ფეხბურთი

23:50 | 5.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

წაგებას მოხერხება ხომ უნდოდა?!

საჩხერის "ჩიხურამ" ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად 1:0 მოიგო, საპასუხოშიც, ზესტაფონში ორჯერ იგებდა, მაგრამ მაინც წააგო და გავარდა. ეს ის შემთხვევაა, როცა გავარდნა უფრო ძნელი იყო, ვიდრე გასვლა, მაგრამ კარგი საზაფხულო საჩუქარი უძღვნეს საჩხერელებმა "ზიმბრუს".
მეტოქე რომ ძლიერი ყოფილიყო, კიდევ გასაგები იქნებოდა, მაგრამ კიშინიოვშიც და ზესტაფონშიც "ზიმბრუს" არაფრით გავუკვირვებივართ. კიშინიოვში იმდენად სუსტად იყვნენ, სან მარინოს ან ანდორის გუნდი გეგონებოდა.
მერამდენედ ემართებათ ასეთი ამბავი ქართულ კლუბებს? წარსულს აღარ ჩავუკირკიტდებით და დღეს რაც გამოჩნდა, "ჩიხურამ" მეორე ტაიმი მოშვებულმა, აბსოლუტურად ხალისწართმეულმა ითამაშა. ასე უყურადღებოდ და ულაზათოდ პროფესიონალი ფეხბურთელები არ უნდა ირჯებოდნენ, ეს ევროპის ლიგის მატჩია და არა - ეზოში ბურთაობა. თუმცა ეზოშიც კი საჭიროა შემართება და ყურადღებით თამაში.
აქამდე, "ჩიხურა" ერთ-ერთი იშვიათი ქართული კლუბი იყო, რომელსაც ევროთასებზე არასოდეს შევურცხვენილვართ. მართალია, ბევრჯერაც არ უთამაშიათ, მაგრამ რაც ითამაშეს... 2013 და მითუმეტეს, 2014 წელსაც ნორრმალურად გამოვიდნენ ევროთასებზე.
...ზესტაფონის "დავით აბაშიძის" სტადიონზე მატჩი უამინდობის გამო ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. სტადიონის თანამშრომლებმა სამუშაო გასწიეს, რათა მატჩი ჩატარებულიყო, წვიმა კი არა და არ ჩერდებოდა.
თავიდან ყველაფერი საჩხერელთა სასარგებლოდ მიმდინარეობდა, მინდორზე საუკეთესო იყო საბა ლობჟანიძე და საგოლე შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა: ოღონდ, ლობჟანიძეს არ გაუტანია, გიორგი ივანიშვილმა გახსნა ანგარიში. ივანიშვილიც კარგი იყო პირველ ნახევარში.
კიდევ იყო გასატანი, თუმცა გიორგი კორიფაძემ ვერ იმარჯვა, ხოლო ტაიმის დამატებულ წუთებზე მოლდოველთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა ემერსონმა გაათანაბრა. სწორედ ემერსონს ეწერა მატჩის გმირობა, მეორე ტაიმის კომპენსირებულ დროშიც მან შეაგდო და მეორე ეტაპზე გაიყვანა "ზიმბრუ".
მოკლედ, 1:1 დასრულდა პირველი ტაიმი, შესვენების სემდეგ კი ლევან კაკუბავამ დააწინაურა თავისიანები: საჯარიმო დაინიშნა, მაღალ ბურთზე გამოსვლისას მოლდოველთა მეკარე შეცდა და კაკუბავამ ვარდნაში დარტყმით შეაგდო. სულ ექვსიოდე წუთიც და ამჯერად "ჩიხურას" კარში გავიდა ბურთი - ისევ უყურადღებობა, არაფრისგან გაშვებული ბურთი.
2:2 და წინ კიდევ ნახევარი საათი იყო. ამ დროის განმავლობაში "ჩიხურას" სამი-ოთხი კონტრშეტევა გამოუვიდა, შეცვლაზე შესული ირაკლი ლექვთაძე აქტიურობდა, მაგრამ ბოლოს ხეირიანად ვერცერთხელ ვერ დაარტყა: სუსტად ურტყამდა, აი, მეკარეს რომ ავარჯიშებენ, ისე.
"ზიმბრუ" კი ბოლო 10-15 წუთში გააქტიურდა, ან რა ჰქონდათ დასაკარგი. ერთხელ გადავრჩით, როცა ფორტესმა ვერ იმარჯვა არეულობაში, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე მარცხნიდან განავითარეს შეტევა, ემერსონს მიუვიდა ბურთი, ვერ დაარტყა და ლიმას გაუკეთა პასი, რომლის დარტყმულსაც გადაეფარნენ, მაგრამ ბურთი ისევ ემერსონს მიუვიდა და მანაც ოსტატურად შეასრულა. იქვე იყვნენ "ჩიხურას" ბოსნიელი მეკარე დინო ჰამზიჩი და მცველებიც, თუმცა ვერაფერი გააწყვეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123685