ბლოგი

11:39 | 4.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ისრაელის ფენომენი და სასწაულებრიობა

საოცარი და დიდებული სახელმწიფოა ისრაელი. ესაა ქვეყანა გამოცანა, რადგან, ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან (გასული საუკუნის 50-იანი წლები) დღემდე, ამ ქვეყანას იმდენი მტრის მოგერიება და ისეთ მუდმივ ომში ცხოვრება უწევს, აბა როგორ არ გაოცდები, როდესაც დაინახავ, რომ განვითარების კუთხით ისრაელი მაინც ერთ-ერთი მოწინავეა და ამ ხალხს წამითაც კი არ შეუჩერებია პროგრესი.

ყველაფერთან ერთად, გასაოცარია ისრაელის სახელმწიფოს დამოკიდებულება სპორტსმენებისა და ზოგადად სპორტის მიმართ. ისრაელში ჯარისკაცების შემდეგ, სპორტსმენები ყველაზე საპატიო და პატივსაცემ ადამიანებად ითვლებიან და მათ იმხელა ანაზღაურებას უხდიან, ჩვენთან სპორტის ბევრ სახეობას უბრალოდ არც კი დაესიზმრება.

მიუხედავად ისრაელის მრავალ ქალაქში ტერორისტების მუდმივი თავდასხმებისა და მუდმივ მოლოდინის რეჟიმში ყოფნისა, რომ ყოველ წამს შეიძლება რაღაც უბედურება მოხდეს – ისრაელში პრაქტიკულად არც ერთი სპორტის სახეობა არ წყვეტს როგორც შიდა ჩემპიონატის რეგულარულად ჩატარებას, ასევე, საერთაშორისო სპორტული შეხვედრების ორგანიზებას.

ალბათ ყველას გახსოვთ ამ რამდენიმე წლის წინ იერუსალიმში დაგეგმილი საფეხბურთო მატჩის წინ, რომელიც უეფას ეგიდით უნდა გამართულიყო, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და ამ დროს აბა ვის ეცალა ფეხბურთისათვის? მაგრამ ასე არ ფიქრობდა ისრაელის მთავრობა, რომელთათვისაც ტერორისტული აქტების მიუხედავად, ჩვეული ცხოვრების გაგრძელება პრინციპის საქმეა. სასწრაფოდ გამოყვეს თვითმფრინავი, ორივე გუნდი სხვა, შედარებით დაცულ და უსაფრთხო ქალაქში გადააფრინეს და 2 საათის დაგვიანებით მატჩი მაინც ჩატარდა.

იყო დრო, როდესაც ებრაელ სპორტსმენებს არაერთგან უწევდათ საზიზღარი ანტისემიტიზმის გამოვლენების ცქერა და ატანა. მსგავსი გამოხდომები სამწუხაროდ დღესაც - 21-ე საუკუნეშიც ხდება, თუმცა გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან ფაშისტური რეჟიმის აყვავების დროს, ანტისემტიზმმა ყოვლად საძაგელი და სამარცხვინო სახე მიიღო.

ებრაელ სპორტსმენებს სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებზე ხშირად შეურაცხყოფდნენ ფაშისტური სულისკვეთების ადამიანები და ასეთი დამოკიდებულება შუაგულ ევროპაში ლამის ჩვეულებრივ ამბად იქცა. გერმანიაში გამართულ 1938 წლის ზაფხულის ოლიმპიადის დროს კი საერთოდ ყოველგვარი მორალური ბარიერი გადაილახა და ჰიტლერმა ყველა სახელმწიფოს ოფიციალურად მოსთხოვა მათ ოლიმპიურ დელეგაციებში ებრაელები არ შეეყვანათ. ზოგმა დაიყარა თავზე “ნაცარი:” და აასრულა ფაშისტების ეს მანიაკალური ახირება. ზოგმა კი (მაგალითად აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა) სპეციალურად ჰიტლერის ჯიბრზე გააგზავნეს ბერლინში ებრაული ფესვების მქონე ათლეტები და ამ ადამიანებმა დიდი მორალური და ფსიქოლოგიური წნეხის მიუხედავად, მაინც ღირსეულად და სპორტული პრინციპების დაცვით იასპარეს.

ახლა, გაგანია ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც უკვე ვნახეთ არაერთი დებიუტანტი გუნდი, რომლებმაც პირველად იგემეს დიდი სპორტული ღონისძიების გემო. აქვე ისმება კითხვები, თუ ვინ შეიძლება იყოს მომავალში ახალი დებიუტანტის რანგში და ცხადია ჩვენი დიდი ოცნებაა, რომ ეს საქართველო იყოს. მაგრამ, არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ისრაელი და ისრაელის ნაკრები. დაიმახსოვრეთ – ისრაელი აუცილებლად გავა დიდ ჩემპიონატზე!

0.112102