ფეხბურთი

21:20 | 30.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” უპირატესობა ერთ გოლში გარდასახა (+VIDEO)

გორის “დილა” საკადრო პრობლემებით შეეგება ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს და ბევრი შიშობდა, რომ გიუმრის “შირაქთანაც” ძალიან გაუჭირდებოდა. საბედნიეროდ, უჩა სოსიაშვილის გუნდმა აშკარად აჯობა მეტოქეს და 1:0 მოუგო. უფრო სოლიდური ანგარიშითაც შეეძლოთ გამარჯვება, თუმცა ვერ მოახერხეს.

პირველი რეალური მომენტი გორელებმა შექმნეს, როცა თემურ ღონღაძის კარგი პასის შემდეგ, ირაკლი მოდებაძეს შეეძლო გატანა. “დილას” ფორვარდმა თითქოს ყველაფერი სწორად შეასრულა, კარშიც დაარტყა, მაგრამ მეკარემ მოიგერია ბურთი. გოლი კი 36-ე წუთზე გავიდა და “ძველმა გვარდიამ” შეასრულა: კარგი შეტევა იყო, გივი ქარქუზაშვილმა მარჯვნივ გრიგოლ დოლიძეს გაუკეთა პასი, მანაც საჯარიმოში შეაცურა და მოდებაძემ დასწრებაზე ზუსტად დაარტყა (VIDEO).

“შირაქის” ფეხბურთელებიდან რომელიმე გამოირჩეოდაო, ვერ ვიტყვით. შედარებით სახიფათო იყო ნემანია სტოშკოვიჩი, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან ცდილობდა გამწვავებას.

მეორე ნახევარი “დილამ” უკეთ დაიწყო და უპირატესობა არც გაუშვია ხელიდან. მართალია, ასპროცენტიან შანსებს ვერ ქმნიდნენ, მაგრამ მასპინძლები თამაშს აკონტროლებდნენ და სტუმრებს ცენტრს აქეთ გასაქანს არ აძლევდნენ. კარგი მატჩი ჩაატარეს მარჯვენაფლანგელებმა, ღონღაძემ და დოლიძემ. შუაში ლუკა რაზმაძე და ლევან ნონიკაშვილიც სჯობდნენ სტუმართა ნახევარმცველებს.

მსაჯზეც ვთქვათ, რომ ზოგჯერ აჭარბებდა და ზედმეტად ტვირთავდა ფეხბურთელებს გაფრთხილებებით. განსაკუთრებით “დილას” მოთამაშებს ერჩოდა.

სახიფათო ანგარიშია, თუმცა იმედი ვიქონიოთ, რომ “დილა” სტუმრად მინიმუმ ერთ გოლს მაინც გაიტანს. ამ შემთხვევაში კი, არა გვგონია, “შირაქი” სამის გამტანი იყოს.

კიდევ ის ვთქვათ, რომ “დილა” მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი ტექთურმანიძეს გადაურიცხავს. თექთურმანიძე სამიოდე კვირის წინ ავტოავარიაში მოჰყვა და მართალია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ ისევ თბილისის ღუდუშაურის კლინიკაში გადის რეაბილიტაციას.

“დილა” (გორი) – “შირაქი” (გიუმრი) 1:0 (1:0)

დილა: მუჯრიშვილი, ღონღაძე, სამხარაძე, ქარქუზაშვილი, კვირკველია, ნონიკაშვილი (ქათამაძე 89), რაზმაძე, დოლიძე, წიქარიძე (კიკაბიძე 68), ერისთავი (საბაძე 79), მოდებაძე

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

შირაქი: აივაზოვი, დარბინიანი, მიქაელიანი, ა.ოვანესიანი, რ.ოვანესიანი (დიარასუბა 58), უდო, კაბა, ოვსეპიანი, აკობიანი (ბრუ 78), სტოშკოვიჩი, კვაკუ (მურადიანი 87)

მწვრთნელი: ვარდან ბიხანჩიანი

გოლები: 1:0 მოდებაძე (36)

გაფრთხილება: კაბა (12), ღონღაძე (23), წიქარიძე (38), სამხარაძე (40), აკობიანი (44), კვაკუ (80), რაზმაძე (88), რ.ოვანესიანი (90+6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121727