ძიუდო

19:43 | 3.07.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკებმა ევროპას ფინეთიდან გადმოხედეს

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართული ევროპირველობა დღეს, გუნდური ჩემპიონატით დასრულდა და მინდია ბოდაველისა და ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა გუნდმა ყველას დაუმტკიცა, რომ ქართული ძიუდო რეალურად იმაზე მაღლა დგას, ვიდრე გუშინწინ და გუშინ, ინდივიდუალურ პირველობაზე გამოჩნდა.

ვაჟთა გუნდურ შეჯიბრებაში 17 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. პირველ ნომრად განთესილ საქართველოს მერვედფინალში მეტოქედ აზერბაიჯანი ერგო, რომელმაც იქამდე ავსტრიას მოუგო 4:1. ქართველმა ჭაბუკებმა მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს – ხუთივე წონით კატეგორიაში (60, 66, 73, 81 და +81 კილოგრამი) აჯობეს. ასევე 5:0-ით სძლიეს თურქეთის ნაკრებსაც და ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც რუმინეთს დაუპირისპირდნენ და ფინალის საგზური შედარებით მოკრძალებული ანგარიშით – 4:1-ით მოიპოვეს.

ბადის მეორე მხარეს ყველაზე უკეთ უნგრელებმა იჭიდავეს – ფინალის გზაზე გერმანია, რუსეთი და ესტონეთი ჩამოიშორეს.

ევროპის ჩემპიონატის გადამწყვეტ შეხვედრამდე რეპეშაჟის ფინალები გაიმართა და პოდიუმის მესამე საფეხურზე ასვლა საფრანგეთმა და რუსეთმა გაინაღდა. ფრანგებმა ესტონელებს აჯობეს 5:0, ხოლო რუსებმა – რუმინელებს 4:1.

ქართულ-უნგრული ფინალი ლაშა ბექაურისა (60 კგ) და ბენც პონგრაცის დაჭიდებით გაიხსნა. ბექაური თავიდან იუკოთი ჩამორჩა, მაგრამ მეორე წუთზე მეტოქის წამოწყებული გდება თავისი იპონით დაასრულა.

ალეკო მამიაშვილმა (66 კგ) შანდორ ოკსაი წუთსა და 17 წამში დასცა ბეჭებზე და საერთო ანგარიშიც გაზარდა – 2:0. ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) კი ბენედეკ ტოტი სამ წუთში შებოჭა, რითაც საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონის ტიტული ნაადრევად გაუნაღდა.

ბოლო ორი წონითი კატეგორიის შეხვედრები საერთო შედეგში აღარაფერს ცვლიდა, მაგრამ სოსო ებილაშვილს (81 კგ და გელა ზაალიშვილს (+81 კგ) მოტივაცია მაინც არ დაუკარგავთ და თავიანთი წილი ქულებიც აიღეს. ებილაშვილმა როლანდ გოზს ვაზარით მოუგო. ზაალიშვილმა კი რიჩარდ შიპოჩი 27 წამში, ხელის მტკივნეული ილეთით დაამარცხა და საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები 5:0-ით გაჩემპიონდა.

ვაჟების დარად, დღეს ევროპის გუნდური ჩემპიონ-პრიზიორები გოგონებმაც გამოავლინეს. 14 ქვეყნის ნაკრებს შორის, კონკურენციაში საქართველოს გოგონათა ნაკრებიც ჩაერთო, მაგრამ პირველ წრეში იტალიასთან თანაბარ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა და შეჯიბრებას გამოეთიშა.

გოგონებში ევროპის ჩემპიონი საფრანგეთი გახდა, რომელმაც ფინალში სერბეთი გადამწყვეტ, მეხუთე შეხვედრაში გატეხა – 3:2. მესამე საპრიზო ადგილები კი ხორვატიამ და ჰოლანდიამ დაიკავეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118935