუმდებით!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114873