ისტორია

10:01 | 28.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

28 ივნისი მსოფლიოს სპორტის ისტორიაში

1971. დაიბადა ფაბიენ ბარტეზი. საფრანგეთის ნაკრების, “ტულუზას”, “მარსელის”, “მონაკოს”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ნანტის” გოლკიპერი. 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი. 2003 წლის კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. მსოფლიოს 2006 წლის მუნდიალის ფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 87 მატჩი. “მარსელის” შემადგენლობაში 1993 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა. “მარსელის” შემადგენლობაში იასპარეზა UEFA-ს თასის გათამაშების ფინალში (2004). იმ მატჩში ბარტეზი მოედნიდან გააძევეს, თასი კი, “ვალენსიამ” მოიპოვა. “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად მოგებული აქვს ინგლისის პრემიერლიგა და საფეხბურთო ასოციაციის თასი. 1999 და 2000 წლებში დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1939. ჯო ლუისმა სუპერმძიმე წონითი კატეგორიის პროფესიონალ მოკრივეთა შორის ტონი გალენტი მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.

1950. მეოთხე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში (ბრაზილია). ჯგუფური ეტაპი: ბრაზილია-შვეიცარია 2:2; იუგოსლავია-მექსიკა 4:1.

1958. შვეციის მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. მატჩი მესამე ადგილისთვის. საფრანგეთი-გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა 6:3. ფრანგთა ფორვარდმა ჟუსტ ფონტენმა ოთხი გოლი გაიტანა და ტურნირზე გატანილ გოლთა რაოდენობა 13-მდე გაზარდა. ეს მაჩვენებელი დღემდე სარეკორდოა.

1976. რუსი მძლეოსანი ტატიანა კაზანკინა გახდა სპორტის ამ სახეობაში პირველი ქალი, რომელმაც 1500 მ ოთხ წუთზე ნაკლებ დროში გაირბინა.

1982. ესპანეთის მსოფლიოს მეთორმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში. ჯგუფური ეტაპი: პოლონეთი-ბელგია 3:0; საფრანგეთი-ავსტრია 1:0.

1986. მსოფლიოს მეცამეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (მექსიკა). მატჩი მესამე ადგილისათვის. საფრანგეთი-ბელგია 4:2 (დამატებითი დრო). გოლები ფერერიმ, პაპენმა, ჟენგინიმ, ამორომ (საფრანგეთი) და კულემანსმა, კლასენმა (ბელგია) გაიტანეს. მექსიკის ქალაქ პუებლას “კუატემოკის” სტადიონზე თამაშს 21 ათასი მაყურებელი დაესწრო.

1989. კიევის რესპუბლიკურ სტადიონზე ოლეგ ბლოხინის ფეხბურთიდან საზეიმო გაცილების ცერემონია მოეწყო. სპეციალურად ამ დღისთვის “მსოფლიოს ვარსკვლავთა” გუნდი საბჭოთა კავშირის ნაკრებს შეხვდა. მატჩი ფრედ 3:3 დასრულდა. ოდნავ მოგვიანებით ბლოხინი აქტიურ ფეხბურთს მაინც დაუბრუნდა და ერთი სეზონის განმავლობაში კვიპროსის ლიმასოლის “არისის” შემადგენლობაში თამაშობდა.

1992. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბებში მოთამაშე ამერიკელი ვარსკვლავებით დაკომპლექტებულმა “ოცნების გუნდმა” პირველი მატჩი ჩაატარა და კუბის ეროვნული ნაკრები 133:57 დაამარცხა.

1994. მსოფლიოს მეთხუთმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (აშშ). ჯგუფური ეტაპი: რუსეთი-კამერუნი 6:1, ამ მატჩში ხუთი გოლი რუსმა სალენკომ გაიტანა, ხოლო ერთი რადჩენკომ, კამერუნელთაგან კი, ვეტერანმა როჟე მილამ გამოიჩინა თავი. მაშინ იგი 42 წლის და 39 დღისა იყო. არც მანამდე და არც მას შემდეგ, მილაზე ხანდაზმულ ფეხბურთელს მუნდიალზე არასოდეს უასპარეზია. შვედეთი-ბრაზილია 1:1; ირლანდია-ნორვეგია 0:0.

1998. მსოფლიოს მეთექვსმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (საფრანგეთი). მერვედფინალი: საფრანგეთი-პარაგვაი 1:0 (დამატებითი დრო); ნიგერია-დანია 1:4.

2000. ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში (ბელგია-ჰოლანდია). ნახევარფინალი: პორტუგალია-საფრანგეთი 1:2 (დამატებითი დრო). გოლები ნუნუ გომეშმა (პორტუგალია), ტიერი ანრიმ და ზინედინ ზიდანმა (“ოქროს გოლი”) გაიტანეს.

2006. ავსტრიაში შეკრებაზე მყოფი თბილისის “დინამო”, ამხანაგურ მატჩში, ადგილობრივ “ლეობენთან” 3:4 დამარცხდა.

2007. ფაბიო კაპელო მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადააყენეს.

2009. მადრიდის “რეალმა” 94.6 მილიონ ევროდ “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ იყიდა.

2010. სამხრეთ აფრიკის მუნდიალის მერვედფინალში, დურბანში ჰოლანდიამ სლოვაკეთს 2:1 მოუგო, იოჰანესბურგში ბრაზილიამ ჩილეს 3:0 სძლია. ბრაზილია ზედიზედ მეხუთედ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში.

2012. უკრაინა-პოლონეთის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში. იტალიამ გერმანიას 2:1 მოუგო. გოლები მარიო ბალოტელიმ (2) და მესუთ იოზილმა გაიტანეს.

