სხვა

19:06 | 23.06.2016 | ნანახია [] - ჯერ

მე-5 ლიცენზიის საკითხი თბილისში გადაწყდება  

რიო დე ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 43 დღით ადრე, საქართველოს ანგარიშზე 38 ლიცენზიაა. ამხელა სპორტული დელეგაციით ქართველები არც ერთ ოლიმპიადაზე არ გამოსულან. განაცხადს საბოლოო სახე ჯერ არ მიუღია და შესაძლოა ისედაც სარეკორდო მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

ხვალ თბილისი მსოფლიოს ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლებს და სწორედ მასზე გადაწყდება, როგორ ჩასწორდება ამა თუ იმ ქვეყნის ძალოსნების მიერ მოპოვებული სალიცენზიო ქულები.

თუ ბოლო დღეებში გავრცელებული ხმები ოფიციალურად დადასტურდა და მსოფლიო ძალოსნობის ხელმძღვანელებმა დოპინგ-სკანდალებში გახვეულ რამდენიმე ქვეყნის ნაკრებს ლიცენზიები მართლა ჩამოართვეს, რიო დე ჟანეიროს ფიცარნაგზე საქართველოს სახელით სავარაუდოდ 5 ძალოსანი გავა.

გიორგი ასანიძის გაწვრთნილი გუნდის ანგარიშზე ამჟამად ოთხი ლიცენზიაა. აქედან სამი ვაჟებში და ერთიც ქალებში. საუკეთესო შემთხვევაში ქართულ გუნდს კიდევ ერთი ლიცენზიანტი ვაჟი დაემატება.

რუსული სპორტული გამოცემების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საერთაშორისო ფედერაცია მათი ქვეყნის გარდა, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, კორეის დემოკრატიული რესპუბლიკისა და მოლდოვის ნაკრებებსაც ჩამოართმევს 2-2 ლიცენზიას, ხოლო ბელარუსს, რუმინეთსა და უზბეკეთს – თითოს.

თეგებირიო 2016
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109169