ფეხბურთი

22:16 | 24.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთს სტადიონი შეემატა, ხომ არ გამოაკლდა?!

კარგა ხნის წინ დაიწყო ტენდენცია, რომ თბილისში საფეხბურთო მოედნების რიცხვი არათუ მატულობდა, არამედ მცირდებოდა და თანაც, სწრაფი ტემპით. ამ მხრივ ძალიან კარგი ამბავი მოხდა, რომ ფეხბურთს გადაეცა ახალი სტადიონი: აშშ-ის საელჩოსთან მდებარეობს.

ფეხბურთი მთელ მსოფლიოში ზეიმია, ვითარდება თვით ნაკლებად საფეხბურთო ქვეყნებშიც კი. ჩვენთანაც, აბა, როგორ გვინდა განვითარება, თუ სტადიონები არ შეგვემატება? ბევრი აქვს ფეხბურთს და აღარ სჭირდება?

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეს სტადიონი დაათვალიერეს. ახალი სტადიონი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შუამდგომლობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის დადგენილების საფუძველზე, ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა.

ახლა ფეხბურთის ფედერაცია იღებს ვალდებულებას, რომ უეფას მეორე კატეგორიის სარბიელად გადააქციოს, რის შემდეგაც აღნიშნულ იქ ჩატარდება საქართველოს ჩემპიონატის თამაშები და საერთაშორისო მატჩებიც. სტადიონს გამოიყენებენ 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისათვის, რომელსაც გაისად ზაფხულს საქართველო უმასპინძლებს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდება: ბალახის საფარის დაგება და განათების დამონტაჟება. ეს იმიტომ, რომ ახლა სტადიონი არ არის მზად არცერთი შეჯიბრისთვის. ეს ამ ეტაპზე...

შესაბამისად, ახალი და უეფას სტანდარტების შესაბამისი სტადიონი გვექნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ სტადიონის განახლების შემდეგ იქ მძლეოსნებიც გამოვლენ.

დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესვეურები შეხვდნენ ჟურნალისტებს და ლევან კობიაშვილმა განმარტა, რომ სფფ-ს არანაირი დაპირისპირება არ აქვს მძლეოსნობის ფედერაციასთან, პირიქით, მეგობრობს მათთან და ურთიერთდახმარება იქნება.

“როგორც რაგბისა და ფეხბურთის ფედერაცია ვეხმარებით ერთმანეთს, ისე იქნება ამ შემთხვევაშიც”.

კობიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული სტადიონი “საბურთალოს” არ გადაეცემა. სფფ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ინფორმაცია არასწორად გაჟღერდა ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ:

“ფედერაცია ერთადერთია, რომელმაც აიღო პასუხისმგებლობა აშშ-ის საელჩოსთან მდებარე სტადიონზე ინვესტიციის ჩადებაზე და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ასე კონკრეტულად არცერთ კლუბს არ გადაეცემა. სტადიონი გამოიყენება 19-წლამდელთა ევროოპის ჩემპიონატისთვის, ასაკობრივი ნაკრებებისთვის და ეროვნული ჩემპიონატისთვისაც, მაგრამ არცერთი კლუბის საკუთრება არ იქნება”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118398