ჭიდაობა

22:21 | 26.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტაბილურობა ოქროს გარეშე

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდული ნაკრების რვა წევრიდან შვიდმა, ბუქარესტში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა. ერთს კი საპრიზო სამეულამდე ერთადერთი გამარჯვება დააკლდა. სტაბილური შედეგიანობის მიუხედავად, რუმინულმა ევროპირველობამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც დატოვა, რადგან თავისუფალთა შეჯიბრება ისე დასრულდა, დარბაზში საქართველოს ჰიმნი ერთხელაც არ აჟღერებულა. 2 ვერცხლი და 5 ბრინჯაო – ასეთია ქართული გუნდის ევრომონაგარი.

გივი მაჭარაშვილის (96 კგ) ვერცხლსა და შმაგი თოდუასა (60 კგ) და ტარიელ გაფრინდაშვილის (74 კგ) ბრინჯაოებს დღეს თავიანთი წილი მედლები რობერტ დინგაშვილმა (55 კგ), გიორგი სულავამ (66 კგ), მექი სიმონიამ (84 კგ) და ზურიკო ურთაშვილმა (120 კგ) მიამატეს.

დინგაშვილს პოდიუმის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა – საჩემპიონო ბრძოლაში რუსეთის ნაკრების წევრ აბასგაჯი მაგომედოვთან დამარცხდა (2:12) და ვერცხლს დასჯერდა. სულავამ, სიმონიამ და ურთაშვილმა კი მესამე ადგილები დაიკავეს.

რობერტ დინგაშვილმა ფინალის გზაზე ოთხი მეტოქე ჩამოიშორა: უნგრელი ტომას რომანი (10:5), ბელარუსი დიმიტრი ჰერასიმენკა (11:0), სომეხი მხითარ გრიგორიანი (9:2) და ბულგარელი მიხაი სალიმ ნაიმი (5:5).

გიორგი სულავამ ძირითად ბადეში სამი შეხვედრა ჩაატარა – სლოვაკი იაკუბ სიკორასა (11:0) და ბულგარეთის ნაკრების წევრ ჯემალ რუშენ ალის (11:7) ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში რუსეთის ნაკრების წევრ დავიდ ბაევთან დამარცხდა (2:13). რეპეშაჟის ფინალში კი შვეიცარიელ მარკ დიტშეს ადვილად აჯობა (17:4).

ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი სულავას მსგავსად, მექი სიმონიამაც ნახევარფინალში დაკარგა, რუსეთის ნაკრების წევრ ბატირბეკ ცაკულოვთან წაგებით (0:11). იქამდე მან გერმანელი დიმიტრი ბლეივასი (9:3), შვეიცარიელი სამუელ შერერი (9:1) დაამარცხა. ბრინჯაოს მედალს კი უნგრელი ბენდეგუზ ტოტის ძლევით (14:4) დაეუფლა.

ზურაბ ურთაშვილმა ევროპირველობა უნგრელ მიხალი ნაგისთან დაჭიდებით გახსნა და 5:3 მოიგო. მეოთხედფინალში კი თურქ ჰუსეინ მეჰმეთ ჩიველეკთან დამარცხდა (1:4) და ბრინჯაოს გზაზე გადაერთო და პოდიუმზე ასვლა პოლონელი ტომას კოსიოლეკის ძლევით (11:5) გაინაღდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110757