2013. განხორციელებული თრეიდის შედეგად თორნიკე შენგელია “ბოსტონ სელტიკსში” გადავიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1876. რობერ გერენი. ფრანგი საფეხბურთო ფუნქციონერი, იურისტი, ჟურნალისტი, ინჟინერ-მექანიკოსი. გერენი ფიფას ერთ-ერთი დამფუძნებელი და მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პირველი პრეზიდენტია. რობერ გერენი საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის დამაარსებელია.

1902. პიერ ბრუნე. ფრანგი ციგურებით ფიგურული მოსრიალე. წყვილთა თანრიგში 1928 და 1932 წლების ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1917. ალბერტ დე კლეინი. 1930-50-იან წლებში ბელგიის ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო თავდამსხმელი. ბელგიის სამგზის ჩემპიონი. სამჯერ გახდა ბელგიის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი.

1927. ბორის შილკოვი. რუსი მოციგურავე. 1956 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი 5000 მეტრზე სირბილში. 1954 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მრავალჭიდში. 1955 წელს 5000 მეტრზე გარბენში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, რომელიც რვა წლის განმავლობაში ვერავინ გააუმჯობესა.

1942. სიოკე დიქსტრა. ციგურებით ფიგურულ სრიალში 1964 წლის ზამთრის ოლიმპიური ჩემპიონი.

1951. დანი (დანიელ რუის-ბასან ჰუსტა). ბილბაოს “ატლეტიკის” ფორვარდი. 1983 და 1984 წლებში გახდა ესპანეთის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს ესპანეთის “სამეფო თასი”. გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა 302 მატჩი, გაიტანა 147 გოლი. ეს შედეგი ბასკური კლუბის ისტორიაში მეორეა. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 25 მატჩი, გაიტანა 10 გოლი. მონაწილეობდა ევროპის 1980 წლის ჩემპიონატზე.

1952. პიეტრო მენეა. იტალიელი სპრინტერი. 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. 1979 წელს, 200 მეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (19,72), რომელიც მაიკლ ჯონსონმა მხოლოდ 1996 წელს გააუმჯობესა.

1953. გერნორ რორი. მიუნხენის “ბაიერნისა” და “ბორდოს” მცველი. კარიერის უმეტესი ნაწილი “ბორდოში” გაატარა. ამ კლუბში იგი 1978-89 წლებში გამოდიოდა. საფრანგეთის სამგზის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. გერმანიის ჩემპიონი. წვრთნიდა “ბორდოსა” და “ნიცას”.

1955. ხარიბერტ ვებერი. 1976-89 წლებში ავსტრიის ნაკრების შემტევი ტიპის მცველი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. ავსტრიის ნაკრებში ჩაატარა 68 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. 1987 წელს დაასახელეს ავსტრიის საუკეთესო ფეხბურთელად. ავსტრიის ხუთგზის ჩემპიონი და თასის ოთხგზის მფლობელი.

1962. ანიშოარა სტანკუ-კუშმირი. რუმინელი მძლეოსანი. სიგრძეზე ხტომაში ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1969. ფაბრიციო მორი. იტალიელი მძლეოსანი. 400 მეტრზე თარჯრბენით სირბილში მსოფლიოს ჩემპიონი.

1969. სტეფან შაპუიზა. შვეიცარიის ნაკრების, “ლოზანას”, დორტმუნდის “ბორუსიას”, ციურიხის “გრასჰოპერსის”, “იანგ ბოიზის” ფორვარდი. დორტმუნდელთა რიგებში გამოსვლისას 1997 წელს მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის და საკონტინენტთაშორისო თასები. გერმანიის ორგზის ჩემპიონი (1995, 1996). შვეიცარიის ჩემპიონი (2001). მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე. შვეიცარიის ნაკრებში ჩაატარა 103 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. შვეიცარიისა და გერმანიის ჩემპიონატებში ჩაატარა 504 მატჩი, გაიტანა 234 გოლი. 1992, 1993, 1994, 2001 წლებში დაასახელეს შვეიცარიის საუკეთესო ფეხბურთელად. 2001 და 2004 წლებში გახდა შვეიცარიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი.

1971. ფაბიენ ბარტეზი. საფრანგეთის ნაკრების, “ტულუზას”, “მარსელის”, “მონაკოს”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ნანტის” გოლკიპერი. 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონი. 2003 წლის კონფედერაციათა თასის გამარჯვებული. მსოფლიოს 2006 წლის მუნდიალის ფინალისტი. საფრანგეთის ნაკრებში ჩაატარა 87 მატჩი. “მარსელის” შემადგენლობაში 1993 წელს მოიგო ჩემპიონთა ლიგა. “მარსელის” შემადგენლობაში იასპარეზა UEFA-ს თასის გათამაშების ფინალში (2004). იმ მატჩში ბარტეზი მოედნიდან გააძევეს, თასი კი, “ვალენსიამ” მოიპოვა. “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად მოგებული აქვს ინგლისის პრემიერლიგა და საფეხბურთო ასოციაციის თასი. 1999 და 2000 წლებში დაასახელეს მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ.

1971. ლორენცო ამორუზო. “ბარის”, “ფიორენტინას”, გლაზგოს “რეინჯერსის”, “ბლექბერნის” მცველი. ფლორენციელებთან ერთად 1996 წელს მოიგო იტალიის თასი. შოტლანდიის სამგზის ჩემპიონი (1999, 2000, 2003). 1999, 2002 და 2003 ფლობდა შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასებს.

1980. როდნი უაიტი. “დენვერ ნაგითსის” ფორვარდი (201 სმ).

1986. გიორგი ნავალოვსკი. თბილისის “დინამოს”, რუსთავის “ოლიმპის”, მახაჭყალის “ანჟის”, ბაქოს “ინტერის”, გორის "დილას", "სკა ენერგიას" მცველი. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 9 მატჩი.

0.119004